
4 თებერვლის მსვლელობა მოსკოვში, სსრკ-ის „რღვევისკენ მიმავალ“ ერთ-ერთ მარშრუტს გაიმეორებს
20:40:58     10-01-2012
მიტინგი „სამართლიანი არჩევნებისთვის“ 1990 წლის მარშრუტს გაიმეორებს.
ეს ის გზაა, რომელიც 22 წლის წინ ასობით ათასმა ადამიანმა გაიარა. ისინი კონსტიტუციის იმ მუხლის შეცვლას მოითხოვდნენ, რომელიც კომუნისტური პარტიის პოზიციებს ამყარებდა და მიაღწიეს კიდეც შედეგს.
აქცია მოსკოვში, რომელიც კრემლს ძალიან ცუდ ასოციაციებს აღუძრავს, 4 თებერვალსაა დაგეგმილი.
„ამ მარშრუტს პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 22 წლის წინ, 1990 წლის 4 თებერვალს ამ გზაზე ისტორიული მსვლელობა მოეწყო, რომელიც მანეჟის მოედანზე, მილიონიანი მიტინგით დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, გაუქმდა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ხელისუფლებაში მონოპოლიას აძლევდა“ - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
საორგანიზაციო კომიტეტი აქციის ჩატარების სხვა ვარიანტებს არ განიხილავენ, - მიუხედავად იმისა, რომ მერიამ, შესაძლოა, განაცხადში დასახელებულ მარშრუტზე უარი თქვას. მით უფრო, რომ პუტინის მხარდამჭერ მოძრაობა „ნაშის“ უფლება მისცეს ლენინის პროსპექტი რამდენიმე საათით გადაეკეტათ.
ოპოზიცია განაცხადის შეტანას 20 იანვარს აპირებს. ძველ ლოზუნგებს კი, შესაძლოა, ახლებიც დაემატოს, თუმცა არა იმის გამო, რომ ბალოტნაიაზე წამოყენებული მოთხოვნებიდან რომელიმე ერთი მაინც შესრულდა.
არ გადაუყენებიათ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არ გაუუქმებიათ დუმის არჩევნების შედეგები და არ დაუნიშნავთ ახალი არჩევნები, არ გაუთავისუფლებიათ პოლიტპატიმრები. თუმცა ეს მოთხოვნები ერთგვარ, საბაზისო მოთხოვნებად დარჩება და არ შეიცვლება.
4 თებერვლის მიტინგის ორგანიზატორებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ აქცია მასობრივი იქნება.
„ეს შეუქცევადი პროცესია. არაპროფესიონალებმა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, უფრო მეტი ხალხი მოვა, ვიდრე წინა მიტინგზე იყო“ - აცხადებს ოპოზიცია.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საახალწლო დღეების შემდეგ, საპროტესტო მუხტი შესუსტდება. სწორედ სადღესასწაულო დღეებში შესთავაზა კრემლმა ოპოზიციას დიალოგი, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკება და დიალოგი მხოლოდ ერთ საკითხზე შეიძლება შედგეს და ეს „ხელისუფლების კაპიტულაციაა“.
კაპიტულაციას კი არავინ აპირებს. უფრო მეტიც, შესაძლოა, ოპოზიციას მალე საერთოდ, მიტინგის ჩატარების უფლებაც აღარ ჰქონდეს. დიმიტრი მედვედევმა აქციის ჩატარებაზე „ლიცენზიის“ გაცემის ფუნქცია თავად შეითავსა და უკვე მოაწერა კიდეც ხელი შესაბამის ბრძანებას, რომელიც წითელ მოედანზე, ვასილევსკის დაღმართსა და ალექსანდროვის ბაღთან აქციის ჩატარებას უკეთილშობილესი მიზნებით კრძალავს. ეს მიზანი მოსკოვის კრემლის, როგორც სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული მუზეუმ-ნაკრძალის დაცვა და შენარჩუნებაა. ამ ტერიტორიებზე მიტინგების ჩატარების უფლებას, ამიერიდან, თავად მედვედევი გასცემს.