
მოსკოვს აშშ-ის ახალი ელჩის ძალიან ეშინია...
19:53:37     11-01-2012
მოსკოვს, აშშ-ის ახალი ელჩის, მაიკლ მაკფოლის, ძალიან ეშინია. კონტროლირებადი რუსული მედია ამერიკელი ელჩის „კომპრომეტირებაზე“ აქტიურად მუშაობს.
აშშ-ის უშიშროების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების ყოფილი დირექტორი, რომელიც „გადატვირთვის“ ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რუსეთს კარგად იცნობს და მის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე წიგნებიც აქვს დაწერილი. თუმცა მაკფოლი, მოსკოვში, პოსტსაბჭოთა სივრცეში „ფერადი რევოლუციების“ ყველაზე გამოცდილ „დირიჟორად“ მიაჩნიათ, დარწმუნებულები არიან, რომ რუსულ ენაზე მოლაპარაკე ამერიკელ ელჩს კარგად აქვს შესწავლილი ადგილობრივ ამომრჩეველთა ჯგუფები და მათ განწყობებზე ზემოქმედების მეთოდებიც შემუშავებული აქვს.
მოსკოვისთვის ამ ვითარებას ისიც ართულებს, რომ როგორც რუსული გაზეთები წერენ, ამერიკელი ექსპერტები ინტენსიურად მუშაობენ, რათა აშშ-ის ადმინისტრაციას, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუსეთის ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებებისათვის სერიოზული ფინანსურ-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისათვის რეკომენდაციები წარუდგინონ.
კრემლის მედია აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ „ამერიკული ზემოქმედების პროექტი“ სამთავრობო სტრუქტურებზე, მათ შორის სახელმწიფო დუმის დეპუტატებზე და ბიზნესის წარმომადგენლებზეც უნდა გავრცელდეს. ხოლო შეისწავლეს რა მაკფოლის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, იმასაც ელიან, რომ ახალი ელჩი რუსეთში ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე დიალოგისათვის სპეციალური სტრუქტურების შექმნასაც აპირებს.
მოსკოვისთვის ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა მაიკლ მაკფოლის ინტერვიუ, რომელიც მან 2011 წლის ივნისში „რადიო თავისუფლებას“ მისცა და რომელშიც განაცხადა, რომ სურს, „გადატვირთვის“ კონცეფცია დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მსჯელობაში რუსეთის მთავრობის ჩართვის საშუალებად აქციოს.
რუსეთში შიშობენ, რომ აშშ ელჩის საშუალებით აპირებს, მომავალ არჩევნებში მხარი დაუჭიროს „გარკვეულ პირებს, რომლებსაც ლიდერის თვისებები აქვთ“, ასევე, პროპაგანდისტული სამუშაოები ჩაატაროს მოქალაქეებთან, რომლებიც მოქმედი რეჟიმით უკმაყოფილონი არიან, და რაც მთავარია, ახალგაზრდობასთან, რომელიც სოციოლოგიური ცენტრების მონაცემებით, 2011 წლის დეკემბერში სახაროვის პროსპექტზე გამოსული მომიტინგეების 60% შეადგენდა.
ახალ ელჩის „სამოქმედო გეგმა“ რუსებმა თითქმის სრულად „გაშიფრეს“, რომლის მიხედვითაც მაკფოლის „რუსული მისიის“ ერთ-ერთი ამოცანა რუსეთის „არასისტემურ ოპოზიციასთან“ მჭიდრო კონტაქტების დამყარებაცაა, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევას. და აქვე მოყავთ მაკფოლის სიტყვები: „ზოგიერთი დიქტატურა უძლურია განავითაროს დემოკრატია“.
რუსეთში ამერიკის ახალი ელჩი უკვე „შეაჩვენეს“: ის არასოდეს განიცდიდა სიმპათიას რუსული სახელმწიფოს მიმართ, მან არაერთხელ ნეგატიურად განსაჯა თვით ვალდიმერ პუტინი…
პერსპქტივაში კი, მაკფოლი, შესაძლოა, პუტინის პირად მტრადაც გამოაცხადონ, თუკი პუტინს არჩევნების შედეგები მართლაც არ მოეწონება, რადგან მოსკოვი ამტკიცებს, რომ სწორედ მაკფოლმა გააჩაღა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის წარმატების ჩასაგდებად გამიზნული კამპანია ამერიკულ გაზეთებში.
მოსახლეობას „ბოროტი ელჩის“ მიზნებს ასე წარუდგენენ: შეასუსტოს პუტინის ავტორიტეტი მისი გამარჯვების შემთხვევაში, ჩააგდოს მოსკოვის პოზიციები საერთაშორისო არენაზე, ხელი შეუშალოს რუსეთის ხელმძღვანელობას გადაუდებელი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტაში.
და რაც მთავარია, მაკფოლი ის კაცია, რომელმაც „2008 წელს მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიას“. ეს „კომპრომატი“ რუსულ საგაზეთო პუბლიკაციებში ერთგვარ „დამაგვირგვინებელ აკორდად“ გამოიყურება.
შესაძლოა, მოსკოვს, მართლაცდა, ტყუილად არ ეშინია მაკფოლის?