ნინო ლარცულიანი - „ტკბილი იესუ”

  14:32:24     10-01-2012

ქართველი მკითხველი იცნობს პოეტ ნინო ლარცულიანს. ლიტერატურის მოყვარულები პრესა.გე-ს ფურცლებზეც შეხვედრიან მას.

ნინო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ლიტერატურათმცოდნეა (თარგმანთმცოდნე), სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ვაჟა-ფშაველას პოემათა რუსულ თარგმანებზე. შემდეგ შეისწავლიდა ღვთისმეტყველებას, ხელოვნებათმცოდნეობას, ისტორიას...

მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია რელიგიურ თემებს, რომელთაც ლამაზად და ორიგინალურად გადმოსცემს. ვინაიდან მისთვის და მართლმადიდებელი ქართველებისათვის შობა-ახალი წელი იულიანური კალენდრით აღინიშნება, დღეს მის ლექსებთან ერთად ნინოს მოლოცვასაც შევთავაზებთ მკითხველებს.

„ძვირფასო მკითხველო, მოგილოცავ შობა-ახალ წელს, მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებ და სიხარულს, რომელსაც თურმე დასასრული არც გააჩნია, რადგან იგი თავისთავად მზარდი ბუნებისაა, სწორედ ამიტომ იტყოდნენ ჩვენი წინაპრები – “ხემ გაიხარა”, რაშიც გულისხმობდნენ ხის გაზრდა-განვითარებას. 

იცით, რა შობს სიხარულს?

თურმე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული, და თუ რამ გვიყვარს, გვახარებს კიდეც.
სიტყვა “სიხარულის” მნიშვნელობას რას შესწვდება დღეს ასე პოპულარული სიტყვა “სიამოვნება”, ეს უკანასკნელი მხოლოდ ხორცს ეკუთვნის და მასავით ძალზე ხანმოკლეა, ხოლო სიხარული არასოდეს მთავრდება, რადგან ჩვენივე სულივით მარადიული ბუნებისაა.

თვით სახარებასაც კი, სიხარულის სახელი ჰქვია.

გასაოცარი არაა, რომ ქრისტეს, ანუ სიყვარულის ცხოვრებას, ჩვენებურად სიხარული ანუ “სახარება” ეწოდება. ჰოდა, ამაზე მეტი რა უნდა გისურვოთ.

დაუსრულებელი სიხარულის დასაწყისი ყოფილიყოს შენთვის 2012, ჩემო პატარა, ბავშვივით მოსაფერებელო დედამიწავ!“

ელის-ო

(..ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი სიხარულით.. პეტრე.1.8.)

სატრფო ჩემი ელისო,
იცით, როგორ მელისო? …………………
მისი სულისფერია
ყვავილები ველისო..
ისე მომხიბვლელია,
ყველაფერი შვენისო,
თვალებთაფლისფერია,
როგორც ნუკრი შველისო
ელო აყვავებული
ხეა ბროწეულისო,
უნდა გარს შემოვარტყა
ღობე წნული წნელისო,
რომ არავინ იგემოს
სიტკბო მისი წვენისო,
მტრედებს ვატან ყოველდღე
სატრფიალო წერილსო..

შორიდან ვგრძნობ სინაზეს
მისი ხელის რხევისო,
ელო მეხმიანება,
უნაზესად მღერისო...
მესმის ანცი ლიკლიკი
მისი თვალის ცრემლისო,
გულისცემა ყოველი
მოქნევაა ცელისო..
ელოს თმები შრიალებს,
როგორც ლერწი ლელისო,
უნდა თმაში ჩავაწნა
ყვავილები ველისო..

ქებათა-ქება ქვეყნის შემოქმედს

(“სულამით” და “სულ ამით” ანუ ქრისტე და ცოცხალი ეკლესია)

სულამით

ჩემი სატრფო მზის სხივია,
თმას რომ ელამუნება,
მხოლოდ სატრფომ, სანატრელმა,
იცის ჩემი ბუნება...

მეც, ნათელი სიხარულით,
ვუხსნი სულის საკინძეს,
სულზე უფრო უტკბილესი,
ის ჩემს ხედვას აფხიზლებს.

და მეც ვხედავ ცის სავანეს,
ფრთიანეთის ქვეყანას,
როგორ მსურდა, შენი ბუდე
გულში შემომეყვანა.

ვარ შიგნიდან მოხატული,
როგორც ტაძრის გუმბათი,
და გეძახი ნანატრ სატრფოს,
ვით ქალწული-სულამით...

ჩემო მზე და მახარია,
ჩემო მწყემსო კეთილო,
შენში ძველიც ახალია,
შენში ავიც კეთილობს!

ვარ შიგნიდან მოხატული,
როგორც ტაძრის გუმბათი,
გამახარე, მახარია,
სატრფო შენი, სულამით!

სულ ამით

შენ ჩემი ჩერო ხარ, სულამით,
დაღლილი შენს ჩრდილში ვისვენებ,
შენ ჩემი ჩრდილიც ხარ, სულამით,
უშენოდ ვერსად მოვისვენებ.

თვალი ხარ, მტევანში ჩასული,
ასული აკიდოასხმული,
ვაზის შლილ ფოთოლთა შრაშუნი,
ბადაგი მარცვლიდან ნაჟური...

შენ წყაროს თვალიც ხარ სულამით,
ამიტომ ვოცდები სულ ამით:
"ვინ იყო შენი ნანაი,
თვალი ხარ და არა ქალაი”!

ნაძერწი სურა ხარ, სულამით,
ამავსე შენი წყლის მსურვალი!
მაღლიდან მზისა ხარ თვალთვალი,
დაბლიდან მზით სავსე თავთავი!

შენი რძე იელის თაფლია,
ტკბილიც ხარ, მწარეც ხარ, სულ ამით,
ტკბილი, რომ ჩემში ხარ სრულიად,
მწარე, რომ შორი ხარ, სულამით!

ტკბილი იესუ

მოვიდა ჩემთან დიდი იესუ,
და ჩამიხუტა გულში, ვით მზეში,
თქვენ რომ იცოდეთ, რაა იესუ,
ან და, როგორ თოვს იმის თბილ მხრებში..

ვით მაღლა, მთებში,
დეკემბრის თვეში...

დეკემბრის თვეში,
ოცდახუთ დღეში...

ოცდახუთ დღეში,
აქვე, ბეთლემში,

მოვიდა ჩვენი ტკბილი იესუ!..

ბეთლემი

მზის გულზე გაწოლილს ნუ გამომაფხიზლებთ,
მე არ შემიძლია გრძნობებზე თამაში.
ცაზე მოსრიალე ღრუბელთა მახრილებს
გავყვები ბაგაში!
იქ დეკემბერია,
იქ მიწის სუნი აქვს თოვლის თეთრ ყვავილებს,
იქ გაზაფხულია უცივეს ზამთარშიც,
კვირტები ხეებზე შემოსვლას აპირებს!

იქნებ, ამ ერთხელაც, მეც ამოვიკვირტო,
მტვრად ამოვიკვირტო ყვავილთა ღიმილში,
ვიყო გადაპენტილ მდელოზე ღიღილო,
ტუჩების მაგივრად მოვისხა ღიმილი!

ღიმილი გრძნობათა გადასხმის ძაბრია,
ხოლო სიყვარული – ცეცხლი და მახვილი,
თუ ცა გვეყვარება ყველაზე ძალიან,
მყისვე აგვიტაცებს ღრუბელთა მარხილი...
ეჰა, გაგვიტაცებს დიდი ბეთლემისაკენ,
სადაც იბადება ქრისტე თეთრ ბაგაში,
მზეა ვიოლინო, ხოლო დედამიწა –
ბანის გასაღები სივრცეთა გამაში!

თურმე იმ ბაგაში წყარომ ამოხეთქა,
ის წყარო სიკვდილის წალეკვას აპირებს,
და მეც, ვით მწყურვალი, უნდა შევუერთდე
იმას დაწაფებულ მხურვალე ხარ-ირმებს!

ჰოდა, წამომყევით, დიდი ბეთლემისაკენ,
სადაც იბადება ქრისტე თბილ ბაგაში,
მზეა ვიოლინო, ხოლო დედამიწა –
ბანის გასაღები სივრცეთა გამაში!