პენტაგონის განცხადებით, აშშ მზადაა ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად
09:33:39     09-01-2012
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლეონ პანეტამ დაასახელა ზღვარი, რის შემდეგაც ვაშინგტონი მზად იქნება, განახორციელოს სერიოზული ძალისმიერი ღონისძიებები ირანის წინააღმდეგ. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს ორმუზის სრუტის გადაკეტვას. ეს კიდევ ერთი ზღვარია, რომელიც არ უნდა იქნას გადაკვეთილი. ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ“ - განაცხადა „სი-ბი-ესისათვის“ მიცემულ ინტერვიუში პენტაგონის შეფმა.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანელები წავლენ ისეთ რადიკალურ ნაბიჯზე, როგორიცაა სრუტის გადაკეტვა, ამერიკის შეერთებული შტატები მზად იქნება მათ გასანადგურებლად. გენერლების განცხადებით, შეერთებულ შტატებს იმის ძალაც შესწევს, რომ ირანის მთელი ბირთვული პროგრამა გაანადგუროს.
პანეტასვე განცხადებით, ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, ისლამური რესპუბლიკა საპასუხო დარტყმებს რეგიონში განლაგებული ამერიკული ჯარების წინააღმდეგ განახორციელებს, ვინაიდან, ისრაელს და აშშ-ის ბევრი საერთო ინტერესები აქვთ.
თუმცა, პენტაგონის ხელმძღვანელი იმასაც ირწმუნება, რომ სამხედრო ძალით ჩარევამდე, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ვითარება მშვიდობიანად მოაგვაროს. პანეტას თქმით, გაგრძელდება ირანის წინააღმდეგ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა, ვიდრე ეს უკანასკნელი სწორ ნაბიჯს არ გადადგამს. პირველ რიგში კი, საჭირო არის იმაში დარწმუნება, რომ ისინი ნამდვილად არ აპირებენ ბირთვული იარაღის შექმნას.
პენტაგონის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შემთხვევაში, ვაშინგტონი იძულებული გახდება, მიიღოს საპასუხო ზომები. ვფიქრობ, თეირანმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის დაიწყებს ამ პროცედურას, მას შეაჩერებენ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.