ალენ დელონი – მამაკაცური სილამაზის სიმბოლო

  12:13:53     04-01-2012

ალენ დელონი, ფრანგი მსახიობი, 1935 წლის 8 ნოემბერს, პარიზის მახლობლად - სოში დაიბადა. მამა კინოთეატრის დირექტორი იყო, დედა აფთიაქში მუშაობდა და ბაზარშიც ვაჭრობდა. როცა 5 წლის იყო, მშობლები გაიყარნენ. დელონი იხსენებდა: "ჩემმა მშობლებმა ცხოვრება ცალ–ცალკე მოიწყვეს. ბავშვები გაუჩნდათ. 8 წლის ვიყავი, როცა პანსიონში მოვხვდი, საიდანაც აუტანელი ყოფაქცევისთვის პერიოდულად მაგდებდნენ".

თექვსმეტი წლის იყო, როცა ყასაბად დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს ველოსპორტით და კრივით ერთობოდა, კინოში დადიოდა, დედასთან სკანდალებს აწყობდა სანამ ბოლოს, 17 წლის, ინდო-ჩინეთთან ომში არ წავიდა. "ომმა საშინელება დამმართა: ილუზიების ნარჩენები და იმედების ნაგლეჯები ჩამიკლა. იქ სამუდამოდ დავტოვე ბავშვობა. ბევრი არაფერი მინახავს. ქუჩაში თუ მოხდებოდა პატარა შებრძოლება. თავს მამაკაცად ვგრძნობდი. უბრალოდ ვთამაშობდი კაცს, იარაღი მქონდა".

1956 წელს ალენი პარიზში დაბრუბდა. მეგობართან ერთად ბინას ქირაობდა ლა პიგალზე და იქ გოგოები მიჰყავდა. მომავალი მსახიობი გაზეთებს არიგებდა, მიმტანად მუშაობდა. მერე, როგორც იქნა ბედმა გაუღიმა და ქუჩაში "ტალანტებზე მონადირე" ჰარი უილსონს გადაეყარა. ალენს პირობა დაუდეს, 3 თვეში ინგლისური უნდა ესწავლა და 7-წლიან კონტრაქტს დაუდებდნენ.

ამის შემდეგ, ფრანგმა რეჟისორმა ივ ალეგრემ მეორეხარისხოვან როლზე მიიწვია. ეს იყო დიდებული შანსი და ალენმაც გამოიყენა. ამერიკაში, რა თქმა უნდა, არ წასულა. ფილმში "როცა ქალი ერევა" განგსტერი ითამაშა და კინოკარიერა დაიწყო:

"ბევრი ვიტანჯე, ხანდახან ვცდებოდი, მაგრამ მიყვარდა". ასე მოკლედ, ალფრედ მიუსეს სიტყვებით აღწერა თავისი ცხოვრება ალენ დელონმა, რომელიც რომანტიკული სუპერგმირისა და მამაკაცური სილამაზის სიმბოლო გახდა. რამდენი მეგობარი ქალი, პარტნიორი, ცოლი, საყვარელი ჰყავდა? - ოფიციალურად დაქორწინებული სამჯერ იყო, ორმა ქალმა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სხვებს - ლამაზებს, ნიჭიერებს, ჭკვიანებს და მომხიბვლელებს - უბრალოდ არ შეეძლოთ, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მის გვერდით არ ყოფილიყვნენ. სხვაგვარად დელონი დელონი არ იქნებოდა.

მონაცრისფრო-ცისფერი თვალები, სქელი შავი წარბები, რომანტიკული მზერა ირონიული ღიმილით. ლამის ყველა ქალს ხიბლავდა, უყვარდა ლამაზები და მიმზიდველები, როგორიც თავად იყო. 

პირველი და, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი და ვნებიანი სიყვარული მომხიბვლელ, ქალურ და... ტრაგიკულ რომი შნაიდერს აჩუქა.

1958 წელს როზმარი ალბახი, რომელიც საფრანგეთში რომი შნაიდერი (დედის გვარზე) გახდა, უკვე ცნობილი მსახიობი იყო. როცა რეჟისორი პიერ-გასპარ იუტი "ქრისტინაში" პარტნიორად იმედისმომცემ ახალგაზრდა კაცს დაპირდა, რომი დაინტრიგდა. საგულისხმოა, რომ ამ ფილმისთვის ჰონორარად რომიმ 75 მილიონი ფრანკი მიიღო, დელონმა კი - მხოლოდ 300 ათასი.

ალენი აეროპორტში ვარდების თაიგულით დახვდა რომის, რომელიც ამ დროს გერმანელ მსახიობ ჰორსტ ბუხგოლცზე იყო შეყვარებული. ამის მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ რესტორან "ლიდოში" წასვლას დათანხმდა. იქ მიმიკებისა და ჟესტების საშუალებით ისაუბრეს - რომიმ ფრანგული არ იცოდა, არც ალენმა იცოდა - გერმანული. ძალიან მალე ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ გადაღებებიც ავიწყდებოდათ. პარიზის ცენტრში, სენის სანაპიროზე ბინა იქირავეს.

1959 წლის 22 მარტს ჯვარი დაიწერეს, მაგრამ ხანგრძლივი, მღელვარე, მტანჯველად ვნებიანი რომანი ოფიციალური სამოქალაქო ქორწინებით მაინც არ დასრულდა.

პროფესიულმა მოვალეობებმა, თითქოს ჯინაზე, დააშორა ისინი. ალენი იტალიაში გაემგზავრა, რომი გფრ-ში მუშაობდა. ქალი იტანჯებოდა, კაცი - ნაკლებად. ის ვარსკვლავი გახდა. წარმატებას სულ რაღაც 5 წელიწადში მიაღწია.

ახალი და საინტერესო ნაცნობობებით გატაცებული ვერ ხედავდა, ან არ სურდა, დაენახა, როგორ იტანჯებოდა რომი. ერთხელაც ვარდების უზარმაზარი თაიგული გაუგზავნა ბარათით, ლაკონური ტექსტით: "მშვიდობით". რომის ძალიან გაუჭირდა განშორებასთან შერიგება. დრამატიზმით სავსე მისი  ცხოვრება თვითმკვლელობით დასრულდა. განშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ისინი ერთად თამაშობდნენ "აუზსა" და "ტროცკის მკვლელობაში", თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.  მსახიობის დედა, მაგდა შნაიდერი რომის სიკვდილის შემდეგ, 1982 წელს წერდა: "მასთან იმის გაკეთება შეეძლო, რასაც ისურვებდა. ამბორებითა და ცემით ახალ მორალს ათვისებინებდა, რომლის არსი ის იყო, რომ მამაკაცისთვის ყველაფერი შეიძლება..."

 1962 წელს დელონმა ლუკინო ვისკონტის "ლეოპარდისთვის" ოქროს პალმის რტო მიიღო. ამ დროისთვის, მის ცხოვრებაში ღამის მოდური კაბარეს ლამაზმანი ფოტოგრაფი ნატალი ბარტელემი გაჩნდა. ნატალი გარეგნულად ძალიან ჰგავდა დელონს და ხშირად თავს მის დად ასაღებდა. ბატონ ბარტელემის 17 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად, გოგონა გაუჩინა და 19 წლისა უკვე გაეყარა. 

ნატალი და ალენი დაახლოვდნენ. როცა ალენი ესპანეთში "შავი ტიტას" გადასაღებად გაემგზავრა, ქალი მალე დაედევნა და შეატყობინა, რომ ბავშვს ელოდებოდა. შეყვარებულებმა პატარა სოფელში დაინიშნენ და 1964 წელს 13 აგვისტოს შეუღლდნენ.

რომიმ ახალი ამბავი გაზეთებიდან გაიგო.

"ერთ ბრძენს უთქვამს: ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტებაო. ხშირად ვფიქრობ ამაზე.  ბოროტება ქალი უფროა, ვიდრე ქორწინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ქალი - აუცილებელი, ძალიან საჭირო ბოროტებაა," - ფილოსოფოსობდა დელონი.  ამერიკაში უფრო "მეტრო-გოლდვინ-მაიერთან" კონტრაქტის გამო გამემგზავრა, ვიდრე საქორწინო მოგზაურობაში. 1 ოქტომბერს ალენს და ნატალის ბიჭი, ენტონი შეეძინათ. მსახიობი ბედნიერი იყო: ახლა მამა ვარ, ცოლი მყავს, ვეცდები, კარგი ქმარი ვიყო... ალბათ ამას უცებ ვერ ისწავლი..."

სწავლა ვერ მოასწრო, 4 წლის შემდეგ ოჯახი დაინგრა. ნატალი ძლიერი ქალი აღმოჩნდა, რომლისთვისაც პიროვნული თავისუფლება ისევე აუცილებელი იყო, როგორც დელონისთვის. "ქორწინებაში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ უნდა დაკარგო თავი. მე და ალენი კომპრომისების გარეშე ვცხოვრობდით. დღეს მამაკაცები უსუსურები არიან. ქორწინებაში მხოლოდ საკუთარი ნახევრის ესმით, საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან. მზად არ არიან ოჯახური ცხოვრებისთვის. როცა საყვარლის ან შეყვარებულის ნაცვლად ხელში ცოლი შერჩებათ, შიში აიტანთ ხოლმე..." შვილი დელონთან დარჩა. ყოფილმა მეუღლეებმა გადაწყვიტეს, რომ ენტონის გაყრაზე არაფერი უნდა სცოდნოდა. დღესასწაულებს ხშირად ერთად აღნიშნავდნენ. ალენს ბიჭთან ურთიერთობა არ ეწყობოდა. ახლა კი ამაყობს შვილით. 

როცა "აუზისთვის" (1969) მსახიობ ქალს ეძებდნენ, დელონმა ჟაკ დერეს დამარწმუნებლად უთხრა: "მხოლოდ რომიო" და მანაც დაუჯერა: რომი შნაიდერის ბერლინურ ბინაში სატელეფონი ზარი გაისმა. ალენ დელონმა ქალს ფილმში ერთად თამაში შესთავაზა. ამ დროისთვის რომი გათხოვილი იყო და შვილი - დევიდი ჰყავდა. "გული ისევ პირველი სიყვარულით აფორიაქდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელებას ჩავდიოდი, მაგრამ თავის შეკავება არ შემეძლო. დელონმა სიცოცხლე დამიბრუნა, რომლისგანაც გაქცევას ვაპირებდი... საყვარელ საქმესთან დამაბრუნა..." — აღიარებდა შნაიდერი. ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ სიყვარულს ძველი ძალა აღარ ჰქონდა. დამეგობრდნენ და უყურებდნენ, როგორ თამაშობდნენ მათი ბიჭები ერთად. მთელ საფრანგეთს კი ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა: უყვართ თუ არა ისევ ერთმანეთი?

გადაღებებმა ორივე დატანჯა. არც მალავდნენ. სურათის გმირები და მათი ბედი ალენის რეალურ ცხოვრებას ეხმიანებოდა. 

რომიმ თავი 1982 წლის 28 მაისს მოიკლა. ქმართან, ჰარი მეიენთან გაყრა და მისი თვითმკვლელობა, მძიმე ოპერაცია თირკმელებზე - ტკივილის გასაყუჩებლად მომარჯვებული ალკოჰოლი და ნარკოტიკები. ისევ გათხოვდა, მაგრამ 14 წლის დევიდიც უბედურმა შემთხვევამ შეიწირა. ალენ დელონმა რომის დაკრძალვის დღეს თქვა: "ერთად ხუთი წელი ვიცხოვრეთ. შენ ჩემთან... მე შენთან!.. მერე ცხოვრებამ დაგვაშორა. დაუოკებელი იყავი... როგორ უნდა ავხსნა ის, რომ ჩვენგან სრულიად განსხვავებული ადამიანების თამაშისას ჩვენ... საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავთ. "აუზის" შემდეგ შენ ჩემთვის და გახდი, მე შენთვის - ძმა.  ჩვენი ურთიერთობა ნათელი და სუფთა გახდა. ვნება გაქრა და მის ნაცვლად უფრო მშვენიერი გრძნობა - მეგობრობა დაიბადა..."

რომისთან განშორებისა და ნატალი დელონთან განქორწინების შემდეგ, ალენი წვეულებაზე მომხიბვლელ ქერათმიან ლამაზმანთან, მირეი დარკთან ერთად გამოჩნდა. მაღალი, ტანადი, გრძელფეხება მსახიობი 1960-იანებსა და 1970-იან წლებში ქალური სილამაზის ეტალონად და სიმბოლოდ ითვლებოდა. ალენთან დიდი ხნით მოვიდა. ერთად 15 წელი იყვნენ. 

1981 წელს, როცა დელონს მორიგ ფილმში იღებდნენ, მის ცხოვრებაში ახალი ქალი გაჩნდა - ახალგაზრდა მსახიობი ან პერიო. ერთი წლის შემდეგ დარკი ავტოკატასტროფაში მოხვდა. ალენი მაშინვე მასთან გაჩნდა: ყველაფერს აკეთებდა, რომ მირეი ფეხზე დამდგარიყო. "ყოველდღიური ზრუნვით, ყურადღებით და ალერსით ალენმა სიცოცხლის რწმენა დამიბრუნდა..." მაგრამ როცა დარკმა ჰოსპიტალი დატოვა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 

"დიდმა კალიამ" (როგორც ფრანგები მირეის უწოდებდნენ) მარტოობა აირჩია. არც მეგობრებს ხვდებოდა, არც კოლეგებს. დეპრესია დიდხანს გაუგრძელდა, მერე პიერ ბარეს გაჰყვა ცოლად.

1984 წელს ალენ დელონი კეტრინ პერონთან (ქალიშვილობის გცარი - ბლეინიე), "ფორმულა -1"-ის მრბოლელის, დიდიე პერონის ქვრივთან ერთადაა.

1991 წლის გაზაფხულის დასაწყისში, დელონმა ისეთი ჯილდო მიიღო, ნებისმიერ ფრანგს რომ გულს აუჩქროლებს: "საპატიო ლეგიონის კავალერი" გახდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ელისეის სასახლეში დაჯილდოებისას "საფრანგეთის სახე" უწოდა. იმ დღეს ალენი პირველად გამოჩნდა ახალ თანამგზავრთან, მომხიბვლელ როზალი ვან ბრემენთან ერთად. ჰოლანდიელ მანეკენს უკვე ლიცეუმში ესწავლა და ბაკალავრის ხარისხიც მიეღო. ამ ქალის ძალა მარტო გარეგნობაში კი არა, სხვადასხვა სფეროში ფართო განათლებაც იყო - გეოლოგია იქნებოდა თუ ისტორია, ლიტერატურა თუ უცხო ენები (ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს). როცა კარიერის დიდი მონაკვეთი (მისივე აღიარებით) უკვე გავლილი იყო, ალენ დელონს ოჯახური იდილია მოწყურდა. როზალი ჯერ კიდევ არ იყო მისი ცოლი, როცა 1990 წლის 25 ნოემბერს ანუშკა დაიბადა, 4 წლის შემდეგ კი - ალენ-ფაბიანი. 

საინტერესოა მათი გაცნობის ამბავი: 1987 წელს დელონმა სიმღერების ფირფიტა გამოუშვა და ტურნესთვის ემზადებოდა. ქორისტი ქალებიც უნდა გაჰყოლოდნენ. ერთ-ერთი ავად გახდა,  მეორეს საქმეები გამოუჩნდა და რეპეტიციაზე მისვლა მეგობარს სთხოვა. ეს მეგობარი არ მღეროდა, არც ცეკვავდა, უბრალო მანეკენი იყო. "შევხვდი და მაშინვე შემიყვარდა. მას შემდეგ ერთმანეთს აღარ ვცილდებოდით. როზალი საოცარი ქალია, ძალიან ლამაზია, და ასეთი კარგი დედა მე არასდროს მინახავს."

ალენ დელონმა ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. მრავალი წლის განმავლობაში, როცა ფრანგებს ეკითხებოდნენ, ვისთან ივახშმებდითო, პირველ რიგში, ისევ ალენ დელონს ასახელებდნენ. მსახიობსაც კი უკვირდა და ამბობდა: დაუჯერებელი.. აქამდე!"

დელონმა საკუთარი კინოსტუდია დააარსა, მდიდრული მამულები და ავიაკომპანია აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო საჯინიბო, ასამდე საუკეთესო ჯიშის ცხენით. უმდიდრესი სამხატვრო გალერეა, ნამდვილი დიურერით და რემბრანდტით. მისი ფაბრიკები მისივე სახელის ოდეკოლონს უშვებენ. გამოდის დელონის ფირფიტები. მოკლედ, საკუთარი იმპერია შექმნა. თუმცა ულამაზესი ქალების სიყვარულით განებივრებული და თვალისმომჭრელი საბანკო ანგარიშების პატრონი მარტოა და სულ ამბობს, რომ სურს უყვარდეთ ის და არა მისი იმიჯი.

1997 წელს ის როზალის დაშორდა. რაც მოხდა, მოხდა. წარსულისკენ მიბრუნება არ მიყვარსო, - ამბობდა...

მთელი მსოფლიო საფრანგეთის სიმბოლოდ გთვლით, ამაყობთ?

– რა თქმა უნდა, ვამაყობ. ჩადიხარ, ვთქვათ, იაპონიაში და ტაქსისტი გეუბნება: "ე. ი. თქვენ ფრანგი ხართ. ალენ დელონივით და შარლ დე გოლივით". ისინი იცნობენ გენერალ დე გოლს და ალენ დელონს.  უკაცრავად, მაგრამ ყოფილი ყასაბისთვის ცუდი სულაც არაა. 

როგორი ქალები გეჩვენებათ მომხიბვლელებად? 

ჩემთვის ქალის სილამაზე და ხიბლი ერთგვარი  ხილვა და გამოცხადებაა. არც კანის და არც თმის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ხედავ და რაღაც აინთება! აი, ესაა!

eva.ge