
ჯორჯ სოროსი ევროპას „დრაკონული ეკონომიკის“ ხანაში შესვლას უწინასწარმეტყველებს
22:57:19     10-01-2012
2012 წელს, ევროპას, ეკონომიკურ კრიზისს ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსიც უწინასწარმეტყველებს. სოროსის შეფასებით, ევროპის ეკონომიკას ნეგატიური დეფლაციის ციკლი იმის გამო ელის, რომ ევროზონის წევრი ქვეყნები საბიუჯეტო სახსრების მრავალჯერად შემცირებას, ვალების კრიზისის გადალახვის მიზნით ცდილობენ.
მისი თქმით, ფინანსური სისტემის შენარჩუნებისთვის, უახლოეს მომავალში, ევროპას “დრაკონული ეკონომიკის” ხანაში შესვლა მოუწევს.
სოროსის განცახდებით, ამჟამინდელი ფინანსური კრიზისი, რომელიც გლობალურ ეკონომიკას დიდ საფრთხეს უქმნის, იმის გამო დაიწყო, რომ რიგმა ქვეყნებმა მოისურვეს დაკრედიტების კომერციული სისტემა სახელმწიფო სისტემით შეეცვალათ.
“სახელმწიფო ვალის ნორმის ზემოთ გამოყენებამ, ვალების ბაზრის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა”, - აცხადებს სოროსი.
სოროსის მსგავსად, ეკონომიკურ სირთულეებზე, ევროპელი ექსპერტების პარალელურად, შეფასებებს თავად ევროპელი ლიდერებიც აკეთებენ, რის გამოც, 2012 წელი ევროპაში ფინანსური პრობლემების გადაჭრის წლად გამოცხადდა. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პროგნოზით, ევროპისთვის მწარე გამოცდები გაგრძელდება, თუმცა, კრიზისმა ევროპა უფრო ერთიანი გახადა, ვიდრე ოდესმე იყო. ეკონომიკურ გამოწვევებზე, მერკელის მსგავსად, საუბრობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და იტალიის პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო. ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ კრიზისი არ დასრულებულა, მაგრამ ევროპელების მიერ გაღებული მსხვერპლი, მომავალ წლებში, აუცილებლად სასიკეთო შედეგს გამოღებს.
ევროკავშირის ლიდერების საახალწლო წინასწარმეტყველებები წამყვანი ეკონომისტების პროგნოზებს დაემთხვა, რომლებიც 2012 წლის პირველ ნახევარში, ახალ რეცესიას ელოდებიან. მათი განცხადებით, 2012 წელს ევროპაში მოსალოდნელია წარმოების ვარდნა და ზრდის ტემპების შემცირება.
ამასთან, ეკონომისტები რჩევას დიდი ბრიტანეთს აძლევენ და აცხადებენ, რომ ვინაიდან, ევროპას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება, ბრიტანეთმა ექსპორტი უნდა გაზარდოს და ამ ნიშნულმა 40 პროცენტს უნდა მიაღწიოს.
ამას გარდა, ექსპერტები აქტიურობისკენ პოლიტიკოსებსაც მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ევროპა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ამიტომ, გამოსავალზე ყველამ ერთად უნდა იფიქროს.
ექსპერტებისა და ევროპელი ლიდერების მიერ, შეფასებებისა და პროგნოზების გაკეთებაში, გამოსავალს მოსახლეობა ვერ ხედავს, რის გამოც, ახალი წელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციებით აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ევროპისთვის კიდევ ერთ სირთულეს, საბერძნეთი წარმოადგენს. საინვესტიციო კომპანია “გრანდის კაპიტალის” ანალიტიკოსები, საბერძნეთის ევროკავშირიდან გარიცხვას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, 8-9 იანვარს გამართული გერმანულ-ფრანგული სამიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა მზადაა, ყველა ღონისძიება გამოიყენოს, რათა საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს, თუმცა, მსგავსი განცხადებები გარკვეულწილად განსხვავდება იმათგან, რომელიც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ისმოდა.
“ევროზონის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ საბერძნეთი კავშირიდან გარიცხონ, ინვესტორები კი სიტუაციის ამგვარად განვითარებისთვის მზად არიან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პროცესები იმპულსებს მიმდინარე წლისთვის შეიძენს. რაც შეეხება საბიუჯეტო პაქტს, რომელიც სრულად უნდა იქნას მოწონებული მაქსიმუმ, მარტისათვის, როგორც მერკელმა აღნიშნა, იგი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ დოკუმენტს უკვე ევროკავშირის სამიტისთვის მოეწეროს ხელი, რომელიც 30 იანვრისთვისაა დაგეგმილი. გარდა ამისა, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, შემოიღონ გადასახადი ფინანსური ტრანზაქციებისთვის”, - აცხადებენ ექსპერტები.
გაურკვეველია, ევროპულ ეკონომიკას რა ბედი ელის, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა, ევროპას საბედისწერო დაღი დაასვა.