
"გაღლონტებული" ჯანგირაშვილის "რეალითი შოუ"
17:18:58     10-01-2012
ოლიგარქ ივანიშვილის ფულებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, „ოპოზიციური“ მედიაც ააღელვა. თანაც ისე, რომ მისი წარმომამდგენლები უკვე ვეღარც ნერვებს თოკავენ და ვერც საკუთარ ქცევებს აკონტროლებენ. მამუკა ღლონტის და ეროსი კიწმარიშვილის გრანდიოზული შერკინების შემდეგ, ასპარეზზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ერთ–ერთი მეპატრონე, ლეგენდარული ქართველი ტელეწამყვანის, დავით აქუბარდიას მეუღლე, ნინო ჯანგირაშვილი გამოვიდა.
გავრცელებულმა ვიდეომ, თუ როგორ „ვაჟკაცურად“ ებრძვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“– ის ჟურნალისტს ქალბატონი ჯანგირაშვილი–აქუბარდიასი, უკვე მთელი ქართული ინტერნეტ-სივრცე შემოიარა. ვიდეოზე არაფერი ჩანს ისეთი, სადაც „კავკასიის“ „ნაჩალნიცას“ შეუპოვრობა და ზღვარგადასული „თავგანწირვა“ წარმოჩინდება, თუმცა, ჯანგირაშვილი, როგორც მოგვიანებით გაკეთებული კომენტარებიდან და სოციალური ქსელების იუზერებისადმი გავრცელებული, გრამატიკული შეცდომებით სავსე წერილიდან ჩანს, საკუთარი საქციელით მეტად ამაყობს: მან ხომ „სახელისუფლო“ ჟურნალისტი „მიაჩმორა“.
მოკლედ, ქართულ ჟურნალისტიკაში, ფაქტობრივად, განვითარების ახალი ეტაპი იწყება: ძველი ბიჭობის და ძველი გოგოების ეტაპი. თუმცა, ეს ახალიც სხვა არაფერია, თუ არა კარგად დავიწყებული ძველი. მაგრამ 21–ე საუკუნეში, სადაც ადამიანებს ცივილიზებულ სამყაროში სულ სხვა ღირებულებები და ფასეულობები აღელვებთ, ასეთი ქმედებები ქვეყნის „მეოთხე ხელისუფლებაში“, უკვე უკიდურესი მარაზმის და ტრაგიკომედიის სახეს იძენს.
რატომ დაესხა თავს “მედია–მაგნატი“ ჯანგირაშვილი „რუსთავი2“–ის ჟურნალისტს, რომელსაც გასაგები და ლოგიკური შეკითხვა ჰქონდა, ივანიშვილის მიერ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით? ან რატომ უნდა გაუვარდეს კოლეგას ტელევიზიის შეფი, ან ჟურნალისტი და მიკროფონით „ხმალაობა“ გაუმართოს, თუნდაც მისი შეკითხვა არალოგიკურად ან მისთვის კატეგორიულად მიუღებლად მოეჩვენოს? ამგვარი „ხმალაობა“ შალვა რამიშვილმა ერთხელ უკვე მოუწყო „აიტივის“ კორესპოდენტს, თუმცა, „მსუბუქი“ რამიშვილისგან განსხვავებით, ამხელა სერიოზული ქალბატონი რატომ უნდა მოქცეულიყო ანალოგიურად?
მოკლედ, როგორც საქართველოში მოხუცები იტყვიან–ხოლმე, დიდმა ფულმა ზოგჯერ გადარევა იცისო. მთაწმინდის სასახლიდან თუ ჭორვილადან წამოსულმა „მწვანე ნათებამ“ მთელ ქართულ ე.წ. ოპოზიციურ პოლიტ თუ მედია სპექტრს ტვინი აურია და არაადეკვატური გახადა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ძველი დოსტები – ეროსი და მამუკა ერთმანეთს კამერების წინ სკოლის მოსწავლეებივით აგინებენ, ხოლო რამიშვილი და ჯანგირაშვილი კუ ნინძებივით დარბიან ხმალ და მიკროფონ ალესილები და მზად არიან, „საკუთარი წილი“ კბილებით და ფრჩხილებით დაიცვან.
დღეს გავრცელებული ინფორმაცია ივანიშვილის უძირო ყულაბისა და მედიის ზოგიერთი საშუალების თბილი ურთიერთკავშირის შესახებ, საბოლოოდ ნათელს ფენს ბევრ დეტალს, რომელიც აქამდე მიჩქმალული იყო. ამით კი, კიდევ ერთხელ იხილა მზის სინათლე იმ რეალობამ, თუ რა ღირებულებების მატარებელია ქართული მედიის ერთი ნაწილი, რომელსაც მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე ჰქონდა მუდამ პრეტენზია და საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაას პრინციპით, კოლეგებს მსგავს ქმედებებში აქეთ ადანაშაულებდა.
პ.ს.: ჟურნალისტებთან მიკროფონით "ხმალაობის" ფუძემდებელი ქართულ რეალობაში მამუკა ღლონტი გახდა, რომელიც ცოტა ხნის წინ იგივე რუსთავი 2-ს ჟურნალისტს ზუსტად ისევე "ეხულიგნა", როგორც ქალბატონი ჯანგირაშვილი. როგორც ჩანს, უკვე დაიწყო ტელეკომპანია კავკასიის, უფრო კონკრეტულად კი, ქალბატონი ჯანგირაშვილის "ღლონტიზაცია", რომელიც საკუთარი "ლაფსუსების" დაფარვას დაუფარავი აგრესიით და მამუკა ღლონტის ილეთებით ცდილობს.