დიმიტრი მაჩხანელის (ნადირაძის) „პოეტის ლოცვა“ (დაბადების დღისადმი)
15:26:46     11-01-2012
1861 წლის 11 იანვარს, სოფელ ქვემო მაჩხაანში, დაიბადა ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი დიმიტრი მაჩხანელი (ნამდვილი გვარი ნადირაძე)
დიმიტრი მიხეილის ძე მაჩხანელი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული, „ახალი სიზმარი“ გამოსცა 1880 წელს, მეორე, „სიტყვის კონა“ 1881 წელს. იყო „ივერიის“ თანამშრომელი, პედაგოგი, სკოლების, ბიბლიოთეკებისა და გლეხთა ამხანაგობების ორგანიზატორ-დამაარსებელი.
დიმიტრი მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". აქვეყნებდა "თერგდალეულის", "მთადიდელის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა).
დიმიტრი მაჩხანელი გარდაიცვალა 1903 წელს ქვემო მაჩხაანში.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ მის ლექსს „პოეტის ლოცვა“. ამ ლექსში კარგად ჩანს მაჩხანელის, როგორც პოეტისა და ადამიანის კრედო, მისი დამოკიდებულება პოეზიის დანიშნულებისადმი, მისი კეთილშობილი ბუნება, სიბრძნე. ამ ლექსს რომ ვკითხულობ, მახსენდება ბიბლიური სოლომონ მეფე, რომელმაც უფალს სიბრძნე, „გული გულისხმიერი“ სთხოვა.
პოეტის ლოცვა
შენ გევედრები, ზენარო
ცა და ქვეყნისა მფლობელო,
დამბადებელო ყოვლისავ,
ყველას შემტყობო, მგრძნობელო,
არ შესაძლისის შემძლებო,
ძალო სიბრძნისა მშობელო,
ნუ მომკლავ უდრო-უჟამოდ,
უკვდავებისა მპყრობელო.
შენ უკეთ უწყი, ზენარო,
სიცოცხლის გაგრძელებასა
მისთვის არა გთხოვ - ვკარგავდე
ლხინსა და მოსვენებასა;
მე, სიყრმიდანვე ბეჩავი,
ჩვეულვარ მწუხარებასა,
ადრე მოუკვდა იმედი
გულის წადილს და ნებასა.
გულს შავი ნისლი აწვება
შავი სევდისა ზღვისანი,
შავად მეჩვენა ქვეყანა
და ბნელად სხივნი მზისანი.
ღამდება, ტურფად ენთიან
მაღლა ვარსკვლავნი ცისანი,
ყველა ისვენებს, მე ღამეც
ცრემლი მდის შავი დღისანი.
მაგრამ, მე მაინც, გამჩენო,
კვლავ გევედრები სულითა:
ნუ მომკლავ უდრო-უჟამოდ,
ფიქრის ზღვა დამაქვს გულითა,
მინდა აღმოვსთქვა იგი ზღვა
ზეგარდმო სასწაულითა
და აღარ ვიტანჯებოდე
აღარსად მისგან სულითა.
მინდა მოძმისა ვარამი
შევჩივლო ხალხსა ღვთიანსა,
გული ავუნთო ცოდვითა
გულ-ქვას, რეგვენს და ჭკვიანსა.
წამლად დავედვა დაჩაგრულს
საწყალს და ნამუსიანსა,
სიტყვის შხამ-გესლი შევასვა
მშურსა და ღალატიანსა.
მინდა ვებრძოლო მხეცობას,
ვადიდო სიბრალულია,
ძილი დავუფრთხო ქვეყანას,
ავუმღელვარო გულია,
ისე ვიტყოდე სათქმელსა,
ტანჯვაში განსწავლულია,
რომ ეშმაკმაც კი ისწავლოს
კეთილის სიყვარულია,
მე, ყველა ამას, უფალო,
შენა გთხოვ, შენგან ველია;
გონს სიბრძნის ძუძუს ვაწოვებ,
შენ გამინათე ბნელია,
სხვა არა მინდა, ძლიერო,
ყველა ფუჭი და ჭრელია,
„ჭკვის უკეთესი საქონლად
არარა საქონელია“.
მომეცი ნიჭი სიბრძნისა,
რომ გული ცეცხლებრ ღვიოდეს,
და ჩემსა ენა-კალამსა
მარგალიტები სცვიოდეს,
ვინც კი ამიღოს საკითხად -
გულში ბევრს რასმე ჩიოდეს,
მტირალი იღიმებოდეს,
მოცინარს ცრემლი სცვიოდეს.
რა როცა ჩემსა ფიქრის ზღვას
გამოუჩნდება გზანია,
როცა მის კვალსაც დაიჩნევს
ამ სოფლის დრო და ხანია,
როცა ერთმანეთს უძმობენ
მგელნი, ცხვარნი და თხანია -
მაშინ კი მომკალ, ზენარო,
აღარ ჩამყვება ნანია!