“მისტრალის” რუსეთისათვის მიყიდვა ფრანგ სამხედროებს დისკომფორტს უქმნის

  13:28:23     06-01-2012

საფრანგეთში უხერხულობას განიცდიან იმის გამო, რომ რუსეთს მისტრალებზე გაურიგდნენ. როგორც ფრანგი ექსპერტი ამბობს, ფრანგულ მედიაში მუსირებს აზრი, რომ სამხედრო ხომალდები „არასწორ ხელს გადაეცემა“ და რომ რუსეთმა, მისტრალები, შესაძლოა, საფრანგეთის მეგობრების წინააღმდეგ გამოიყენოს.

თუმცა, საბოლოო ჯამში, საფრანგეთი კმაყოფილია ვერტმფრენმზიდ მისტრალთან დაკავშირებით რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტით.

ფრანგული მხარე მოსკოვთან მომავალშიც აპირებს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას და უკვე წელს მესამე და მეოთხე მისტრალების მშენებლობაზე გაფორმდება კონტრაქტები - იუწყება რუსული მედია.

„მისტრალის გაყიდვის შემდეგ ჩვენი ქვეყანაა მზადაა შესთავაზოს რუსეთს ყველაზე თანამედროვე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ბალისტიკური რაკეტების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ნატო-ს კოდებისა და საბრძოლო მართვის რიგი ავტომატიზირებული სისტემების გარდა“ - აცხადებს „ვალდაის კლუბის“ სამხედრო სექციის წევრი, ფრანგი ექსპერტი არნო კალიკი. (ვალდაის კლუბი - კლუბი დაფუძნდა 2004 წელს, აქ პერიოდულად იკრიბებიან რუსეთის ცნობილი ექსპერტები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე).

შეგახსენებთ, 2011 წლის ივნისში სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს 2014 და 2015 წლებში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის 2 ვერტმფრენმზიდის მიწოდების შესახებ. ფრანგმა გემთმშენებელმა კომპანიამ DCNS კი  უკვე წლის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთმა ავანსად მას 1,2 მილიარდი ევრო გადაუხადა და რომ შესაბამისად, იწყება პირველი ხომალდის მშენებლობა.

გარდა ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის მონაწილეობით კიდევ ორი ხომალდის მშენებლობაზე.
არნო კალიკის თქმით, ახალი კონტრაქტი, შესაძლოა, უკვე წელს იქნას ხელმოწერილი, რადგან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმების გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

„თუ ვილაპარაკებთ ფრანგი სამხედროების მიდგომაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში, დიდწილად, ჯერ ისევ შენარჩუნებულია ღრმა უნდობლობა რუსეთის მიმართ, რომელთანაც, როგორც თვლიან, ყური გამახვილებული უნდა გქონდეს“ - აცხადებს ფრანგი ექსპერტი. მისი თქმით, ისმის მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ თუ საფრანგეთი ასეთივე ხომალდს საქართველოს მიჰყიდიდა, ეს უკეთესი იქნებოდა.

„ეს იქნებოდა სწორი, ასე კი არსებობს რაღაც დისკომფორტის გრძნობა: არასწორად გავყიდეთ, არასწორ ხელს გადაეცემა მისტრალი. მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მითუმეტეს, რომ თვით ფრანგი სამხედრო პირებიც კი აღიარებენ, რომ მისტრალის ყიდვისას რუსეთის ხელგაშლილობას საზღვარი არ ჰქონდა და მოლაპარაკებების დროსაც, ისინი გულუხვები იყვნენ“ - ამბობს კალიკი.

რაც შეეხება ფრანგული მედიის რეაქციას. ექსპერტის თქმით, აქ პრაგმატული მიდგომა ჭარბობს და თემა ობიექტურადაც გაშუქდა: გამოცემები ამ გარიგებას პრეზიდენტ სარკოზის პირად წარმატებად თვლიდნენ.

კიდევ იყო იდეოლოგიური მიდგომა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთისათვის ამ სამხედრო ხომალდების მიყიდვა „ცივი ომის“ საბოლოო დასასრულს ნიშნავს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი შეფასება - ტრაგიკული.

ანუ, ადამიანები, როგორც ექსპერტი ამბობს, ძირითადად სარკოზის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, თვლიან, რომ ეს საშიანელებაა, რადგან რუსეთმა, შეიძლება მისტრალი საფრანგეთის მეგობრების წინააღმდეგ გამოიყენოს. ფრანგულ მედიაში ეს პოზიციაც მუსირებს.

მისტრალების ყიდვით რუსეთი გახარებულია, მაგრამ თავდაცვის მრეწველობაა განაწყენებული, რომელიც ბოლო პერიოდში დავალებებს ვერ ასრულებს და რუსეთის მიერ საზღვარგარეთული ტექნიკის შეძენაც, ნაწილობრივ, ამითაცაა განპირობებული, თუმცა, ეს, რათქმა უნდა, მისტრალის შემთხვევას არ ეხება. თუმცა თავდაცვის სამინისტროს პროფკავშირებმა დაამშვიდეს კოლეგები: რუსეთი ხომალდს იმისთვის კი არ ყიდულობს, უყუროს, როგორ დაცურავს ის, არამედ ყიდულობს ტექნოლოგიებსაც, რომელსაც მომავალში საკუთარ წარმოებაში დანერგავს.