კირიონ II ილარიონ ქართველის შესახებ წიგნში - „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“
14:18:36     06-01-2012
ღირსი მამა ილარიონ ქართველი საქართველოს სიამაყეა.
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო. ის გახლდათ დონაურთა დიდებული აზნაურების გვარიდან. ამ გვარის წარმომადგენელი კახეთში ქორეპისკოპოსი გახდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ილარიონი ჭაბუკი გახლდათ. დონაურების მეთაურობით ქართველებმა სოფელ გავაზთან სასტიკად დაამარცხეს არაბთა სარდალი ხალიბ იბნ-იაზიდი, რომელმაც 840-842 წლებში ილაშქრა საქართველოში და ჯავახეთში ჰპოვა სიკვდილი.
შემდეგ დონაურებმა და კახელებმა, წანარებმა, გარდაბნელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ბუღა თურქს და არ შეუშვეს არაგვის ხეობაში და ფეხი არ მოაკიდებინეს კახეთის საქორეპისკოპოში.
ილარიონ ქართველის ანგელოზებრივი ცხოვრებით აღტაცებულმა ბიზანტიის იმპერატორმა სთხოვა ილარიონ ქართველის მოწაფეებს შეესწავლებინათ უფლისწულებისათვის, იმპერატორის ვაჟებისათვის ქართული წერა-კითხვა...
არის ვარაუდი, რომ წმინდა ილარიონი თავად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, თუმცა მისი თხზულებები არ შემორჩენილა. სიყმაწვილიდან ბერად დაყუდებულმა არა ერთი სასწაული აღასრულა საქართველოში. მერე წმინდა მიწაზე მოსალოცად იმოგზაურა, სადაც, ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელი გამოეცხადა. საქართველოში ააშენა რამდენიმე მონასტერი. შემდეგ კი გაეცალა პოპულარობას და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა.
სამშობლოდან გამგზავრებული მამა ილარიონისა და მისი მხლებლების დასახმარებლად კიდევ ერთხელ მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოეცხადა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო და ქართული ენა, ქართველები, ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან. როცა მამა ილარიონი და მისი თანამგზავრები ულუმბოს მთას ეწვივნენ, ერთ ეკლესიაში გაათენეს რამე. ცოტა ხანს იქვე დაჰყვეს და წირვაც ჩაატარეს ქართულ ენაზე.
ამან გააღიზიანა დიდი ლავრის ბერძენი მამასახლისი და ბრძანა უცხოელები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ. იმ ღამეს მამასახლისს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უთხრა:
„ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“.
შეძრწუნებული ბერძენი მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა ილარიონ ქართველს და პატიება სთხოვა.
ეს სიტყვები ქართველი მართლმადიდებლების სიყვარულით არის წარმოთქმული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ, რომლის წინაშეც დიდი დამსახურება მიუძღოდა ილარიონ ქართველს. ანუ, კიდევ აღვნიშნავ, იმ დროს კიდევ ერთხელ განცხადდა - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, და რომელნიც მართლმადიდებელ ქართველებს არ შეიწყნარებენ...
... „მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“.
ეს სიტყვები კარგად უნდა წაიკითხონ რუსმა იმპერიალისტებმა, რომელთაც მართლმადიდებლად მოაქვთ თავის და ღვთისმშობლის წილხვერდ მიწას კი ბომბავდნენ...
ამის გამოძახილი უნდა იყოს ისიც, რომ ბიზანტიის იმპერატორმა, ბასილი მაკედონელმა (867-886) ილარიონ ქართველის მოწაფეებს სთხოვა ესწავლებინათ უფლისწულებისათვის ქართული, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი ხალხის დედაენა...
წმინდა ილარიონმა არა ერთი სასწაული მოახდინა კონსტანტინოპოლში, რომში, თესალონიკში...
წმინდა ილარიონის ცხოვრების შესახებ ბიზანტიაში არსებობდა არა ერთი თხზულება, ცხოვრება თუ შესხმა-საგალობელი. ქართულ სასულიერო ლიტერატურაში არსებობს კიმენური და მეტაფრასული რედაქციები. მისი ცხოვრება, როგორც ვთქვით, თავიდან აღუწერიათ ბერძნებს, საიდანაც ცნობები გადმოიღეს ქართველმა ავტორებმა, და როგორც ჩანს თავის მხრივ დაამატეს კიდეც ის, რაც ბერძნებს არ ეცოდინებოდათ. მის შესახებ არა ერთ ავტორს გამოუქვეყნებია კვლევა. დღეს გვინდა შემოგვთავაზოთ ნაწყვეტი წმინდა კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ II-ს შესანიშნავი წიგნიდან „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“.
კირიონ II-ის წიგნი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" დაიწერა ქართულად, მეგობრების რჩევით ჩვენმა წმინდა მღვდელმთავარმა ის რუსულად თარგმნა, რათა რუსებს ბევრი რამ გაეგოთ და გაეთვალისწინებინათ. დღეისათვის ქართული დედანი დაკარგულად ითვლება. არსებობს მხოლოდ მისი რუსული რედაქცია "Культурная роль Иверии въ истории Руси", რომელიც 1910 წელს გამოიცა. დღეს გვაქვს ამ წიგნის ზურაბ თორიასეული ქართული თარგმანი, საიდანაც ვბეჭდავთ ნაწყვეტს (ქართული მწერლობა, ტ 23).
ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს და უნდა ვეცადოთ წავაკითხოთ რუსებსაც, რომლებიც გაიგებენ რამდენად დიდი დამსახურება მიუძღვის რუსული კულტურის განვითარებაში ივერიას. იქნებ ამის მერე მაინც მოვიდნენ გონს, ღვთის შიშით და თავი დაანებონ ჩვენს დაქვემდებარებაზე უპერსპექტივო ოცნებას...
ილაიონ ქართველის შესახებ სხვა დროს კიდევ ვილაპარაკებთ.
ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში
(ნაწყვეტი)
ილარიონი.
საქართველოსა და ქრისტიანულ აღმოსავლეთში ღვთივსახელმოხვეჭილი დიდი სასწაულმოქმედი ილარიონ ქართველი IX საუკუნეში (829-882 წწ.) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი დონაურის - წარჩინებული გვარის წარმომადგენელი იყო. ქრისტეს ეკლესიის ამ შუქმფინარმა მნათობმა თავისი დიდად ღვაწლმოსილი ცხოვრება თესალონიკში დაასრულა.
ბასილი მაკედონელმა (867-886) კონსტანტინოპოლის პატრიარქის, სოლუნის მწყემსმთავრისა და ოლიმპოს (ულუმბოს) სავანეთა წინამძღვრისაგან ილარიონის წმიდა ცხოვრებისა და სასწაულმოქმედებათა შესახებ როგორც კი შეიტყო, ინება გაეგო, იყო თუ არა ვინმე ცოცხალთა შორის წმიდანის მოწაფეთაგან. მას მოახსენეს, რომ ნეტარხსენებული ილარიონის გარდაცვალების შემდეგ მისი სამი ქართველი მოწაფე ცოცხალია, რომლებიც ისეთსავე ანგელოზებრივ ცხოვრებას ეწევიან, როგორსაც მათი დიდი მოძღვარი ბერი ეწეოდა.
„ჭეშმარიტად, ისინი (ქართველები) სულიერი საუნჯეებია, - დაუმოწმა პატრიარქმა ფოტიმ, -
რომელთაც მწიკვლი არ შეეხება“.
როცა ეს ბერები ბრძანებისამებრ იმპერატორის წინაშე წარსდგნენ, იმპერატორმა ისინი ზეციური ანგელოზებივით მიიღო და დედაქალაქში დარჩენა სთხოვა, შეჰპირდა, რომელ სავანესაც ისურვებდნენ, იმ სავანეს გადასცემდა, ანდა სამეფო სასახლის ახლოს მათთვის სასწრაფოდ სენაკებს ააშენებინებდა. მაგრამ ბერებმა ქალაქის ხმაურს თავი მოარიდეს, რომანიის ხეობაში უდაბური ადგილი აირჩიეს, სადაც იმპერატორმა მათთვის ქართული
მონასტერი ააშენა და გულუხვი შესაწირავებით უზრუნველყო.
აქვე, ამ ახალ სავანეში, იმპერატორმა თავისთვისაც მოაწყო სენაკი, მასში საწოლი საბან-
საგებლითურთ, თაროები წიგნებითურთ დადგა და თქვა:
„ამ ღირსეულ მამათა სიახლოვეს ეს ჩემს ადგილსამყოფელად იყოს, რომ მათი ლოცვებით უფალმა მრავალი ცოდვისგან ჩემი გათავისუფლება ინებოს“.
ილარიონ ქართველის წმიდა ნაწილები იმპერატორის ბრძანებით საზეიმოდ თესალონიკიდან კონსტანტინოპოლში, ხოლო იქიდან გვირგვინოსნისა და პატრიარქ ფოტის (855-897) თანხლებით რომანიის ხეობის ახლად აშენებულ მონასტერში გადაასვენეს. ილარიონი ქართული და ბერძნული ეკლესიის მიერ წმიდანადაა შერაცხილი და ეს ღმერთშემოსილი კაცი 19 ნოემბერს, მისი გარდაცვალების დღეს მოიხსენიება.
იმპერატორი ბასილი წმ. ილარიონის მოწაფეებს დიდ პატივს სცემდა. ერთხელ იმპერატორმა და პატრიარქმა მათ იმპერატორის ვაჟიშვილები ლეონი და ალექსანდრე მიუყვანეს. ბასილმა
ილარიონის მოწაფეებს უთხრა:
„წმიდა მამებო, ილოცეთ მათთვის და ასწავლეთ მათ თქვენი ენა და წიგნი, რათა ისინი თქვენი ლოცვების თანაზიარნი გახდნენ“.
იმპერატორ ბასილის ბრძანებით წმ. ილარიონ სასწაულმოქმედის ცხოვრება ბერძნულ ენაზე ბერმა ბასილმა დაწერა, ბერძნული ენიდან ქართულად თეოფანე ხუცესმა, ხოლო შემდეგ წმ. ექვთიმე ათონელმა (†1028 წ.), ივერიის მონასტრის წინამძღვარმა თარგმნა.