იარაღით ვაჭრობას რუსეთში, პრობლემები და დაბრკოლებები ელის
23:41:38     05-01-2012
ცივი ომის დროს, საბჭოთა სამხედრო კომპლექსი, ქვეყნის უდიდესი საომარი ძალებით მარაგდებოდა. სიტუაცია რეგულარულად მოითხოვდა საბჭოთა კავშირის შეიარაღების 15-25 პროცენტის მობილიზებას, მხოლოდ ცივი ომისთვის. ამ ომის მიწურულს კი ვითარება მეტად უცნაურად განვითარდა, რუსეთის შეიარაღებამ ორი მიმართულება მიიღი: რუსეთისთვის მეტად მომგებიანი გამოდგა იარაღის ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში - ამასთანავე, გაძლიერებულად იგრძნობოდა კონკურენციის დაძლევის სურვილი. ყოველივე კი დადებითად ისახებოდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ექსპორტიორ კომპანია „როსობორონექსპორტის“ ეკონომიკურ მხარეზე. რუსულ სამხედრო სექტორს, ეს ბიზნესი ნამდვილ სასწაულად მოევლინა, რადგან სწორედ ამ საქმიანობით შეძლეს ომის შემდეგ დახარჯული რესურსების აღდგენა. ომის შედეგად, რუსეთმა მყიდველები დაკარგა ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ევროპასა და თავად რუსეთის არმიაშიც კი. თუმცა, ასეთი სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს არ შეიძლება და ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა ნელ-ნელა დაიწყეს. ეს კი რუსეთის ფედერაციისთვის დიდი დარტყმაა, რადგან მას იარაღისა და ენერგორესურსების ექსპორტის გარდა, სხვა არაფრის გატანა არ შეუძლია საერთაშორისო ბაზარზე.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დიმიტრი გორენბურგის მიერ დაწერილი სტატიების სერიით, ვრცელდება ინფორმაცია რუსეთ-ინდოეთის იარაღით ვაჭრობის მასშტაბურობის შესახებ. ამ დამოკიდებულებამ ინდოეთს იარაღის იმპორტიორებს შორის პირველი ადგილი მიაკუთვნა, რუსეთს კი მეორე ადგილი ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ამ სფეროში ყველაზე შესამჩნევ პროექტად იქცა, ყოფილი საბჭოთა ავიამზიდის, „ადმირალ გორშკოვის“ გადაცემა და აღჭურვა. ეს პროექტი კი 2012 წელს უნდა დასრულდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი ინდოეთისთვის ატომური წყალქვეშა ნავის გადაცემა აღმოჩნდა.
რუსეთმა და ინდოეთმა შეძლეს ერთობლივად რამდენიმე მსხვილი პროექტის ხორცშესხმა თავდაცვის საკითხებში. ისინი განსაკუთრებულ აქცენტს სამხედრო ტექნიკასა და ტექნოლოგიების გაცვლაზე აკეთებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის, მეხუთე თაობის გამანადგურებლის, „პაკ ფა“-ს დაპროექტება აღმოჩნდა. ამ პროექტს ფრთოსანი რაკეტის, „ბრამოსის“ შექმნა მოჰყვა. რაც შეეხება პირველ პროექტს, ინდოეთი ნამდვილად უსწრებს რუსეთის ფედერაციას ამ გამანადგურებლების შეძენასა და წარმოებაში. შედეგად კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში საგრძნობლად იცვლება.
შედარებისთვის კარგი იქნება თუ რამდენიმე სიტყვას რუსეთ-ჩინეთის სამხედრო ურთიერთობაზეც ვიტყვით. ცივი ომის შემდეგ, ამ ორ ქვეყანას შორის იარაღით ვაჭრობის დონემ საკმაოდ მოიმატა. თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთსა და ჩინეთს შორის ადგილი უმოქმედობის ხანამ დაიმკვიდრა, რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება მოეძებნოს. ჩინეთი ძველებურად მეტად დამოკიდებულია რუსულ ტექნოლოგიებსა თუ აღჭურვილობებზე. დღეისათვის, ჩინეთის იმპორტი სამხედრო საკითხებში, 2006 წელთან შედარებით ექვსჯერ შემცირებულია. ალბათ ამ ქვეყანაში რუსული იარაღის ექსპორტი სამომავლოდ აღარ გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საკუთარი იარაღის შექმნაზეც ზრუნავს, თუმცა ამ ქვეყნის ტექნიკა და იარაღი ნამდვილად ვერ ჩაითვლება იდეალურად. არ არის გამორიცხული, რომ ოდესმე რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა კვლავ სერიოზული დაძაბულობის საბაბად იქცეს.
რუსეთისთვის სამწუხაროდ, ინდოელები სულ უფრო და უფრო აქტიურად განაგრძობენ დიალოგს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის გარშემო. არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ ხარისხიანი სამხედრო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით გამოირჩევა. ამ ქვეყნის შედარება აღნიშნულ სფეროში რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობებთან ალბათ სასაცილოც იქნება. რა თქმა უნდა, ინდოეთს შეუძლია იმეგობროს როგორც რუსეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, მაგრამ აშშ-ს შეიარაღებისა და ტექნოლოგიების მიმზიდველობამ, დროთა განმავლობაში მოსკოვსა და ნიუ-დელის შორის, შესაძლოა, ურთიერთობის სერიოზული დაძაბვა გამოიწვიოს.
ახალი მყიდველების ძებნა, რომლებიც ინდოეთსა და ჩინეთს ჩაანაცვლებენ, რუსეთისთვის ნამდვილად არ არის მარტივი ამოცანა. ამისათვის საბჭოთა დროინდელი აღჭურვილობა თუ ტექნოლოგიები საკმარისი არ არის, საჭიროა ახალი, ინოვაციური პროექტები და მრავალწლიანი ურთიერთობები ექსპორტიორსა და იმპორტიორს შორის. ჩინეთი და ინდოეთი პოსტსაბჭოთა პერიოდში იმიტომ იძენდა რუსულ იარაღს, რომ ისინი მათ არმიას კარგად ერგებოდა და შეესაბამებოდა. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ ურთიერთობაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თანამშრომლობაც იგრძნობოდა.
რეალურად კი, ჩინეთისა და ინდოეთის დაკარგვის შემთხვევაში, რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. მას ნამდვილად გაუჭირდება ეფექტური პარტნიორის მოძებვნა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ირანი და ვენესუელა ამყარებენ გარკვეულწილად რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო პარტნიორობაზე იმედს. ამასათანავე, წარსულში რუსული იარაღის შეძენით დაკავებული ერაყი და ლიბია ალბათ მომავალში იმავე საქმიანობას აღარ განაგრძობენ. ხოლო არეულობები სირიაში საფრთხის ქვეშ აყენებს რუსეთისა და მისი ერთ-ერთი მსხვილი სამხედრო პარტნიორის ურთიერთობებს.