რუსული ეკლესია, კრემლს, სამხედრო აქტიურობისკენ მოუწოდებს

  15:19:42     06-01-2012

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი, რომელიც პატრიარქის ერთ-ერთ „ხმად“ აღიქმება, აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალები ყველა იმ რეგიონში, სადაც ადამიანები ფერადი რევოლუციებისგან დაცვას ითხოვენ.

„რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაშიც, თუკი საჭირო გახდება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. დღეს ამის არ უნდა გვეშინოდეს. ბოლოს და ბოლოს, არმიას ნამდვილი სამუშაო უნდა მივცეთ. ქსელური თავხედები კი შეიძლება მოქმედ ჯარებში გავგზავნოთ. ის, ვინც გადარჩება, ალბათ, ადამიანად იქცევა“ - ასეთია რუსი დეკანოზის აზრი.

მაგრამ ჩაპლინი თავის „შემწყნარებლობას“ კიდევ უფრო განავრცობს:

„რუსეთი კარგავს პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ ის სრულად არ მონაწილეობს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ახლა გავგზავნეთ გემები სირიის ნაპირებთან, ეს კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. ყველა იმ ადგილას, სადაც ადამიანები შეწუხებულები არიან ფერადი ექსპერიმენტებით, რუსეთი სრული მასშტაბით უნდა ჩაერთოს, მათ შორის სამხედრო მოქმედებებში და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩვენი ერის ყველა მამაკაცურმა ელემენტმა, მათ შორის იმ ქსელურმა თავხედებმა, რომლებიც მხოლოდ მაშინ გამოსწორდებიან, როცა რეალურ მამაკაცურ საქმეს შეეჯახებიან, სამხედრო საქმეს“.

რუს დეკანოზს თავისი მოსაზრებები აქვს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროტესტთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან დიალოგი უნდა დაიწყოს, თუმცა არა დღევანდელი საპროტესტო მოძრაობის ლიდერებთან - „არა ნემცოვთან, კასპაროვთან და სობჩაკთან, რომლებთანაც ერთადაც რუსული ორგანიზაციების ლიდერებს ტრიბუნაზე დგომის რცხვენიათ“ - ამბობს ის.

ჩაპლინი კრემლს რეცეპტსაც სთავაზობს, - 90-იანი წლების მემკვიდრეობა უნდა გადაილახოს და „ხოდორკოვსკის უნდა მიყვნენ იმავეში დამნაშავე ადამიანები, რაშიც ისაა დამნაშავე“.

როგორც ირკვევა, ნემცოვისა და ხოდორკოვსკის მსგავსად, ჩაპლინი ანტიპათიურადაა განწყობილი რუსეთში მყოფი მიგრანტების მიმართაც, რომლებსაც კრემლი, პერიოდულად „ბართლომეს ღამეებს“ უწყობს ხოლმე და რუსი დეკანოზიც, ალბათ, კმაყოფილებას განიცდის ამით, რადგან როგორც თავად ჩაპლინი ამბობს, მიგრანტებმა დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიარონ რეგისტრაცია და დღეში სამჯერ თავისი ლეგალური სამუშაო ადგილი დაასახელონ.

რუსეთის პატრიარქისთვის აპარტამენტების კრემლში გამოყოფას, როგორც ჩანს, ფუჭად არ ჩაუვლია. რუსეთის ეკლესიის „გამხმოვანებლად“ მოაზრებულმა ჩაპლინმა პოზიციები დუმის არჩევნებთან დაკავშირებითაც გააჟღერა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებმა კარგად ასახა რუსეთის მოქალაქეების განწყობა, რომლებსაც სტაბილურობა და სოციალური სამართლიანობა სურთ.

ჩაპლინი რუსული ეკლესიის ის წარმომადგენელია, რომელმაც დეკემბრის აქციების დროს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად ძალა უნდა უნდა გამოიყენოს: „არის შემთხვევები, როცა სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ძალა ამბოხების, შეთქმულების ჩახშობისთვის… ძალას ძალით უნდა დაუპირისპირდეს“  - განაცხადა მან.

ჩაპლინი ერთადერთი სასულიერო პირი არ არის, ვინც თავისი არაეკლესიური და აგრესიული ზრახვები ხმამაღლა გააჟღერა. ცოტა ხნის წინ მოსკოვში მიმდინარე აქციების გამო ივანო-ვოზნესენსკის ეპარქიის წარმომადგენელი მამა ვიტალი ეკლესიას მოუწოდებდა, აქციის დასაშლელად შინაგანი ჯარისთვის კურთხევა მიეცა.