ივანიშვილის შესყიდულ–მოსყიდული მედია

  14:55:26     09-01-2012

„ჩემს ერთერთ დიდ შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე „მეცხრე არხი“ დავხურე“– ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საგაზეთო ინტერვიუში გააკეთა.

ოლიგარქის სინანული ამ შემთხვევაში გვიანია, რადგან ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის ლიცენზიები სრულად არის გაცემული.  

სამი წლის წინ, „მეცხრე არხს“ ლიცენზია მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო გაუუქმეს, რადგან არხი 5 წლის განმავლობაში არ გადიოდა ეთერში.

რადგან ივანიშვილს საკუთარი მედიასაშუალება არ გააჩნია, ის ფულით ცდილობს სხვადასხვა მედიასაშუალების მოსყიდვას.  არასამთავრობო ორაგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ წევრებს ეჭვი აქვთ, რომ   ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მედიასაშუალება ბიზნესმენ ივანიშვილის მიერ ფინანსდება.

„სუფთა პოლიტიკის“ ერთერთი ხელმძღვანელი ზურა ჯაფარიძე მოითხოვს, რომ პრესამ  შემოსავლები“ საჯარო გახადოს. ბიძინა ივანიშვილი რომ მედიასაშუალებების მფლობელებთან  ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა, პირველად ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობის ღობეზე გადაძრომით ცდილობდა ტელევიზია ივანიშვილის ფულისაგან „დაეცვა“.

მაშინ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არხის დამფუძნებლებს სურთ „დაბალშემოსავლიანი პავლე, მაღალშემოსავლიანი სავლეთი ჩაანაცვლონ“.  

ამის შემდეგ  კი, გაჩნდა სარეკლამო რგოლები ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, რადიო „უცნობში“ 10 000 ლარის ღირებულების რეკლამა და ა.შ. ბასა ჯანიკაშვილის „წყალობით“, ოლიგარქმა რადიო „უცნობის“ ეთერში გასული სარეკლამო რგოლებისთვის გაცილებით მეტი გადაიხადა, ვიდრე რეკლამა ღირს „უცნობში“.  

„უცნობის“ შემდეგ იყო „ალია“, რომელიც გაზეთის ერთერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, ეკა სეხნიაშვილმა დატოვა.  სწორედ „ალიაში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ დაინტერესდა „სუფთა პოლიტიკა“ პრესის შემოსავლებით.

ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ რეკლამა გადის ასევე ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში და რამდენიმე რეგიონალური რადიოს ეთერში.

არხის ხელმძღვანელების განცხადებით, ეს არის ივანიშვილთან  წმინდა სარეკლამო ურთიერთობა და მათი შემოსავლები ლეგალურია.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ სურათი ასეთია...

თუკი ივანიშვილს თავის „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“
რეკლამირება სურს, რატომ არ ანთავსებს რეკლამას ნაციონალურ არხებზე, ან სხვა გამოცემებში, რომლებიც მისდამი „ტკბობის პოზიციით“ არ არიან დაკავებული?

საკმარისი ფული არ აქვს? თუ „კავკასიას“ ან „მაესტროს“ უფრო დიდი დაფარვა აქვს, ვიდრე რომელიმე ნაციონალურ არხს?   ბუნებრივია, რომ  როცა მედიასაშუალების მთავარი შემოსავლის წყარო, რომელიმე კომპანიაა, ამ კომპანიის მფლობელი კი პოლიტიკოსია, მასზე არასაიმიჯო სტატიას ან სიუჟეტს დაბლოკავ... ან უფრო კორექტულად, თავს აარიდებ კრიტიკული სიუჟეტის მომზადებას ან სტატიის დაწერას.  

სხვა არაფრით აიხსნება ის, რომ „ქართუ ბანკი“, რომელიც 1996   წელს დაფუძნდა  როგორც სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი  „როსიისკი კრედიტი-ქართუ“ არასდროს ჰქონია რეკლამა აღნიშნულ არხებზე.  რატომ გაუჩნდა ბიზნესმენს ახლა ამ არხებზე რეკლამის განთავსების სურვილი? მედიამფლობელების ირიბად მოსყიდვის გამო? 

მალე პრესას მოუწევს თავიანთი შემოსავლების გასაჯაროება და გამოქვეყნება, შემდეგ კი დაითვლიან ივანიშვილის მიერ აღებულს ფულს.  ცოტა ხნის წინ „საქართველოს პრესის ასოციაციის“ მიერ დაფუძნდა ახალი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“, რომლის მთავარი მიზანი პრესის გავრცელების ხელშეწყობაა. ორგანიზაციის მთავარი დამფინანსებელი კი ბიძინა ივანიშვილია.  

თანამშრომლობა კი ასე დაიწყო. ოლიგარქმა „პრესის ასოციაციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც თბილისის მერიის „1000 ჯიხურის პროგრამა“ გააპროტესტა „პრესის ასოციაციამ“. მათი პროტესტით გულაჩუყებულმა ბიზნესმენმა კი, ასოციაციას ფინანსური დახმარება აღუთქვა.  

ივანიშვილის ფულის მოლოდინში შეიქმნა 13 დეკემბერს „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ და პირველი გრანტიც სწორედ „ქართუსგან“ წამოვიდა.

ბიზნესმენ–პოლიტიკოსი ივანიშვილის კოალიციის წევრები და მისი პრეს–სამსახური ირწმუნება, რომ ოლიგარქს არანაირი პირადი კავშირები არ აქვს მედიამფლობელებთან და რომ  ის არავისთან გარიგებაში არ იმყოფება.

ფაქტი კი ერთია, რაც ბიზნესმენი ივანიშვილი პილიტიკაში გამოჩნდა, პრესაში გარკვეული „უხერხულობები“ მას შემდეგ შეიქმნა.

სწორედ მას შემდეგ გაჩნდა მისი კომპანიების რეკლამები ოპოზიციურ არხებზე და დიდი ფული სახელდახელოდ შექმნილი ორგანიზაციების ანგარიშებზე.