ტიმოშენკოს ქმარი ჩეხეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

  16:07:22     06-01-2012

როგორც ცნობილი ხდება, ჩეხეთის მთავრობა, კერძოდ, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, 51 წლის ალექსანდრე ტიმოშენკოსათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხს განიხილავენ.

ალექსანდრე ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მეუღლე, სავარაუდოდ, მალე ჩეხეთის რესპუბლიკაში თავშესაფარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ჩეხური გაზეთი „უფლება“ ავრცელებს.

„სავსებით მოსალოდნელია, რომ ტიმოშენკომ ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება პრაღასა და კიევს შორის ურთიერთობას გაამწვავებს“ - წერს გაზეთი.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკური თავშესაფარი ალექსანდრე ტიმოშენკომ 2011 წლის დეკემბერში მოითხოვა. ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კი, სწორედ ეს საკითხი განიხილეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქარელ შვარცენბერგმა და შინაგან საქმეთა მნისტრმა იან კუბიცამ.

გაზეთი იუწყება, რომ ალექსანდრე ტიმოშენკო 2000 წლიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე ბიზნესს ეწევა, სავაჭრო კომპანიის International Industrial Project-ის ერთ-ერთი მფლობელია.

2010 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ტიმოშენკოს მთავრობის წინააღმდეგ. გასულ წელს, ჩეხეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ქვეყნის ეკონომიკის ყოფლმა მინისტრმა ბოგდან დანილიშინმა.

თავად იულია ტიმოშენკოს 2011 წლის 11 ოქტმობერს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ კი, მის საქმეში ფიგურირებს 2009 წელს რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული „გაზის კონტრაქტი“. სასამართლომ ტიმოშენკოს მიყენებული ზარალის, 1,516 მილიარდი დოლარის ანაზღაურებაც მოსთხოვა.