
ვის ჯიბეში მოხვდა ოლიგარქ ივანიშვილის ფული საახალწლოდ
22:50:47     10-01-2012
იმ რაოდენობის პოლიტიკური ფული, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ პარტიებსა და მედია-საშუალებებში დატრიალდა, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. პრემიერ-მინისტრობის მსურველ ბიძინა ივანიშვილს ,,მეცენატობა’’ დაავიწდა და უხვად არიგებს წყალობას იმ პოლიტიკოსებისა და გამოცემებისთვის, რომელთა რეიტინგი, მიუხედავად ჩარიცხული მილიონებისა, თითქმის ნულის ტოლია.
აღნიშნული თანხები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რომ დაერიგებინა, იქნებ ივანიშვილის რეიტინგი მეტად გაზრდილიყო, მაგრამ შეცდომებით სავსე მის პოლიტიკურ კარიერაში, ფსონი ნულოვანი რეიტინგის პოლიტიკოსებსა და გამოცემებზე კეთდება.
როგორც, ცოტა ხნის წინ, პროკურატურის მიერ, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილისთვის გაგზავნილი დოკუმენტით გაირკვა, ივანიშვილის ათეულობით კომპანიას, ოთხი პოლიტიკური პარტიისთვის მილიონ ასი ათასი ლარი ჰქონდა გადარიცხული. როგორც ჩანს, ივანიშვილი კვალის არევას ასე ცდილობს და ზოგს მისი სოკოებივით გამრავლებული სხვადასხვა დასახელების კომპანიების, ზოგს ‘’ქართული ოცნების” ზოგს კი სულაც ფიზიკური პირის ხელით ურიგებს ასეულ ათასობით ლარს. დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი ტრანზაქციის შესახებ. კონტროლის პალატის ინფორმაციით: რეპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა ერთი თვის განმავლობაში 20 000 ლარი აიღო. 20 000 ლარი ხვდა ივანიშვილისგან თედო ჯაფარიძესაც.
შედარებით დაბალანაზღაურადები აღმოჩნდნენ დავით ზურაბიშვილი და ვლადიმერ სანიკიძე. მათ ივანიშვილმა 10 – 10 ათასი ლარი აკმარა. საზოგადოებრივი მოძრაობა ‘’ქართული ოცნების’’ მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში კი ნათლად ჩანს, თუ როგორ ხარჯავს მილიონებს ბიზნესმენი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ‘’ქართული ოცნების’’ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 6 და 8 დეკემბერს, ‘’ქართულმა ოცნებამ’’ ‘’თბილისი ივენთ ჰოლს’’ ქირავნობის საფასური 2 000 და 8 000 ლარი გადაუხადა. ამავე რიცხვებითაა დათარიღებული ‘’თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის’’ გამოყოფისთვის გადახდილი 10 840 და 43 360 ლარი. პრეზენტაციის გავრცელების მიზნით დროის გამოყოფა ‘’საქართველოს რეგიონალურ რადიოსადგურთა ქსელისთვის ‘’ქართულ ოცნებას’’ 9 დეკემბერს 20 340 ლარი დაუჯდა.
ამავე დღეს, ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის ტელევიზია ‘’კავკასიას’’ გადაერიცხა 30 000 ლარი, ეს მაშინ, როცა 30 000-ად დავით აქუბარდია სხვა ნებისმიერ პირს სამი დღე დაუთმობდა ტელევიზიას, მაგრამ ივანიშვილისთვის ყველაფერი ძვირი ღირს, მიტუმეტეს, რომ მას ამ თანხების გადახდა თავადაც ანიჭებს სიამოვნებას. გაზეთმა ‘’რეზონანსმა’’ 2 400 ლარი იკმარა 13 დეკემბერს გაწეული სარეკლამო მომსახურებისთვის. ამავე დღეს, შპს ‘’ოპტიმა გრუპს’’ ‘’ქართულმა ოცნებამ’’ 1 200 ლარის საწერი კალმები დაამზადებინა. ტელეკომპანია ‘’თრიალეთს’’ 13 დეკემბერს, პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის, გადაერიცხა 10 000 ლარი. სპეც აპარატურით მომსახურება ‘’ქართულმა ოცნებას’’ 3 312 ლარი დაუჯდა. შპს ‘’ახალ ამბების’’ ფოტო- მომსახურება კი - 1 416 ლარი. შპს ‘’ახალი ამბების სააგენტო კაუკაუსნიუსის’’ საინფორმაციო მხარდაჭერა - 1 987 ლარი. ამავე დღეს, ტრანსლაციის უზრუნველყოფა შპს ‘’რადიოცენტრი პლუსისგან’’ - 2 110 ლარი. ’’ქართულმა ოცნებამ’’ 21 დეკემბერს 100 ბოთლი კონიაკი ‘’სარაჯიშვილი’’ შეიძინა, 11 000 ლარად, რომელიც ალბათ ივანიშვილის გარემოცვამ დააგემოვნა ისე, რომ არ გახსენებიათ ‘’ლეიბორისტ’’ ნათელაშვილის ‘’შემონათვალი’’: საახალწლოდ სოციალურად დაუცველებს 300-300 ლარი დაურიგე თუ გინდა თავი დაგანებოო. შპს ‘’გეოჰოტნიუსში’’ პრესრელიზის გავრცელებაში 600 ლარია გადახდილი 22 დეკემბერს, ეს მაშინ, როცა ასეთი მაღალი ტარიფი არცერთ ცნობილ სააგენტოს არ აქვს, არათუ ‘’გეოჰოტნიუსს’’, მაგრამ ივანიშვილს აქვს და იხდის, ვინ იცის, როდის დასჭირდება მედია-საშუალებების მხარდაჭერა, მიტუმეტეს რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ვერცერთი ტელეარხი ვერ იყიდა. სხვათაშორის, ტელეკომპანიების მფლობელებმა, როგორც ჩანს, ჭკუა იხმარეს, ტელევიზიაც შეინარჩუნეს, ოლიგარქი კი იმ თანხებს, რომელიც კომპანიის გაყიდვით უნდა მიეღოთ, მაინც უკუჭავს ჯიბეში. ‘’ტელეარხ - 25’’-ს მოკრძალებული მადა ჰქონია, მან ტრანსლაციის უზრუნველყოფაში, 22 დეკემბერს, ოლიგარქის ოცნებას - 663 ლარი გამოართვა. სამაგიეროდ, შპს ‘’ახალი ამბების სააგენტო კაუკაუსნიუსს’’, საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, 23 დეკემბერს, 1 986 ლარი გადაერიცხა. 17 381 და 2 525 ლარი დაუჯდა ‘’ქართულ ოცნებას’’ პროფესიონალური ტექნიკის შეძენა შპს ‘’ვიდეოსკოპისგან’’. 26 დეკემბერს, ერთჯერად სპეციალურ გამოცემაში, ‘’ქართულმა ოცნებამ’’, შპს ‘’საგამომცემლო ცენტრ საერთო სიტყვას’’ გადაუხადა 14 000 ლარი. შპს ‘’ბურჯისთვის’’ ამავე დღეს ფარდებისა და მაისურების შესაძენად გადარიცხულია 2 652 და 11 531 ლარი. 29 დეკემბერს შპს ‘’რე-ანიმატორს’’, სატელევიზიო ვიდეო რგოლისთვის ივანიშვილმა 17 630 ლარი უწყალობა.
‘’ქართულმა ოცნებამ’’ ხელფასები 29 დეკემბერს გასცა. თანამშრომელთა სახელფასო თანხამ 145 105 ლარი შეადგინა. ამავე დღეს შპს ‘’ჯი-თი მოტორსისგან’’ მიკროავტობუსები უქირავებია ‘’ქართულ ოცნებას’’, რაშიც გადახდილია 264 430 ლარი. საინტერესოა, სად გადაადგილდებოდნენ და რა რაოდენობით ივანიშვილის დამქაშები, რომ კოლოსალური თანხები დასჭირდათ მიკროავტობუსების დასაქირავებლად. ამავე დღეს, ‘’ქართულმა ოცნებამ’’ შპს ‘’თქვენი პარტნიორისგან’’ შეიძინა 150 420 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები. შპს ‘’სტატიო’’-სგან კი 30 000 ლარის ჰიგიენური და ქიმიური პროდუქცია. როგორ ჩანს, ბევრი ვინმე ყავთ მოძრაობაში დასაბან-გასასუფთავებელი. ივანიშვილს წერა რომ უყვარს მოგეხსენებათ, ამიტომ მისი ‘’ქართული ოცნება’’ მხოლოდ საოფისე ქაღალდში 15 250 ლარს უხდის შპს ‘’ალზირას’’. 21 600 ლარის საწვავი, პრემიუმ ავანგარდი, შპს ‘’უნიგრუპისგან’’ შეუძენიათ. ‘’ელიტ ელექტრონიქსისგან’’ კი საახალწლოდ, 30 ცალი ტელევიზორია შეძენილია 12 143 ლარად. სატელევიზო ვიდეორგოლისთვის, ისევ შპს ‘’ რე-ანიმატორისთვის’’ ‘’ქართულ ოცნებას’’ გადახდილი აქვს 72 370 ლარი. შპს ‘’ელიტა-ბურჯისგან’’ ქართულმა ოცნებამ 29 დეკემბერს 2 მილიონის სხვადასხვა საქონელი შეიძინა.
‘’რადიო უცნობს’’, რომელიც ასევე ვერ დაიკვეხნის რეკლამების სიმრავლითა და მაღალი ტარიფებით, 29 დეკემბერს, ‘’ქართულმა ოცნებამ’’ საქმიანობის რეკლამირებისთვის გადაურიცხა 31 400 ლარი. იგივე თანხა, იგივე საქმიანობისთვის გადაერიცხა ‘’რადიოცენტრ პლუსს’’. ტელეკომპანია ‘’კავკასიას’’ სარეკლამო რგოლების განთავსებაში 147 892 ლარი გადაერიცხა 29 იანვარს, მაშინ, როცა 147 000 ლარი, ალბათ ამ ტელევიზიის მთლიანი ღირებულებაა, ამით თუ აიხსნება, ჯანგირაშვილი დოინჯებით რომ იგერიებდა ჟურნალისტებს და ივანიშვილის მიერ გადარიცხულ თანხაზე საუბარს გაურბოდა. ‘’ჩოხატაურის მაცნეს’’ ალბათ 54 150 ლარი არსებობის მანძილზე არ უნახავს, 2011 წელი ‘’ქართული ოცნების’’ რა გითხრათ, მაგრამ ბევრი სხვა მედიასაშუალებისავით ოცნებების ასრულების წელი ყოფილა, რადგან ივანიშვილმა მათ, საქმიანობის რეკლამირებაში 54 150 ლარი გადაუხადა. გაზეთ ‘’რუსთავის ამბებს’’ კი - 7 875. სტუდია ‘’მაესტრო’’ ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა. თუმცა აბა სხვა ვინ ასაუბრებდა ოლიგარქს ასე ტკბილად ფსიქოანალიზზე? ამიტომაც ივანიშვილმა სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის სტუდია ‘’მაესტროს’’ - 195 621 ლარი გადაუხადა. წლის ბოლოს, შპს ‘’ბურჯში’’ შეძენილია 3 058 692 ლარის სხვადასხვა საქონელი. შპს სამაუწყებლო კომპანია ‘’ჰერეთს’’ სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის საახალწლოდ გადაერიცხა 83 261 ლარი. პრეზენტაციის რეჟისურაში ივანიშვილმა 8 403 ლარი გადაიხადა. ტელეკომპანია ‘’მაესტრო’’ - ‘’კავკასია’’ – ‘’თრიალეთის’’ შემდეგ, თუ სხვადასხვა ხარჯებს არ გავითვალისწინებთ, ივანიშვილს ყველაზე ძვირი ფეხბურთელ კალაძისგან ეროვნული ნაკრების დატოვების ყიდვა დაუჯდა. 2011 წლის ბოლოს ‘’ახალი კაპიტალისგან’’ წილის ნასყიდობაში ‘’ქართულ ოცნებას’’ 4 200 000 ლარი, ხოლო ‘’ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელისგან’’ - 3 600 000 დოლარი აქვს გადახდილი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს კიდევ არ არის სრული ნუსხა - თუ რაში და ვის უხდის ფულს ოლიგარქი, ვინაიდან მისი სოკოებივით გამრავლებული კომპანიები და თავსდახვეული ფიზიკური პირებიც აწარმოებენ თამასუქების გაცემას. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ‘’ალია ჰოლდინგში’’ ამავე ჰოლდინგის მიერ გამოქვაყნებული ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ფული გამოცემას ივანიშვილის მარჯვენა ხელმა - ირაკლი ტრიპოლსკიმ ჩაურიცხა.