ბრიტანეთის სამეფო სახლში ლატვიის მოქალაქის გვამი იპოვეს

  13:32:34     09-01-2012

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და იუწყება, რომ ამოცნობილია ქალის გვამი, რომელიც პირველ იანვარს ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე ნორფოლკის საგრაფოში, სენდრინგჰემის სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე იპოვეს.

როგროც Associated Press იუწყება, გარდაცვლილი 17 წლის ალისა დმიტრიევაა. გოგონა ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში დაიკარგა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ცხედარი ლატვიის მოქალაქეს, რუსეთში დაბადებულ ალისა დმიტრიევას ეკუთვნის, რომელიც ოჯახთან ერთად კემბრიჯშირის საგრაფოს ქალაქ უისბიჩში ცხოვრობდა. გოგონა ქალაქ ქინგს–ლინში დაიკარგა, სადაც კოლეჯში დასარეგისტრირებლად გაემგზავრა.

სამეფო ოჯახი შობას ტრადიციულად სენდრინგჰემში ატარებს. ვინაიდან რეზიდენციის ირგვლივ სანადირო ადგილებია, ვარაუდობენ, რომ გოგონას სამეფო ნადირობისას ტყვია შემთხვევით მოხვდა. თუმცა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ალისა ნადირობის სეზონის გახსნამდე გაცილებით ადრე გარდაიცვალა.

ალისა დმიტრიევას გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ დგინდება. თუმცა, პოლიციაში მკვლელობაზე საუბრობენ.