
პუტინს უკვე მოკავშირეებიც აკრიტიკებენ...
18:31:45     09-01-2012
შაბათს,პუტინს, ორმა უმნიშვნელოვანესმა მოკავშირემ აქციის მონაწილეთა მოსმენისაკენ მოუწოდა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. ყოფილ და სავარაუდოდ, მომავალ პრეზიდენტს მათთან შერიგებისათვის საჭირო ზომების მიღება სთხოვეს. ეს ღონისძიებები რუსეთის პრემიერს ისედაც დასუსტებული ნდობის შესანარჩუნებლად სჭირდება.
გაზეთი აღნიშნავს, რომ პუტინს დემონსტრანტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. დეკემბერში აქციის მონაწილეები ორჯერ გამოვიდნენ მოსკოვისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჩინოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ასევე ხალხს საარჩევნო სისტემის რეფორმას დაპირდნენ, პუტინი ოპოზიციასთან დიალოგზე მტკიცე უარს აცხადებს.
შაბათს, შობის დღესასწაულზე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კურსი დიალოგის გზით უნდა შეცვალოს. მეორეს მხრივ, ალექსეი კუდრინი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი და პუტინის მეგობარი, თავის ბლოგზე წერს, რომ საარჩევნო კომიტეტის ხელმძღვანელობა უნდა გამოიცვალოს, რათა მარტის საპრეზიდენტო არჩევნები სანდო გახდეს, რომელშიც, სავარაუდოდ, პუტინი გაიმარჯვებს.
პუტინსაც და მედვედევსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთის პატრიარქთან, კირილთან. რომელსაც ნოემბერში კრემლში ექსკლუზიური ფართი გამოუყვეს საქმიანი შეხვედრებისათვის.
„თუ ხელისუფლება გულგრილობას გამოიჩენს პროტესტების მიმართ, ეს ძალიან ცუდი ნიშანია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას თვითრეგულირების უნარი არ გააჩნია.“ –განაცხადა პატრიარქმა ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა თავისი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდს გადის, ეს კი მთავრობისადმი არაპირდაპირი კრიტიკაა. პატრიარქმა დაამატა, რომ ამ შემთხვევაში, ეკლესია ვერცერთის მხარეს ვერ დაიკავებს.
„1917 წლის რევოლუცია მშვიდობიანი პროტესტით რომ დასრულებულიყო და არ მოჰყოლოდა სისხლისღვრა და ძმათამკვლელი ომი, რუსეთს დღეს 300 მილიონით მეტი მოქალაქე ეყოლებოდა და ეკონომიკური თვალსაზრისით აშშ–ს დონეზე იქნებოდა, ან აჯობებდა კიდეც“ – განაცხადა პატრიარქმა.
„ჩვენ მაშინ ვერ გამოვიჩინეთ სიბრძნე და ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება. გავანადგურეთ ჩვენი სამშობლო. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ხალხის სამართლიან პროტესტს ძალიან ჭკვიანურად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებისაკენ მიილტვიან“.
კუდრინმა, რომელმაც პარასკევს კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელახალი არჩევნების შესახებ, შაბათს ცესკოს ხელმძღვანელს, ვლადიმერ ჩუროვს თანამდებობის დატოვება ურჩია.
„უნდობლობა ჩუროვისადმი 4 მარტის არჩევნების სანდოობასაც ეჭვქვეშ აყენებს“ – წერს კუდრინი.
მოსალოდნელია, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, თუმცა, მისი ზოგიერთი მხარდამჭერი არალეგიტიმურ არჩევნებს წინასწარმეტყველებს. თუნდაც პატიოსნად ჩატარდეს საპრეზიდენტო კენჭისყრა, ხელისუფლებას ნდობის აღსადგენად მკაცრი ზომების მიღებაა სჭირდება...