რუსეთში ნავთობის მარაგი იწურება

  19:17:09     07-01-2012

საბჭოთა კავშირის პერიოდის საბადოებზე „შავი ოქროს“ მოპოვების პროცესი არც ისე წარმატებულია, როგორც ამის დეკლარირება ხდება. სპეციალისტების პროგნოზი რუსებისთვის საკმაოდ პესიმისტურია. რუსეთში უკვე მომავალი წლიდან ელოდებიან ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის ვარდნას. საბადოების ექსპლუატაცია საბჭოთა კავშირის დროსაა დაწყებული და ყველფერს აქვს საზღვარი-პოტენციალი მთავრდება.

ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, როგორ დაჟანგდა ნელ-ნელა ნედლეულის სფერო, რომელზეც ზის რუსეთის ეკონომიკა, - ამბობს ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირქტორი, კონსტანტინ სიმონოვი. ანალოგიური პროცესები, ექსპერტის თქმით, მიმდინარეობს რუსეთის საწვავის რესურსების მიმართულებითაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ რესურსების ბაზა მხოლოდ ქაღალდზე ფართოვდება. - ჩვენ მივაღწიეთ  განვითარების ზღვარს და უახლოეს წლებში ნავთობის მრეწველობა დაცემას დაიწყებს.  კომპანიები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ მოპოვება დღეს არსებულ დონეზე მაინც შეინარჩუნონ - ამბობს სიმონოვი.

ჯერჯერობით, ანალიტიკოსები ვერ თანხმდებიან, ზუსტად როდის დაიწყება რუსეთში ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის ვარდნა. სიმონოვი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელს მოხდეს. შემდგომ,  3-5 წლის მანძილზე დინამიკა შენარჩუნდება, მერე კი, კოლოსალური დანახარჯების მიუხედავად, სწრაფი ტემპებით ვარდნა დაიწყება.

ოპტიმისტურად არც სხვ პროგნოზი გამოიყურება, რადგან ამ შეფასების მიხედვით ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის ზრდა აღმოსავლეთ ციმბირის მხოლოდ ახალი საბადოების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს ძალიან ძვრი დაჯდება. თანხების ამ მიმართულებით ჩადების შეთხვევაშიც, ამონაგები ძველებურად „მსუყე“ ვერ იქნება. ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდება. სახელმწიფო თავის დროზე არ ასტიმულირებდა სადაზვერვო ბურღვით სამუშაოებს, თუმცაღა, რუსეთს არც შესაბამისი ტექნიკური საშუალებები აქვს ამისთვის. აღმოსავლეთ ციმბირში ნავთობის არათუ მოპოვებაა რთული, არამედ ჯერ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს: საჭიროა გზების მშენებლობა, შელფზე მოპოვებისთვის კი, გემთმშენებლობაშია ფული ჩასადები.

ამიტომ, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ ამ წარმატებულად წარმოჩენილ სფეროში დაშვებული შეცდომების გამო, ახლა რუსეთის მოქალაქეები უნდა დაიჩაგრონ. სფერო, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის „მეწველ ძროხას“ უწოდებდნენ, სულს ღაფავს. ნავთობის მოპოვების შემცირება და მეორეს მხრივ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო დიდი ფულადი დანახარჯები ეკონომიკაში, სერიოზულ გავლენას მოახდენს. ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამის გამო, უკვე 2012 წლის დასაწყისშივე,  ბენზინის ფასი 8-10%-ით გაიზრდება.

ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთი აქტიურად იწყებს არქტიკული ბრიგადების ჩამოყალიბებას. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე არსებულ სასარგებლო წიაღისეულზე, ნავთობისა და გაზის მარაგებზე, არაერთი სახელმწიფო ამყარებს გეგმებს.

რუსეთის სახმელეთო ჯარებში, 2012 წელს, აქტიურად გაგრძელდება არქტიკული ბრიგადების ფორმირება. რეგიონში ამ ძალების თავმოყრა „სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ მოხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არაა გარკვეულია, არქტიკის რომელ ნაწილში ვის რა ტერიტორია და შესაბამისად, რა სიმდიდრე ეკუთვნის, სამხედრო აქტიურობა რეგიონში უკვე თვალშისაცემია. ექსპერტების ვარაუდით, არქტიკის გამო ომი არ ატყდება, მაგრამ იარაღის ჟღარუნმა, შესაძლოა, სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებებზე იქონიოს გავლენა.