პოეტები გვილოცავენ - ვასილ ბესელია
13:29:13     04-01-2012
ახალ წელს გვილოცავს პოეტი ვასილ ბესელია:
„ახალ წელს ვულოცავ ჩემს საყვარელ მკითხველს. ჯანის სიმრთელე, შვილთა სიმრავლე, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ამ წელს!
გაბრწყინდეს და გამთლიანდეს ჩვენი სამშობლო - მტერთა ჯინაზე და შვილთა ჩვენთა საბედნიეროდ! გვახსოვდეს, ამ ქვეყნის პატრონები ჩვენცა ვართ! ნება მიბოძეთ, საახალწლოდ რამდენიმე ლექსი შემოგთავაზოთ“...
* * *
თუ ჩემი გულის გული გეძებდა -
გაუქმებული ძველი საკირე...
გაკვირვებული
გიწერ ლექსებს და
ვიცი, ლექსითაც ვერ გაგაკვირვებ...
შენს ცაზე დნება
თეთრი ღრუბელი
და ხმაში ისე თბილი ქარია...
ხარ ისე შორი
და დამღუპველი,
როგორც შუბერტის ”ავე მარია”...
რომ ისევ სული
და ხორცი ვგვემო,
ვუბერავ ღველფს და ცეცხლს
ვეწვალები;
ხომ შეიძლება
ხმას ჰქონდეს გემო,
ჰქონდეს ფერი და ჰქონდეს
თვალები...
თითების სითბოს
დაეძებს მაჯა,
(ასე ყინულზე ტირის მზის სხივი);
...და რაც შენამდე,
შენს იქეთ დარჩა,
მახსოვს
ცხვირიდან წამსკდარ სისხლივით...
ვარ ცოდვილივით
ცას მიბნეული
და მეცხრე ცაზე ბოლო ზარია...
...შენ კი თბილი ხარ
და მტკივნეული
როგორც შუბერტის ”ავე მარია”...
* * *
შენ, დავიწყებულ
ზამთრის რტოებში,
დაეძებ ფერს და
დაკარგულ ბგერებს,
და ჩემს უხსოვარ სიმარტოვეში
ისევ ბრუნდები
დიდი ხნის მერე.
მწარე მორწმუნის
წესით და რიგით
გავედრებ ჩემი ცხოვრების დომხალს...
და ისევ იქ ვარ,
იმ საზღვარს იქით-
კაციც რომ ხარ და
ფრინველიც რომ ხარ.
მე მოგანატრებ
გასაფრენ სივრცეს
და ჟრუანტელით გაკვამლულ ბუხარს,
რომ თუ ხარ ქალი -
ფრინველად იქცე,
რომ ქალად იქცე
ფრინველი თუ ხარ...
* * *
შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი
და დაქანცული სულის გოდება,
ვარ ქარიშხლებით დაღლილი გემი,
გაამინდებას რომ ელოდება.
მწვანე თვალების წვიმიან მაისს
რა უხილავი ცოდნია გზები,
მე მინდა გწამდეს-შენ ერთი მაინც,
რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები.
და როცა სული მიიწევს მაღლა,
როს წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები,
მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლა,
მითხარი, ხომ არ დამემდურები?!
თუ გაზაფხული ყვავილობს შენში
და შენს გაზაფხულს გვერდს ვერ ავუვლი,
თუ სუნთქვა ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში,
ხომ არ იქნება დანაშაული?!
თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,
შენი თვალების მორევს ჩავიტევ.
შენი ტუჩების თუ გამყვა გემო,
მითხარი,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
არადა, სული მიიწევს მაღლა
და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები,
მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლა
მითხარი, ხომ არ დამემდურები?!