ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად

  11:48:06     04-01-2012

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ახალ, 2012 წელს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ადლიის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს დღესასწაული მიულოცა და პირადი ბედნიერება, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება უსურვა. „ჩვენი მოვალეობაა, რომ ახალ, 2012 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად შევხვდეთ. თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან დიდი პატივია და დანარჩენი საქართველოს სახელით, ეს პატივი მე მხვდა წილად. ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ბევრი სადარდებელი აქვს. ჩვენი ქვეყნის ნაწილი მტერს აქვს ოკუპირებული. ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებენ. გუშინ ავღანეთში ბესო ნინიაშვილი დაგვეღუპა, ჩვენი მებრძოლები მანამდეც დაიღუპნენ და მათი ხსოვნის წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსე ვხვდებით მომავალ ახალ წელს. ხვალინდელ დღეს ვხვდებით იმ იმედით აღსავსე, რომ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას, ბოლომდე დავაყენებთ ფეხზე. ჩვენ არასდროს არ დავუჩოქებთ მტერს და საქართველოს განადგურების მოსურნეებს.

 მინდა ჩვენი დაცემული ბიჭები გავიხსენო. ყველანი, ვინც მწყობრში ვდგავართ, საქართველოს ჯარისკაცები ვართ. ისე არავინ არ ეამაყება ქართველ ერს, როგორც თითოეული თქვენგანი. ქართველ ერს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს, მეომრის უდიდესი ნიჭითაა დაჯილდოებული და დიდი სიბრძნით გამოირჩევა. ჩვენ ვართ მეომარი, მებრძოლი, მეამბოხე ერი, რომელმაც ყველაფერს სწორედ ამ ურყევი სულის გამო გაუძლო. მე მინდა თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი, გისურვებთ პირად ბედნიერებას, მხნეობას, გამძლეობასა და გამარჯვებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს წელი არის ახალი განვითარების, რეფორმების და წარმატებების წელი. ”გასული წელი ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ახალი წელი არის ახალი განვითარების, ახალი რეფორმების და ახალი წარმატებების საწინდარი. დღესაც, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიულოცა სამხედროებს ახალი წელი, რაც პრინციპში ერთგვარი ტრადიციაა და ჩვენი სამხედროები მეტ-ნაკლებად ამ მხრივ განებივრებულები არიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს”-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

mod.gov.ge