რუსული საზღვაო ფლოტი, ბაშარ ასადის დასაცავად, სირიის პორტშია გამაგრებული

  12:52:39     09-01-2012

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის რამდენიმე გემი, სირიის პორტ ტარტუსში შევიდა. მართალია, თავად მოსკოვი ირწმუნება, რომ გემები მხოლოდ „მარაგების შევსებას“ აპირებენ, მაგრამ თავად სირიული მედია იტყობინება, რომ აღნიშნული სამხედრო აქცია მოსკოვის მეგობარი სირიის რეჟიმის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ტარტუსში იმყოფება სამხედრო გემი „ადმირალი ჩაბანენკო“, „ლადნი“ და ტანკერი „ლენა“. ავიამზიდი კრეისერი „ადმირალი კუზნეცოვი“ და  სამაშველო „ნიკოლაი ჩიკერი“ პორტის ე.წ. გარე რეიდზე დგანან.

მოსკოვი ირწმუნება, რომ გემები შორეული ნაოსნობისთვის წყლის მარაგს შეივსებენ და სირიის პორტს უკვე დღეს დატოვებენ. მაგრამ სირიული მედია რუსეთის საზღვაო ოფიცრის ვლადიმირ იაკუშინის კომენტარზე დაყრდნობით, სულ სხვა მიზნებზე საუბრობს:

„გემების პორტში შესვლის მიზანი ორი ქვეყნის დაახლოება და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებაა“ - წერს AFP რუს ოფიცერთან საუბრის შემდეგ. სირიის მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით კი, რუსეთის სამხედრო გემების მეთაურებმა ტარტუსში შესვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მოქმედი რეჟიმისა და სირიელი ხალხის მიმართ თავისი სოლიდარობის დემონსტრირება მოახდინონ.

თავის მხრივ, ზოგიერთი რუსული გაზეთი წერს, რომ რუსული გემების სირიის პორტში შესვლა მხოლოდ და მხოლოდ დროშის დემონსტრირებაა და აღნიშნული აქცია არ ნიშნავს ქვეყნისათვის სამხედრო დახმარებას.

არაბული სამყარო რუსული გემების სირიის პორტში შესვლას  მოსკოვის მხრიდან ძალის დემონსტრირებად აღიქვამს. ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა სტატიები, სადაც ამტკიცებენ, რომ რუსული ფლოტილიის მიზანი ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაა. მოსკოვი დასავლეთის მზარდი ზეწოლის მიუხედავად, მაინც მხარს უჭერს მოქმედ რეჟიმს.

ამასთან, არაბული სახელმწიფოების ლიგა, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართ, თავის მომავალ ნაბიჯებს განიხილავს. გუშინ, კაიროში შეხვედრისას, ორგანიზაციაში შემავალმა ქვეყნებმა, სადამკვირვებლო მისიის პირველი შედეგები შეაჯამეს. მისია სირიაში უკვე 2 კვირაა იმყოფება, მისმა ხელმძღვანელმა, გენერალმა მუჰამედ აჰმედ მუსტაფა ად-დაბიმ თავისი მოხსენება წარმოადგინა. ხოლო არაბული ლიგის გენერალური მდივნის მოადგილემ აჰმედ ბენ ხელიმ განაცხადა, რომ დოკუმენტი შეიცავს ფოტოებს, რუკებსა და ინფორმაციას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მისიის ვადაზე ადრე შეწყვეტა არ იგეგმება: „ჩვენ ვსაუბრობთ არა გასვლაზე, არამედ მისიის გაძლიერებაზე“ - ამბობს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალური მდივნის კიდევ ერთი მოადგილე, ადნას ისა. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას, ასადის მოწინააღმდეგეებმა ორგანიზაციას მოუწოდეს შეამოწმოს ე.წ. „საწამებელი საკნები“, რომლებიც ქვეყანაში ამბოხების დაწყების დღიდან გადატვირთულია. მოძრაობა Avaaz-ის აქტივისტები აცხადებენ, რომ სირიის ციხეებსა და ბანაკებში წამებით მოკლული 617 ადამიანის გარდაცვალების დოკუმენტურად დადასტურება შეუძლიათ. მათი მტკიცებით, მთელი ამ ხნის მანძილზე, პრეზიდენტის მოწინააღმდეგე მხარეს დაღუპულია ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ გაეროს მონაცემებში იყო დაფიქისირებული. მოძრაობა Avaaz-ის მონაცემებით, რეჟიმის მსხვერპლი 6874 ადამინი გახდა, ორჯერ მეტი, ვიდრე გაეროს ჰგონია.

იმის გამო, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი ქვეყანაში არ უშვებს უცხოელ უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს, მონაცემების გადამოწმება რთულია.

ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ გეოპოლიტიკური ანალიზის ევროპული ცენტრის ექსპერტთა მისია უახლეს სახელმწიფოებთან (რუსეთთან) ერთად ერთობლივი პროექტის ფარგლებში სირიაში მუშაობას უკვე იწყებს. მისიის მთავარი ამოცანა კრიზისული ვითარების შესწავლა და მოხსენების მომზადებაა, რომელიც ევროკავშირსა და რუსეთს წარედგინებათ.