ალჟირში „ალ–ქაიდას“ ერთ–ერთი ლიდერი მოკლეს

  13:07:03     03-01-2012

რევოლუციების და სამოქალაქო ომების შემდეგ, ჩრდილოეთ აფრიკაში ვითარება საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ დალაგდა. სამხედრო მოქმედებების შედეგად, რიგ ქვეყნებში უკონტროლო პროცესები დაიწყო, რამაც ტერორისტული და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები გაათამამა. ამ ეტაპზე, ლიბიის გარდა, საკუთარი პოზიციების განმკიცებას, რადიკალი ისლამისტები ალჟირშიც ცდილობენ. ალჟირის ხელისუფლება არმიის დახმარებით უკვე დიდი ხანია ებრძვის ქვეყნის სხვადსხვა რეგიონში თავშეფარებულ კრიმინალებს.

გავრცელებული ცნობით, ალჟირელმა სამხედროებმა მუჰამედ ურამდანე მოკლეს. ურამდანე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ–ქაიდას“ ქსელის გავლენიანი წევრი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. მასთან ერთად, მოკლულია მისი მოადგილეც.

როგორც ცნობილი ხდება, სამხედროებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც ტერორისტების ლიდერის ადგილსამყოფელი გაირკვა და ამის შემდეგ, პროვინცია კაბილში ჩასაფრება მოეწყო. ოპერაციის დროს, ურამდანე და მისი მოადგილე დაცხრილეს, ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მუჰამედ ურამდანე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ალ–ჰიჩხაჩე, 1992 წლის ალჟირის სამოქალაქო ომში მონაწილეობდა. ქვეყანაში ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედროებმა იარაღის ძალით არ დაუშვეს ისლამური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა. უკანასკნელ წლებში, ტერორისტმა რამდენიმე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზება მოახდინა კაბილში.

ალჟირის სასამართლომ, ამის პარალელურად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა „ალ–ქაიდას“ სხვა ლიდერს, ებდელჰამიდ აბუ ზიადას. ის გაასამართლეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისათვის, რომელმაც 2003 წელს, ევროპული ქვეყნების 32 მოქალაქის გატაცება მოახდინა და ასევე, ორგანიზება გაუკეთა ტურისტების სხვა გატაცებების სერიას. სასამართლომ პატიმრობის განაჩენი, აბუ ზიადთან ერთად, მის ათ ნათესავსაც გამოუტანა.