რუსეთში ნატოს აგენტად უკვე პუტინიც ეჩვენებათ...

  11:02:43     07-01-2012

პუტინი - ნატო-ს აგენტი და კრემლის მოღალატე - სწორედ ასე უწოდებს ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთი ავტორი, რომელიც newsland.ru-ზე, სათაურით „პუტინი ნატო-სთან ბოროტ შეთანხმებას მალავს“, სტატიას აქვეყნებს.

საქმე ეხება პუტინის პრეზიდენტობისას რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტს, რომელიც სტატის ავტორის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის ტრიტორიაზე თავისუფალი მოქმედების უფლებას აძლევს.

კრემლის მიერ ნატო-ს მისამართით გამოთქმული ბრალდებებისა თუ მუქარების ფონზე, სტატიის ავტორის „მიგნებები“ მართლაც საინტერესოა. თავად ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ნატო-ს ხსენებასაც კი საშინელ ტრაგედიად აღიქვამს, მაგრამ თავისთავად, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პუტინს ეს „მაკომპრომეტირებელი მასალები“ სწორედ ახლა გაუხსენეს, პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში და იმ დროს, როცა თავად კრემლი ყოველდღე ნატო-თი აშინებს თავის მოსახლეობას. თანაც, ამბავიც, მართლაცდა, გასაოცარია.

„ჩვენ გამოვტოვეთ სენსაცია. რუსეთში მიღებულია 2 კანონი ერთი და იგივე ნომრით, მაგრამ განსხვავებული შინაარსით… „ედინაია როსიას“ მიერ. პირველზე ხელი მოწერილი აქვს პრეზიდენტ პუტინს, მეორეზე პრეზიდენტ მედვედევს - ფედერაციის საბჭოს თანხმობით. ალბათ ამ კანონების შესახებ იციან სხვა პოლიტიკოსებმა - ზიუგანოვმა, ჟირინოვსკიმ, სმირნოვმა, გუდკოვმა, იავლინსკიმ, მაგრამ დუმან.

რატომ მიიღეს ეს კანონები, რატუმ დუმს მათზე ყველა და რას ნიშნავს ეს ყოველივე?
საერთოდ არ ხდება ასე, რომ სხვადასხვა ფედერალურ კანონს ერთსა და იმავე ნომერს ანიჭებდნენ. გამორიცხულია, რომ ეს კანცელარიის შეცდომა იყოს, რომელიც უკვე გამოსწორებული იქნებოდა, რადგან მეორე კანონის გამოქვეყნებიდანაც კი უკვე 7 თვე გავიდა. გამოდის, რომ ესაა შეგნებული ქმედება პუტინისა და მედვედევის მხრიდან“ - წერს ავტორი.

პირველი კანონი მიღებულია 2007 წლის 7 ივნისს. კანონი №99–ФЗ „ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მონაწილე ქვეყნებსა და სხვა ქვეყნებს შორის, რომლებიც პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილეობენ, მათი ძალების სტატუსის 1995 წლის 19 იანვრის  შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის რატიფიცირების შესახებ“, დუმამ 2007 წლის 23 მაისს მიიღო, ის მხრდაჭერილია ფედერაციის საბჭოს მიერ 25 მაისს.

მეორე ფედერალური კანონი 2011 წლის 4 მაისსაა მიღებული იმავე ნომრით: №99 –ФЗ, „საქმიანობის სხვადასხვა სფეროების ლიცენზირების შესახებ“. მიღებულია დუმის მიერ 2011 წლის 22 აპრილს, მასაც 27 აპრილს მხარი დაუჭირა ფედერაციის საბჭომ.

ორივე კანონი ამ ნომრებით გამოქვეყნებულია „როსიისკაია გაზეტაში“, რაც ნიშნავს, რომ  ისინი ძალაში შევიდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კანონი არანაირად არ აუქმებს მეორეს და საერთოდ, არც ახსენებს მას.

სტატიის ავტორი წერს, რომ ეს აღმოჩენაა, რაც თავისი ხასიათით, სპეცოპერაციას ჰგავს. იმიტომ, რომ როგორც ირკვევა, პირველი კანონის შესახებ, რომელიც ნატო-ს ეხება, ყველანაირი ინფორმაცია ინტერნეტში ერთი წლის წინ წაშალეს. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა დოკუმენტის მოღალატური ხასიათის შესახებ  პუტინის ოპოზიცია - გენერალი ივაშოვი და პოლკოვნიკი კვაჩკოვი ალაპარაკდნენ. სწორედ ამის შემდეგ კანონის შესახებ ინფორმაცია აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი გახდა.

იმას, რომ რატიფიცირებულდოკუმენტს შეგნებულად მალავენ, სტატიის ავტორი იმითაც ხსნის, რომ მეორე კანონს - ლიცენზირების შესახებ, სწორედ ნატო-ს შესახებ კანონის შესანიღბად მიენიჭა იგივე ნომერი.

საქმე მაშია, რომ იმ ტექსტითაც, რომელიც „როსიისკაია გაზეტაშია“ განთავსებული, ვერ გაიგებ დოკუმენტის რეალურ არსს, რადგან მას მოქმედებაში მოჰყავს ზოგიერთი ადრე მიღებული დოკუმენტი ნატო-სი. ეს დოკუმენტები კი ამ გაზეთში არაა დაბეჭდილი. ხოლო როგოც ამ „აღმოჩენის“ ავტორის წერს, ეს ძველი დოკუმენტები თვალით არ უნახავთ არც დეპუტატებს და არც სენატორებს - ისე მიიღეს კანონი.  „რა მიიღეს „ედინოროსებმა“ კატა ტომარაში თუ უფრო მსხვილი მხეცი?“ - კითხულობს ის.

რატიფიცირება დუმაში რამდენჯერმე გადაუტანიათ. ბოლოს კი დოკუმენტი უმნიშვნელო ინიციატივებთან ერთად - 70 კანონთან ერთად მიუღიათ, - „ალბათ იმ დროს, როცა სხდომათა დარბაზი ცარიელი იყო. კანონზე ხელი არ მოუწერიათ პროფილურ კომიტეტებს, არც ფედერაციის საბჭოს სამართლებრივ დეპარტამენტს.

რატომ მალავს პუტინი ნატოს-თან დაკავშირებულამ დოკუმენტს? და საერთოდ, ჩვენ საქმე გვაქვს ნორმალურ ადამიანთან? თუ მის თავხედობას უკვე საზღვარი აღარ აქვს? განუსაზღვრელი ძალაუფლება მას ასეთი რამეებისთვის სჭირდება?“ - კითხულობს ავტორი.

რა უძღოდა წინ ამ დოკუმენტის რატიფიცირებას:

რატიფიცირებამდე ამ დოკუმენტს ჯერ ხელი მოაწერეს, -2005 წლის 21 აპრილს ვილნიუსში, რუსეთის ფედერაციის სახელით. დამატებით ოქმზე ხელმოწერა კი  სოფიაში 2006 წლის 28 აპრილს შედგა.

როგორც სტატიის ავტორი განმარტავს, დოკუმენტის ფორმალური არსი მდგომარეობს იმაში, რომ 1995 წლის შეთანხმება „არეგულირებს ერთ-ერთი მხარის  სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივ მდგომარეობას, კერძოდ, იმ  მხარისას, რომელიც სხვა მხარის ტერიტორიაზე მისივე თანხმობით იმყოფება.“

დოკუმენტი დუმაში პუტინმა 2007 წლის მიუნხენის გახმაურებული გამოსვლის შემდეგ შეიტანა, მას შემდეგ, რაც ნატო და აშშ სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიაში დაადანაშაულა და „სპექტაკლი დადგა, ყურადღების გადატანის მიზნით“ - წერს ავტორი და რატიფიცირებული დოკუმენტის შინაარსს აღწერს: ნატო-ს უფლება აქვს თავისი ჯარისკაცებითა და მათი ოჯახის წევრებით, ავიაციითა და ტექნიკით  ჩამოვიდეს რუსეთში, ანუ დიდი ხნით.  რა სტატუსი ექნებათ? რა პასუხისმგებლობა? აღმოჩნდა, რომ რომ მათ აქ შეუძლიათ აკეთონ ყველფერი, რაც შეუძლია აკეთოს არაკეთილისმოსურნემ მიტაცებულ ტერიტორიაზე. მაგრამ არ ექნებათ არანაირი პასუხისმგებლობა რუსეთისა და ჩვენი ხალხის წინაშე. ისიც ვთქვათ, რატომ უნდა მოიწვიოს პუტინმა ნატო-ს ჯარები?  ვის წინააღმდეგ უნდა იომოს? ისევ ჩვენს წინააღმდეგ. და ასეთი შემთხვევა შეიძლება დადგეს, თუკი პუტინის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება. ამიტომაც ანადგურებს პუტინი რუსულ არმიას, ის ნატო-ს აგენტივით და კრემლის მოღალატესავით იქცევა, - ასკვნის წერილის ავტორი.