ახალგაზრდა პოეტებს არ ავიწყდებათ პოეტი ზურაბ გორგილაძე

  15:27:23     11-01-2012

2011 წლის დასასრულს პოეტებს, ვისთანაც დაკავშირება შევძელი, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით (ტელეფონით, ინტერნეტით), შევთავაზე გამოგვექვეყნებინა მათი საახალწლო მილოცვა მკითხველისადმი და შესაბამისი შინაარსის რამდენიმე ლექსი.

უნდა გითხრათ, რამდენიმე ადამიანმა არც მიპასუხა, ალბათ ვერ მიიღო ჩემი გზავნილი... ისე, ამგვარი რამ უკვე რამდენჯერმე შემემთხვა, სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, გალაკტიონი რომ ცოცხალი იყოს, გაუხარდებოდა მისი გენიალური ლექსების კიდევ ერთხელ გამოქვეყნება, ნებისმიერ სალიტერატურო გაზეთში თუ გამოცემაში. ლექსი ხომ გამოქვეყნებისათვის იწერება, პოეზია კი ხალხის საკუთრებაა, მკითხველისათვისაა განკუთვნილი. არა მგონია, ახლანდელ ქართველ პოეტთაგან ვინმე ფიქრობდეს, „პოეზია პოეზიისთვისააო“.

ხასიათი გამომიკეთა ორმა ახალგაზრდა, თუმცა, უკვე ცნობილმა პოეტმა, გენრი დოლიძემ და გიორგი გაბაიძემ. მათ, ორივემ ერთდროულად, ცალ-ცალკე შემომთავაზეს ქართველი მკითხველისათვის ახალი წელი მიმელოცა აწ გარდაცვლილი ცნობილი პოეტის, ზურაბ გორგილაძის ლექსით „ახალ წელს“. ორივემ გამომიგზავნა ეს ლექსი ელექტრონული ფოსტით, როგორც ვთქვი, ერთდროულად, თითქოს შეთანხმებული არიანო:

ახალ წელს

უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოს
სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი,
ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავ
მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი.

უმაღლეს, უაღრეს, უნაღდეს ხალხს ქართველს,
მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა,
მის მაღალ ოცნებას, მის ზევსურ მოწყენას,
მის თავს და მოსწრებას მხურვალედ ვულოცავ.

ბრძენსა და გამგებელს, უხვსა და მოწყალეს,
მის ჩანგს და საჭრეთელს, მის გრდემლს და უროსა,
მის თორს და ტყავკაბას, სახნავს და საკაფავს,
მის ყველა კარგ ამბავს მხურვალედ ვილოცავ.

ჩვეულ ორნამენტებს, კავებს და კარედებს,
სულ სალოლიავო და საგუგუნო ცას,
ახალ ფშავ-ხევსურეთს და სოფლებს მესხურებს,
მის მეკვლე-მეგზურებს ვულოცავ, ვულოცავ.

დახანჯლულ მხარმკლავებს, დაშაშრულ ტორაღებს,
მის სარაინდოს და საუფლისწულოსა,
კახეთით, კოლხეთით წამოსულ ფერხვავებს,
მათ ხელს და ხელხვავებს მხურვალედ ვულოცავ.

მის ყველა კაი ყმას ხარივით მივბღავი,
ვდგავარ გონიოსთან, სარფთან თუ ხულოსთან,
დიდქართულ ტვირთებით დადრეკილ დიდბიჭებს,
მის ბონდოს, მის ბაკურს, მის თენგიზს ვულოცავ.

შატბერდთან, ხახულთან, პარხალთან, ტაოსთან,
ჩვენს ძველ სამზეოსთან, ჩვენს ძველ სარჯულოსთან,
კვლავაც, რომ ბალღები ქართულად მღერიან
იმ ქართულ სიმღერას, იმ ბალღებს ვულოცავ.

სულ მაღლა და მაღლა აღანთე ჩოგანი
და კვლავაც ხამს დაბლა შემოჰკარს რბილოსა,
ჩემო მარჩენალო, ჩემო დამმარხავო,
ხალხო და ქვეყანავ, გილოცავ, გილოცავ!

მისასალმებელია, რომ ადამიანი, პოეტი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოეზიის სამყაროში მოგზაურობს, უკანა პლანზე გადასწევს თავის ინტერესებს (თავის ლექსების გამოქვეყნებას) და სხვა პოეტის, აწ გარდაცვლილი ადამიანის ლექსის გამოქვეყნებას გთავაზობს. რასაც დღეს დიდი სიამოვნებით ვუსრულებ კიდეც გენრი დოლიძესა და გიორგი გაბაიძეს.

იქვა გამიჩნდა იდეა გაგვეხსენებინა პოეტი ზურაბ გორგილაძე. დღეს, მის რამდენიმე ლექსს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს (ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებასაც არ დავივიწყებთ).

ზურაბ გორგილაძე დაიბადა 1937 წლის 5 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ გორგილაძეებში.
იქვე მიიღო დაწყებითი განათლება. შემდეგ დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის  ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1961 წელს.

შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.

1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ ,,ჭოროხის’’ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე 1992-94 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1961 წელს გამოვიდა პირველი წიგნი ,,ნედლი სალამური”.

პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი.
ზურაბ გორგილაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ზურაბ გორგილაძე გარდაიცვალა 2006 წლის 8 აპრილს...

კოხტა კოლხი

პიპას, ჩემს ძმას - პიპას

ორსანტიას,
ქარტიას,
ქაფატსა და მარტვილს
თავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი.
აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთა
ენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა.
და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან,
მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა.
"არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებს
და არც დააბიჯო,
ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!"
წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით,
მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი.
კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს,
დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტე
და მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს,
ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე.
"კანჭა კვიცზე გადევნებას,
ჩვენ მოგვხედო გიჯობს,
ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!"
წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს,
მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე...
ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით...
მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის.
როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა -
ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა.
ბონდოია მიდის, მიდის...
და კოლხეთის ველზე,
ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს.
და მე მესმის
და მე ვიცი
და უღმერთოდ მჯერა,
როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას,
აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში,
მტერს ჩქამიც რომ დაღავს,
ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს.

ხატიმამული

ხალა!... ეს ჩემი ხატიმამული,
ლოდზე ჯვარი და მზე,
გზებზე ატმების აბდგიალება
კვირტში ჩიტების რძე.
ვენახის ბური და მხურვალება
გადაბუგული მთებს,
ჩემი წინაპრის ცხელი თვალებით
გამგელებული მდევს.
კლდეებზე ლღვება მღვრიე ჯაჭვები
კორდებს სიმწვანე სწვავს
და გულფოთოლას ციცქნა ჭაჭვები
მე მიგროვებენ ცას.
ქარის საქროლის ლურჯი კლდეკარი,
ბალღურ სიწმინდეს მთხოვს,
ქუსლში ამ ღელის ღვივის ეკალი,
სულში ვაშლები თოვს.
იქ, საფორჩხელას ჩონჩხლო ჯაგებში
ხვართქლი ხვართქალებს სულ,
გულს გადავარდნილს სიყრმის ბანგებში
ჩემთან მორბენა სურს...
მაგრამ შორია... ო რა შორია
ის გულიცა და დღეც,
მაინც, შენს იქით არ მიცხოვრია,
ჩემო სურნალას ტყევ.
რა დრო გასულა... მაინც იმ დღეთა
მნათლავს წმინდანი ცა,
თავი მეხუთე კლასში მგონია
და ერთ შავრახტას ვჭამ.
მემედ ბატონის თბილი თითები
ყურებს მაღლეტენ კვლავ,
ახლაც ალგებრის გაკვეთილი მაქვს
და უნიჭობა მკლავს!
ლაშეს ღელეში ისევ ნისლია
და გამოფრენა მზის,
სადალაქოსთან ხუსნი ბიძია
ისევ ისეთი ზის.
კახიძეების მჭახე ვაშლები
ისევ მკვეთავენ კბილს,
ვიხსენებ ცრემლით და გაბავშვებით
ტკბილს, მწარესა და ტკბილს.
ოჰ, თქვენთან დარჩა ჩემი ბავშვობა
სულ პირტიტველი წლის
და, სამუდამოდ გადადებული
ბოლო გამოცდა ძმის.
მემედ ბატონის თეთრო თითებო,
მომიალერსეთ კვლავ,
ახლაც ალგებრის გაკვეთილი მაქვს
და უნიჭობა მკლავს.
 
ოცნების ქოხებს

ჩემი ოცნების ქოხებს,
მთვარის ვახურავ ყავარს,
ვსვამ გემრიელს და ოხერს
ჯოჯოხეთივით ყავას.
დროს გრძნეულივით ვსინჯავ,
რომ სასწაული ვნახო
და ფაიფურის ფინჯანს
ძველი რომივით ვამხობ.
მონას, მეფეს თუ ბელადს,
შვენით მგოსნების ალყა,
სახრჩობელაზე ყველა
დროის ნერონი ამყავს.
მუზის უბადლო ცაო,
შენც აგამაღლა დრომა,
დიდი მადლობა ძმაო,
ფიქრის უფლება რომ მაქვს.

ვხუჭავ თვალებს და... ვბედავ
ასე რას უნდა გავხდე,
რა ეშველებათ ნეტავ
ფიქრში დამხობილ ტახტებს.