ქართული იარაღის ოსტატები
12:24:29     11-01-2012
საქართველოში მეიარაღეობს ისეთივე დიდი ისტორია აქვს როგორც თავად საქართველოს. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი თავისი არსებობის მანძილზე არ შეუწყვეტია ბრძოლა გადარჩენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისათვის, ამ პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ქართველებს გაგვაჩნია მახვილის (ხმლის) ფლობის ხელოვნება, ხევსურული ფარიკაობა, ანუ ქნევა-ფარება, რომელიც იაპონურ კენ-დოს არც ფილოსოფიით, არც რაინდულობით, არც ტექნიკით, არც სილამაზით და არც სიძლიერით არ ჩამოუვარდება; ამის დასტურად შეიძლება ერთი ისტორიული მაგალითი მოვიყვანოთ:
ისტორიულ ფაქტია, როცა ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს ფაქტი ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ალბათ ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მე-19 საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ეს უკანასკნელი თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმ ხანად, რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად თვალწინ შემდეგი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა “პრესტიჟის” ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისაკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ოთხად გაჭრილა. ბოლოს და ბოლოს ლიქოკელი ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ (?!), მაგრამ ერთი უბრალო ხევსური გლეხის ფარიკაობაში ამგვარი გაწაფულობა, ალბათ საყურადღებო ფაქტია…”.
“armada.ge”