
დავით პაიჭაძე: ახლა გამოჩნდა, ვის რა ფასი აქვს
16:38:46     11-01-2012
ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხები, სარეკლამო მომსახურებისთვისაა. თუმცა პაიჭაძე ამ ფაქტს მაინც სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ძალიან ცოტა დროა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხების ბუნებრივი დანიშნულება. „თუკი მედიასაშუალებები, რომლებაც ფული აიღეს, ამ თანხის სანაცვლოდ დაამჩნევენ შინაარსს და კვალს ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის სასარგებლოდ, მაშინ ნათელი გახდება ამ ფულის ბუნებრივი დანიშნულება. ახლა გამოჩნდა ვის რა ფასი აქვს“- ამბობს პაიჭაძე.
– რა მიზანს ემსახურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მიერ, სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის ავანსის სახით სოლიდური თანხების გადარიცხვა, ეს არის მხოლოდ სარეკლამო მომსახურებისთვის გადარიცხული თანხა, თუ ადგილი აქვს მედიასაშუალების ხელმძღვანელთა ირიბად მოსყიდვის ფაქტს?
– ამ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს სარეკლამო თანამშრომლობასთან. თუკი ვინმეს ექნება ეჭვი, რომ საქმე აქვს მედიამფლობელების ირიბად მოსყიდვის ფაქტს და ასე ძალიან ბევრი ფიქრობს, მაშინ თვალი უნდა მიადევნონ ამ მედიასაშუალებების საქმიანობას. ქალბატონმა ია მამალაძემ თქვა, რომ ის თანხის ფასად, რაც ივანიშვილის მოძრაობისგან მიიღო, გაზეთში, რომელიც კვირაში ორჯერ გამოვა, განთავსდება სარეკლამო სტატიები. ეს გაზეთში აღნიშნულიც იქნება, რომ ის არის სარეკლამო სტატია ივანიშვილისა. ეს არის მომავლის დაკვირვების და მომავლის მონიტორინგის საქმე. ახლა პირდაპირ 100%–ით თქმა, რომ ეს არის მოსყიდვა მედიასაშუალებებისა, ძალიან რთულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული მედიაზე. ისინი როგორ აღიქვამენ ამ ფაქტს. პოლიტიკური ძალთა განლაგება ისეთია, რომ თუ შენ ავლენ ლოიალობას და სიმპათიას ოპოზიციის მიმართ, აღქმის თვალსაზრისით ხდები ივანიშვილის მხარეს.
– რაც ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან სარეკლამო თანამშრომლობა დაიწყო, მას შემდეგ ამ მედია–საშუალებებში, არცერთი ჟურნალისტური გამოძიება და კრიტიკული ნიუსი არ გასულა...
– ჩემთვის ყველაზე კარგი იქნება, დავაკვირდე უახლოესი ხანი, ამ მედიასაშუალებათა სარედაქციო პოლიტიკას. მაშინ შეიძლება მნიშვნელობა დაკარგოს იმან, ეს თანხა გაწეული სარეკლამო მომსახურებისთვის არის, თუ თქვენი თქმის არ იყოს, ადგილი აქვს მედიამფლობელების ირიბად მოსყიდვის ფაქტს. მოსყიდვა კი მოსყიდვაა, გინდა ირიბად და გინდა პირდაპირ. თუკი მედიასაშუალებები, რომლებმაც ივანიშვილის ფული აიღეს, ამ თანხის სანაცვლოდ დაამჩნევენ შინაარსს და კვალს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის სასარგებლოდ, მაშინ ნათელი გახდება ამ ფულის ბუნებრივი დანიშნულება.
მე ვერ დავაკვირდები „გურია ნიუსის“ და რადიო „ჰერეთის“ მუშაობას, მაგრამ აქვეა „კავკასია“ და „მაესტრო“. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ ტელევიზიებს. ახლა რომ გითხრათ, რომ ისინი გამოირჩეოდნენ კრიტიკული პათოსით ივანიშვილის მიმართ, რა თქმა უნდა არა, თვალებს ვერ დავიბრავებთ ნამდვილად, მაგრამ აწიც საინტერესო იქნება მათზე დაკვირვება. თუ ამიერიდანაც იქნება ივანიშვილის მიმართ სიყვარულით აღვსილი სიუჟეტები და რეპორტაჟები, ვნახავთ ძალიან მარტივად და შესაბამისად ადვილი იქნება დასკვნების გაკეთებაც. დასკვნების გაკეთება ახლაც არ არის რთული, მაგრამ ჯობია ცოტა მოვიცადოთ და დაველოდოთ ფაქტობრივ მასალას.
– მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ამხელა თანხის ავანსის სახით გადარიცხვა მედიასაშუალებებისთვის უხერხულია. თქვენ ეთანხმებით ქორიძის განცხადების ამ ნაწილს?
– ზვიადის თქმის გარეშეც გასაგებია, რომ ვიღაცებს ეუხერხულათ ამხელა თანხების მიღება საკუთარ ტელევიზიებში, რადიოებსა თუ გაზეთებში, რადგან დამალეს მათ ეს ინფორმაცია. ნინო ჯანგირაშვილი, რომელთანაც მისული იყო „რუსთავის 2“–ის ჟურნალისტი, თავიდან იცილებდა კითხვაზე პასუხს, მიიღო თუ არა ივანიშვილის დაფინანსება. ის თავის კამერითა და მიკროფონით ცდილობდა შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის არიდებას. მეორე დღეს კი, როდესაც კონტროლის პალატამ, გამოაქვეყნა ანგარიშის დოკუმენტი, ჯანგირაშვილმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია. თუკი მეორე დღეს პრობლემას არ წარმოადგენდა იმის თქმა, გნებავთ აღიარება, რომ ივანიშვილმა ჩარიცხა ფული რეკლამისთვის, რატომ იყო ეს უხერხული პირველ დღეს? როგორც ჩანს, მთლად ასე კარგადაც არ არის საქმე და საუხერხულოა მათთვის, თვით ჯანგირაშვილისთვისაც კი.
– ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ორ თვეში, სულ, 17 მილიონი დახარჯა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსის სტატუსის მქონე ივანიშვილი სოლიდურ თანხას ხარჯავს თავის რეიტინგის ასაწევად. თქვენი აზრით, მიიღო მან ეს შედეგი, თუ უბრალოდ მისი ფულის მეშვეობით ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა „მოითბო ხელი“?
– ამ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა იქნება სუბიექტური. მე ვერანაირად ვერ გამოვდგები ივანიშვილის რეიტინგის გამნსაზღვრელად ან დამთვლელად. მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული წარმოდგენა ამ ადამიანზე და რამდენიც არ უნდა ხარჯოს ივანიშვილმა ფული, მე ეს წარმოდგენა არ მეცვლება. ბუნებრივია, სულ სხვაა გამოკითხვა მასებში და იმის გარკვევა - რეალურად, ფულის ხარჯვის ადეკვატურია თუ არა მისი რეიტინგი. თუმცა ბადრი პატარკაციშვილის დროსაც არ ყოფილა ასე. მასაც ეუბნებოდნენ, რომ ბითუმად იყიდება ოპოზიციაო, მაგრამ მაშინ კონკრეტული თანხები არ ჩანდა, ახლა ჩანს. ახლა გამოჩნდა ვის რა ფასი აქვს.