პოეტები გვილოცავენ - მიხეილ ღანიშაშვილი

  13:54:10     05-01-2012

ახალ წელს გვილოცავს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი:

„ვულოცავ pressa.ge-ს, მის მკითხველებსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას 2012 წლისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მობრძანებას! ღვთის ძალითა და მადლით, ეს ახალი წელი ყოფილიყოს მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიხარულისა და ყველანაირი წარმატებისა ცხოვრებაში! წარმატებულად გვევლოს სიკეთისა და სიყვარულისა გზით!

მრავალჟამიერ აწ და მარადის თქვენი ილტოსპირელი - მიხეილ ღანიშაშვილი!

ახლა კი, საახალწლო განწყობისათვის, გთავაზობთ ჩემს რამდენიმე ახალ ლექსს”:

შობის მოსალოცად

შობას გილოცავთ სუყველას,
რიონელსა თუ არაგველს
გისურვებთ მადლს უფლისაგან
და სასოების არაკებს.

სიმართლის გზებს და ფიანდაზს,
სულის ხვავსა და ბარაქებს,
აურჩევლობას იმ გზისას,
რასაც უფალი არ აქებს.

ჯანმრთელობას და სიყვარულს,
სიკეთეს ცამდე ანაგებს,
რწმენას იმისას, რომ ქვეყნად
ყველაფერს ღმერთი განაგებს.

შემოქმედებას ჭეშმარიტს,
ლამაზ სტრიქონთა ფალანგებს,
ცხოვრებას ისე ლამაზად,
ვით მაცხოვარი ალაგებს.

მარადი მზე დანათოდეს
ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს,
შობაა, შობა, იხარეთ! -
ეს გრძნობა მალაპარაკებს.

ცისთვალები შენთვის

შორს, მაღლა, მაღლა, ღრუბლების ზემოთ,
სადაც ცა ლურჯი ისე ახლოა,
რომ ფიქრობ: თითქოს სულაც არ არის
ძნელი, ადგე და ხელიც კი ახლო...

აი, იქ, სადაც ალპურ ფარდაგებს
ქსოვს მზე და ირგვლივ ხალისით აფენს,
ერთი ლამაზი ყვავილი ხარობს,
რომელიც თითქოს ზეცაში დაფრენს...

ის პატარაა, სუსტი და კდემით
გაჰყურებს სივრცეს და კლდეებს ქვიანს,
ის ციურ თაღთა დედოფალია,
და სახელადაც ცისთვალა ჰქვია.

ლამაზი არის მათი ლაშქარი,
გვირგვინებია ყველა ფერდიბის,
საკმარისია, ერთხელ შეხედო,
შეგიყვარდება და დაენდობი.

მეც შემიყვარდა ეს მთის ასული,
ლამაზი მხრებით, ნაზი ფურცლებით,
დღეს ჩემი გული მისი ბინაა
მარად მყუდრო და მარად უცვლელი.

ჰოდა, შენ გჩუქნი, მთის ყვავილებზე
შეყვარებულო წმინდა ფერია,
ცისთვალებს, ვისი ლურჯი ბაგენიც
მხოლოდ და მხოლოდ შენთვის მღერიან...

სულის ყვავილები

მე თქვენთვის მოვრგე ეს ყვავილები -
ლექსებს ვწერ უკვე დიდი ხანია, -
ეს არის, დღემდე რაც ვიოცნებე,
რაც ვიმწუხარე, ან მიხარია...

მოვაბიბინე, მოვახასხასე
პარნასზე, როგორც დილამ ცვარ-ნამი,
ჩემი ღიმილი, ჩემი ხალისი,
ჩემი სევდა და ჩემი ვარამი...

შევკარი ნაზად, ფრთხილად, ფაქიზად, -
სხვა რამ ძვირფასი არც მეგულება -
და მოგიტანე, ჩემო სიცოცხლევ,
სიყვარულების თაიგულებად...

სიკეთე

დღეს, როცა გაცვდა ფერი ყოველი
და უხეშია სამყარო ისე,
რომ დგას ცხოვრება და ადამიანს
კუნძზე გულგრილად უხერხავს კისერს.

როდესაც სული სავსეა მტვერით,
ჭუჭყით, ტალახით, ყოფის სიმძიმით,
როდესაც ლამის აღარც კი მოჩანს
უფლის მცნებათა ბნელში ციმციმი!..

როცა აღარც კი გგონია, რომ კვლავ,
როგორც მოყვასი, ახსოვხარ ვინმეს,
როდესაც სასოწარკვეთა შენი
სხეულში როგორც განგრენა გირბენს.

რა ბედნიერი ხდები, თუ უცებ
სიკეთე, როგორც მზის სხივი დილით,
შემოაქვთ შენში, რომ დაამარცხო
კარზე მომდგარი განცდა სიკვდილის!

მადლობის მეტი, აბა, რა გეთქმის,
ამ ულმობელი ჟამის ბინადარს,
ღმერთს შეავედრე, შენში პოეტი,
განმეორებით რომ დაიბადა!..