ამერიკელებმა ერაყი დატოვეს, ირანის ირგვლივ კი მდგომარეობა იძაბება
09:55:58     02-01-2012
ირანთან მდგომარეობის გართულების პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა, ერაყი საბოლოოდ დატოვეს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიქიმ განაცხადა, 31 დეკემბერი, ანუ სამშვიდობო მისიის დასრულების თარიღი, ერაყში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2011 წლის შუა ხანებში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი 2011 წლის ბოლომდე ყველა სამხედროს გაიყვანდა ერაყის ტერიტორიიდან. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც თეთრმა სახლმა ვერ მოახერხა შეთანხმება ერაყის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, კოალიციის ჯარების ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივების შესახებ.
თუმცა, უკანასკნელმა კოლონამ ერაყი, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ 18 დეკემბერს დატოვა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ერაყის ხელისუფლებამ, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების მათი სახელმწიფოს ტეროტორიიდან გასვლა, ეროვნულ დღესასწაულად გამოეცხადებინა. ამით ერაყი ნორმალური, სუვერენული ქვეყნის მდგომარეობას დაუბრუნდა - განაცხადა მალიქიმ.
ერაყის ომი, როგორც ცნობილია, 2003 წელს დაიწყო, რის შედეგადაც სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმი დამხობილ იქნა. ომში 4,5 ათასი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. რაც შეეხება მსხვერპლს ერაყელების მხრიდან, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ცნობილია, რომ მათი რაოდენობა ასეულ ათასებს აღწევს. ერაყის ომმა ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეც შეიწირა, რომელნიც აქ საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდნენ.