
მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის სცენარს ტირასპოლში გაიმეორებს?
18:54:52     06-01-2012
დნესტრისპირეთში, რომლიც რუსეთისათვის თავისი სამხრეთ-დასავლეთი სააზღვრის დასაცავად სტრატეგიული ინტერესის ობიექტია, მოსკოვის პოზიციებს საფრთხე დაემუქრა. 1 იანვარს, რუსი მშვიდობისმყოფლის მიერ სამშვიდობო პოსტზე მოლდოველი ვადიმ პისარის მოკვლა, მთლიანად სამშვიდობო მისიის გადახედვის საფუძველი ხდება. ოფიციალური კიშინიოვი მიიჩნევს, რომ რეგიონის დემილიტარიზაცია აუცილებელია, რათა ასეთი შეიარაღებული ინცინდენტები თავიდან იქნას აცილებული. მომხდარის გამო, მოლდოველი ლიბერალები რუსეთის ელჩის გაწვევასაც მოითხოვენ. ლიბერალური პარტია, რომელიც მოლდოვას მმართველ კოალიციაში შედის, მიიჩნევს, რომ რუსეთის ელჩის, ვალერი კუზმინის პოზიცია, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მიუღებელია, რადგან ის მომხდარში მოკლულს ადანაშაულებს.
რუსული მედიის ვერსიით, ვადიმ პისარმა №9 სამშვიდობო პოსტი ავტომანქანით ორჯერ გაიარა. მას სამშვიდობოებმა გაჩერება უბრძანეს, მაგრამ პისარი მოთხოვნას არ დამორჩილდა. როდესაც პისარი უკანა გზაზე ბრუნდებოდა, სამშვიდობოებმა მისი გაჩერება კვლავ სცადეს, თუმცა მძღოლი არ დამორჩილდა და შლაგბაუმი გაიტანა, რის შემდეგაც რუსმა მშვიდობისმყოფელმა მას ცეცხლი გაუხსნა.
გუშინ კი გავრცელდა თვითმხილველის ნაამბობი. კონსტანტინ ბოლოგანი, რომელიც იმ მომენტში მანქანაში პისარის გვერდით იჯდა, ყვება, რომ პირველ ჯერზე მათ სამშვიდობო პოსტი უპრობლემოდ გაიარეს და არც მათი გაჩერება უცდია ვინმეს, ხოლო უკან დაბრუნებულებს ორმა სამშვიდობომ ყოველგვარი გაფრთილებისა და რაიმე მოწოდების გარეშე გაუხსნეს ცეცხლი.
ინცინდენტი უკვე გასცდა კიშინიოვი-მოსკოვის საზღვრებს. რუსეთში კი ისევ ძალაშია პანიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი, შესაძლოა, დნესტრისპირეთში მისი პოზიციების შესუსტების საფუძველი გახდეს.
აშშ-მა უკვე გამოთქვა პოზიცია, რომ მზადაა სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც მოლდოვას, რუსეთისა და დნესტრისპირეთის ძალებისგან შედგება, ეუთო-ს სამოქალაქო მისიისთ ჩაანაცვლოს. ამის შესახებ განცხადება კიშინიოვში აშშ-ის საელჩომ გააკეთა. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა მზადაა ევროკავშირთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონის დემილიტარიზაციის შესახებ დისკუსიაში.
თავის მხრივ, მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა გერმანიამ, ეუთომ კი მოუწოდა მხარეებს, კარგად შეისწავლონ, შეესაბამებოდა თუ არა მოქმედ მანდატს რუსი სამშვიდობოს მოქმედება. მოლდოვაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები უნდა იცავდნენ ინსტრუქციას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია გამართლებული იარაღის გამოყენება.
ეს ყოველივე არ შედის მხოლოდ რუსეთისა და თავად დნესტრისპირეთის ინტერესებში, ტირასპოლი დაჟინებით ითხოვს არსებული ფორმატის შენარჩუნებას, მოსკოვი კი როგორც სხვა მსგავს სიტუაციებში, თავის სამშვიდობოებს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად მიიჩნევს და მათი გაყვანის შემთხვევაში, სისხლიან დაპირისპირებას პროგნოზირებს.
როგორც „პრესა. ჯი“ უკვე წერდა, რუსი ექსპერტები მოვლენების მოსკოვისთვის არასასურველი სცენარით განვითარებას მოელიან. თუ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ფუნქცია შესუსტდება, შესაძლოა, ის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლდეს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც იყოს, რომლის თავის საზღვრებთან მიახლოებისაც მოსკოვს, ცნობილია, რომ ძალიან ეშინია და ამის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერ ავანტურაზეა წამსვლელი.
დნესტრისპირელმაც უკვე დაიწყეს საუბარი კონფლიქტის ზონაში მოვლენების „სამხრეთ ოსეთის“ სცენარით განვითარებაზე, ისინი ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, „რუსეთს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოუწევს“.
ტირასპოლი და მოსკოვი უკვე ნაცნობ თამაშს იწყებენ, დნესტრისპირეთში, ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ძალიან ბევრი რუსულ პასპორტიანი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც რუსეთისთვის „ჩვენი მოქალაქეები“ არიან. საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით კი, მით უფრო, თუ ამას თავად ეს მოქალაქეები „ითხოვენ“, კრემლს „დამაშნიე ზაგატოვკი“ ამ შემთხვევისთვისაც ექნება.
ამ იმედებით, ტირასპოლი უკვე იმუქრება და კიშინიოვს გენერალ ლებედის სიტყვებს შეახსენებს: „თუ მოლდოვას ჯარები არ შეწყვეტენ შეიარაღებულ აგრესიას დნესტრიპირეთის მიმართ, რამდენიმე საათში არმიასთან ერთად კიშინიოვში ვიქნები, - განაცხადა ლებედმა 1992 წელს. თუ ამისკენ მიისწრაფვის მოლდოვა, მაშინ მერე ნუღარ ინანებს“ - ასეთია მოსკოვიდან შეგულიანებული ტირასპოლის პოზიცია.