სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 88 წელი შესრულდა
12:07:19     09-01-2012
დღეს, 9 იანვარს, ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის, სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 88 წელი შესრულდება. ფარაჯანოვი 1924 წლის 9 იანვარს თბილისში, სომხურ ოჯახში დაიბადა. სარკინიგზო ინსტიტუტის, თბილისის კონსერვატორიისა და ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
მას მსოფლიო დიდება 1964 წელს გადაღებულმა ფილმმა "ცეცხლოვანმა ცხენებმა" მოუტანა. მანამდე მან რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფარაჯანოვი ქართულ, სომხურ და უკრაინულ კინემატოგრაფში თანაბარი წარმატებით მოღვაწეობდა.
1973 წელს იგი კიევის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში აღმოჩნდა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მსოფლიო კინომატოგრაფიული საზოგადოების ზეწოლით, იგი ვადამდე გაათავისუფლეს. პატიმრობის შემდეგ ფარაჯანოვი თბილისში დაბრუნდა, მაგრამ მუშაობაზე მას უარი განუცხადეს. იგი 1982 წელს კვლავ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და 11 თვე სასამართლოს მოლოდინში პატიმრობაში გაატარა, თუმცა ამჯერად იგი უდანაშაულოდ ცნეს. 1983-88 წლებში ფარაჯანოვი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მოღვაწეობდა, რომლის დროსაც გადაიღო ფილმები "ლეგენდა სურამის ციხეზე", "ფიროსმანი". ფარაჯანოვი უმრავლეს შემთხვევაში თავისი ფილმების სცენარისტიც იყო. მისი ნამუშევრები არაერთგზის გახდნენ პრესტიჟული ჯილდოების მფლობელნი.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წელს ერევანში გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მის შესახებ ათეულობით ფილმი გადაიღეს, მისი ნამუშევრები კი საზღვარგარეთ მოწყობილ ექსპოზიციებს დღემდე ამშვენებს.
ghn