
ოლიგარქი და კრემლის ოცნებების დასამარება საქართველოში
12:27:46     10-01-2012
„ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის სარეკლამო კლიპი კვლავ ტრიალებს. სიუჟეტი ბანალურია: ოლიგარქი, ოჯახთან ერთად, სტუმრად პარტრიარქთან მიბრძანდა. წლების განმავლობაში, საპატრიარქოს და ზოგადად, რელიგიის თემა, ბევრ მარგინალ პოლიტიკოსს უცდია საკუთარი ვიწრო მერკანტილური მიზნების გამოსაყენებლად, მაგრამ ასეთი ღია და აშკარა სარეკლამო ტრიუკი, მაინც ალბათ არავის მოსვლია აზრად. მოკლედ, დიდი ქართველი მილიარდერი ევროპის არა და მრავლისმნახველი თანამემამულეების გაოცებას განაგრძობს.
სხვა კუთხით, ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა, უკვე ძალიან მდორე და დუნე ხასიათი მიიღო და, ფაქტობრივად, ჭაობად იქცა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობა. ოლიგარქის გარშემო შემოკრებილი დახავსებული საზოგადოება, ფულის აღებას განაგრძობს და მოწყენილობისა და უსაქმურობისაგან ამთქნარებს.
თავად ივანიშვილს არც აქამდე უთქვამს ქართველებისთვის ახალი და ახლა მით უმეტეს, მისი პოლიტიკური ორბიტა ერთ მბრუნავ, ჩაკეტილ წრედ გადაიქცა, საიდანაც აზრის გამოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. რაც დრო გადის კი, თვით ამ უმოძრაო სიჩუმეშიც, უკვე აშკარად იკვეთება ის რეალური მიზნები და მისი წარმომგზავნების აჩრდილები ზურგს უკან, რომელთათვისაც ოლიგარქი სწორედაც რომ უკანასკნელი კოზირი უნდა გამხდარიყო, საქართველოს ისტორიის ამ ეტაპზე.
ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ბოლო წლების განმავლობაში, კრემლმა, ფაქტობრივად, ყველა ის საშინაო თუ საგარეო ბერკეტი დაკარგა, რაზეც მისი „იმპერიული ძლევამოსილება“ იდგა. ერთმანეთის მიყოლებით, პანტაპუნტით დამხობილი რეჟიმები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, პუტინისთვის, ფაქტობრივად, გეოპოლიტიკურ საყრდენს წარმოდგენდნენ, დიდმა დასავლურმა რევოლუციებმა შეიწირა.
შიდა ფრონტზე ისეთი პროცესები მიმდინარეობს, სულ მცირე ხნის წინ, ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტებიც კი რომ ვერ წარმოდგენდნენ: მოსკოვის და სხვა რუსული ქალაქების ქუჩებში ოპოზიცია არა ნაცისტური ან კომუნისტური, არამედ, სუფთა დემოკრატიული, რუსეთისთვის სრულიად წარმოდგენელი ლოზუნგებით გამოვიდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი მაინც ჯიუტად ეჭიდება ხავსს და საკუთარი თავისათვის იმის ილუზიის შესაქმნელად, რომ როგორც ჭეშმარიტ ზესახელმწიფოს, პროცესების მართვა მასაც შეუძლია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, თავისი ყველაზე დიდი მტრის, პატარა საქართველოს პოლიტიკის კონტროლს ჯიუტად და ამ ეტაპზე, სრულიად უშედეგოდ ცდილობს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ფულის გრანდიოზული ტომრის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას, სწორედ იქ, ჩრდილოეთში, სულ სხვა მოლოდინებით და გათვლებით ელოდნენ. კრემლს, ფაქტობრივად, ელვისებური ოპერაციის ეფექტის იმედი ჰქონდა. თუმცა, იმპერიამ, რომელიც კავკასიის პატარა ქვეყანას უკვე საუკუნეებია უტრიალებს, ჩვენდა საბედნიეროდ, ვერაფრით შეძლო შეცდომებზე სწავლა და ვერც ანალიზის სათანადო უნარები გამოვლინა. კრემლის შეფებმა, რომლებიც რუსეთში გამდიდრებულ და საგანგებო მისიით წარმოგზავნილ პერსონებს საქართველოში პერიოდულად უშვებენ, უკვე მერამდენედ ვერ შეძლეს წლების მანძილზე გაწერილი გეგმების შესრულება. ვიდრე პუტინი კრემლში წითელი მოედნიდან მოპროტესტეთა ხმაურს ისმენს, მისი კიდევ ერთი პროექტი საქართველოში, საბოლოოდ, ეშვება ფსკერისკენ, რაც ჩრდილოური მორიგი ოცნებების საბოლოო დასამარების კიდევ ერთი დემონსტირება ხდება.