ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულით პოლიტიკური პროცესების ყიდვა შეუძლებელია

  13:06:53     05-01-2012

საქართველოში, რომ პოლიტიკურ პროცესებს ფულით ვერ იყიდი, ეს თავის დროზე პოლიტიკაში ბადრი პატარკაციშვილის გამოჩენამაც დაადასტურა. ახლა კი, ამაში კარჩაკეტილი ბიზნესმენი და მთაწმინდის შუშის სასახლის მთავარი მასპინძელი ოლიგარქი ივანიშვილიც რწმუნდება.

ოლიგარქის პოლიტიკაში გამოჩენას  ეხმაურებიან მსოფლიოს წამყვანი გამოცემები.

ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსის სტატუსის მორგებას უძღვნის სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Times. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უმდიდრესი კაცი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა ლითონისა და მინის $ 50 მილიონიან ნაგებობაში, საიდანაც პრეზიდენტის სასახლის გასაოცარი ხედი მოჩანდა.

ავტორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ოლიგარქს არ გააჩნია ქვეყნის მოქალაქეობა, რაც მისი მხრიდან პარტიების დაფინანსებას, ან საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს.

მთავრობამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის სამმაგი მოქალაქეობის შესახებ შეიტყო, ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები კი მის ბანკში ფულის გათეთრების ბრალდებით, გამოძიებას აწარმოებენ.

მისი მხარდამჭერების თქმით, ივანიშვილმა  44 წლის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  რვაწლიანი მმართველობის შემდეგ, ცვლილებების იმედი გააჩინა. ოპონენტები კი იმაში სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთის ავტოკრატული პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტია.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს ივანიშვილის აღმოჩენებს და აღნიშნავს, რომ უმდიდრესი ქართველი  ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ სიმდიდრე მის  პოლიტიკურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

გამოცემის თქმით,  ბიძინა ივანიშვილი საქართველოში რუსეთიდან 2004 წელს დაბრუნდა. მაშინ პოლიტიკას თავს არიდებდა და ქველმოქმედებაზე იყო კონცენტრირებული.

გამოცემა საქართველოსა და რუსეთს შორის ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  ქართველებისთვის მთავარ პრობლემას დღეს დაკარგული ტერიტორიები წარმოადგენს, ივანიშვილს კი, რომელიც პუტინის კრიტიკას ერიდება ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„2008 წლის აგვისტოში კონფლიქტი ღია საომარ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინ საქართველომ სცადა უკან დაებრუნებინა მეამბოხე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ორმა ქვეყანამ ხუთი დღის განმავლობაში იომა. ისინი საზავო შეთანხმებას იცავენ, მაგრამ ურთიერთობები კვლავ შეწყვეტილია. ნაციონალურმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სექტემბერში გამოკითხვა ჩაატარა. ამ გამოკითხვის მიხედვით, ქართველთა 63 პროცენტი დღესაც საქართველოს სუვერენიტეტისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს განიხილავს, გამოკითხულთა 32 პროცენტი ამართლებს მთავრობის კონფრონტაციულ პოზიციას“– ნათქვამია სტატიაში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყნის ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლას, ვისაც რუსეთი კეთილ მეზობლად მიაჩნია და ვისთვისაც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიულ ერთეულად აღიარება პრობლემას არ წარმოადგენს.