რუსები ლაზიკამ დააფრთხო: „სააკაშვილმა ქიში გამოაცხადა“

  12:21:50     03-01-2012

სამეგრელოში ქალაქ ლაზიკის მშენებლობის პერსპექტივამ რუსეთი დააფრთხო. სააკაშვილის იდეა წყალში ყრის მოსკოვის კოლოსალურ „ოლიმპიურ დანახარჯებს“ და რუსეთის ზღვისპირა თუ სამთო-სათხილამურო კურორტების კლასტერსაც კლიენტს ართმევს, - ასე ფიქრობენ თავად რუსეთში.

ჟურნალისტი ალბერტ აკოპიანი, რომელიც ამ თემაზე მასალის დაწერამდე აუცილებლად გაესაუბრებოდა ექსპერტებსა და სხვა კომპეტენტურ პირებს, კრემლს აფრთხილებს, რომ ლაზიკით „სააკაშვილი სოჭს შაჰს უცხადებს“ და აი, რატომ:

აკოპიანი წერს, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის გრაფიკის დარღვევის მიუხედავად, მოსკოვი, ალბათ, უმაღლეს დონეზე ჩაატარებს ოლიმპიადას, რომელიც 16 მარტს დასრულდება. მაგრამ რა იქნება 17-ში?
სწორედ აქაა შუაში ლაზიკაც. აკოპიანი შეახსენებს მკითხველს, რომ „2011 წლის 4 დეკემბერს, რუსეთის დუმის არჩევნების დღეს (დამთხვევაა?) საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმყოფებოდა რა ზუგდიდში, ახალი ზღვისპირა ქალაქის მშენებლობის გრანდიოზული გეგმა დააანონსა - აფხაზეთის საზღვრის სამხრეთით. პორტის მშენებლობა და სამელიორაციო სამუშაოები სოფელ ანაკლიასა და ყულევს შორის უკვე 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება. 22 დეკემბერს კი, სააკაშვილმა დააანონსა მომავალი ნახევარმილიონიანი ქალაქის არქიტექტურული პროექტის კონკურსი… თბილისში აბობენ, რომ ახალი წლის დასვენების დღეებში, მომავალი მშენებლობის რაიონში, ერთმანეთს შეხვდნენ ორი მსხვილი და კონკურენტი საარქიტექტორო ბიუროს ხელმძღვანელები. ისე, უბრალოდ, მივიდნენ, შეხედეს ზამთრის ზღვას, გაისეირნეს, დაათვალიერეს, იფიქრეს, შეხვდნენ, შეცბუნდნენ… პროექტი ლაზიკა შეძლება გახდეს სერიოზული გამოწვევა პოსტოლიმპიური სოჭისთვის“.

აკოპიანი ყველა მიმართულებას მიმოიხილავს და ის პირველი არაა, ვინც ისედაც, ლაზიკის გარეშეც სკეპტიკურად უყურებს ოლიმპიადის შემდგომ სოჭის განვითარების პერსპექტივას,  შესაბამისად, არც იმ დანახარჯებს ამართლებს, რომელიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის გამოიყოფა, რადგან: მონრეალი ხარჯებს 30 წლის განმავლობაში ინაზღაურებდა და მხოლოდ 2006 წელს დაფარა ბოლო ვალი.  რეკორდული დანახარჯები იყო ათენის ოლიმპიადაზე და ამან იმ დონემდე მიიყვანა საბერძნეთი, რომ ქვეყნის ეკონომიკის კრახი გამოიწვა.

რუსეთი, 2014 წლისთვის საბერძნეთზე ორჯერ მეტს დახარჯავს. მაგრამ  ეს დანახარჯები გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიძგს მისცემს რეგიონის საინვესტიციო გარემოს განვითარებას მომავალში. იქნება ასე სოჭში?

ბიზნეს-სექტორს თავიდანვე არ სჯერა სოჭის მომავლისა. დეველოპერებს აინტერესებთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია ოლიმპიადის შემდეგ? განვითარდება თუ არა რეგიონი ასე ინტენსიურად მომავალშიც?
მით უმეტეს, რომ არსებობს კომპანია Jones Lang LaSalle Hotels-ის ამასწინანდელი დასკვნა, რომ სოჭის სასტუმროები ოლიმპიადის შემდეგ ვერასოდეს შეივსება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს დღევანდელ  ბინადართა რაოდენობა 0,9 მილიონი, 3,2 მილიონამდე გაიზრდება. ექსპერტები მიანიშნებენ: ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კანი და ნიცა, ცოტა ვინმე თუ მიდის უბრალოდ პლაჟზე გასასვლელად, იქ განვითარებულია ტურიზმი, შოპინგ-ტურები, გასტრონომიული ტურები, მათ შორის – ღვინის…

აკოპიანის პროგნოზი ასეთია: შეიძლება მოხდეს ის, რომ სოჭი მიიღებს გადასარევ ინფრასტრუქტურას, უმაღლეს დონეზე ჩაატარებს თამაშებს, გააცილებს სტუმრებს და… სამომავლოდ, ქალაქი დეგრადაციისთვის იქნება განწირული. სახელმწიფოს პირველ პირებს შუძლიათ იპოზიორონ კრასნაია პოლიანაში თხილამურებზე, მაგრამ 2014 წლის 17 მარტს ეტლი გოგრად გადაიქცევა. სოჭი კი კვლავ არაფრით გამორჩეული იქნება იალტისა და ვარნასაგან.

აქ აფხაზეთის ფაქტორიც საყურადღებოა - მიაჩნია აკოპიანს, რომელზეც ქვესათაურით -„ჩვენი საუკეთესო მეგობარი“ - წერს.

„თითქოსდა, რა შუაშია აქ აფხაზეთი? აფხაზეთი წინა პლანზეა. ოლიმპიადისთვს აუცილებელაი სარეზერვო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით, რომელიც შეძლებს საერთაშორისო რეისების მიღებას. უახლოესი კი - ადლერიდან 120 კილომეტრში მდებარე, არის დრანდის აროპორტი სოხუმში. როგორც ჩანს, ცნობილი საერთაშორისო-სამართლებრვი ხასიათის სირთულეები გადაულახავ სირთულეებად არ აღიქმება. ყოველ შემთხვევაში, გასული წლის ივნისში, ჰოლდინგმა „ნოვაპორტმა“ სურვილი გამოთქვა სოხუმის აეროპორტი მართვაში მიიღოს. მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ გაუგებარი შეფერხებებით. აფხაზეთში მიწის კანონმდებლობა ძალიან მკაცრია. მისი ლიბერალიზაციის გარეშე რესპუბლიკაში ინვესტიციები არ შევა. ანქვაბმა აღიარა, რომ უძრავი ქონების გაყიდვაზე შეზღუდვები პრობლემებს ქმნის ეკონომიკაში. ამის მერე, „ნოვაპორტთან“ მოლაპარაკებები განახლდა. სიტუაციას „ნერვების ომს“ ვერ დაარქმევ, მაგამ ამის ნიშნები სახეზეა. რუსეთმა ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის პირით განაცხადა, რომ აღადგენს ჩერქეზსკ-სოხუმის გზას კავკასიის მთავარ ქედზე. აფხაზეთმა კი… რუსეთს 1,5 მილიარდი რუბლი მოსთხოვა სოხუმის გამწმენდი ნაგებობებისთვის. მათი კატასტროფული მდგომარეობა - ნათქვამია აფხაზურ მხარის წერილში, - საერთაშორისო ეკოლოგიური ნორმების დარღვევას გამოიწვევს, რომელიც რუსეთმა აუცილებლად უნდა დაიცვას, რათა სოჭის ოლიმპიადას უმასპინძლოს… რბილად რომ ვთქვათ, ეს ცოტათი შანტაჟს ჰგავს…“

ჟურნალისტი ამ გათვლასაც უწუნებს მოსკოვს, რადგან ჩერქეზსკ-სოხუმის გზა ზღვისპირა და სამთო-სათხილამურო კლასტერს „აფხაზეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთს“ სოჭის კონკურენტად თუ არა, მის დანამატად მაინც გადააქცევს, მაგრამ… არენაზე უკვე გამოსულია „საიდუმლო მოწინააღმდეგე“ საქართველოს სახით.

„თუ აფხაზეთთან შეიძლება მოლაპარაკებები, საქართველო რეალურ საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ საკურორტო თვალსაზრისით, არამედ პოსტოლიმპიური სოჭისთვის“ - წერს აკოპიანი. მისი აზრით, ლაზიკა, უკვე არა პირველი, არამედ მეორე მერცხალია, სამთო-სათხილმაურო კურორტ მესტიის შემდეგ. თანაც, აქ არ არის აეროპორტის პრობლემა, რადგან არსებობს ზუგდიდის აეროპორტი. „როგორც ვხედავთ, აქაც იკვრება საზღვაო და სამთო-სათხილამურო კურორტების კლასტერი… ხოლო სისწრაფე, ხარისხი და სიიაფე, რითაც საქართველოში აშენებენ და გზებს უტარებენ რეკონსტრუქციას, ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად არაა…  ეს პლიუსები იდება პროდუქტის საბოლოო ფასში“. აკოპიანის თქმით, დამაიმედებელი ვერც ის იქნება, თუ რუსები მორიგ ჯერზე გაიცინებენ „სააკაშვილის მანერაზე“, შეადაროს თავისი პროექტები დუბაისა და სინგაპურს, რადგან ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ ამ პიარით, მეზობელი ლაზიკაში შეიტანს მთელ რიგ კონკურსებსა და ფესტივალებს, ბიენალეებს - ევროპისა თუ თუნდაც შავიზღვისპირეთისას - მუსიკალურიდან დაწყებული კულინარიულით დამთავრებული.

და სოჭს რა? პერიფერიული კინოფესტივალი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საღამოები და რაღაც კიდევ ამის მსგავსი. შედეგი? დაცარიელებული სავაჭრო ცენტრები და სასტუმროებში კედლიდან ჩამოყრილი კაფელი?
მოკლედ, როგორც ჩანს, არა მარტო აკოპიანი თვლის, რომ ლაზიკას სახით რუსეთის ყველაზე ამბიციურ პროექტს გამოწვევა გამოუცხადეს,  გამოწვევა, „უფრო სერიოზული და ნეგატიური ეფექტის მქონე, ვიდრე ოლიმპიადის ბოიკოტირების მოწოდება და კავკასიის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებით სპეკულირებაა. „მანევრი“,  რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობდა ზუგდიდში, არათუ მომავალს ეხება, ის ჩვენს თვალწინ ვითარდება. ან სასწრაფო გადაფასება საბიუჯეტო ღირებულებებისა და მთელი ქალაქის განვითარების კონცეფციისა, ანდა ძალიან მალე სოჭს სული ამოხდება ნახევარმილიონიანი ლაზიკის - ერთ-ერთი ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქის ფონზე“ - წერს აკოპიანი.