
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების პროგნოზები, 2012 წლისთვის
09:18:10     02-01-2012
საახალწლო გამოსვლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, მომავალი წლის პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზები გააკეთეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ საკუთარი ხალხი გააფრთხილა, რომ მათი ქვეყნის მომავალი 2012 წელზეა დამოკიდებული და ეს წელი სახელმწიფოსა და მსოფლიოს მომავალი განვითარებისათვის გარდამტეხი იქნება. ქვეყნის პირველი პირი გამოტყდა, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ადამიანები ახალ წელს შიშით და შეშფოთებით ხვდებიან, რადგან არ იციან, რა მომავალი ელით მათ შვილებს. როგორც ცნობილია, უკანასკნელ თვეებში ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გასული წლის შეფასება ეკონომიკური კრიზისის თემით დაიწყო. თუმცა, მომავლის პროგნოზირებასთან დაკავშირებით, მერკელი უფრო ოპტიმისტურად განწყობილი აღმოჩნდა. მისი თქმით, მსოფლიომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. ეს შეცდომები კი მომავალში კარგი გაკვეთილი იქნება ყველასთვის. მერკელის აზრით, მიმდინარე წელს ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოხდება და ევროპაც ლაბირინთიდან გამოსვლას შეძლებს.
რუსეთის პრეზიდენტ მედვედევისთვის, 2012, როგორც ცნობილია, ბოლო საპრეზიდენტო წელია. თავის უკანასკნელ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მან ქვეყნის პირველი პირის ამპლუაში გააკეთა, მედვედევმა 2011 წელს რთული უწოდა და განაცხადა, რომ 2012-ში რუსეთში ბევრი რამ გამოსწორდება და ყველაფერი უკეთესობისაკენ წავა. თუმცა, მიმდინარე აქციების და სხვა სერიოზული პრობლემების ფონზე, მისი ეს გამონათქვამები, ცოტა არ იყოს, საეჭვო ხდება.
რომის პაპმა, ბენედიქტ მეთქევსმეტემ, წლის დასასრული ლოცვით და მადლიერების გამოხატვით აღნიშნა. პაპის განცხადებით, კაცობრიობა ახალ წელს შიშით ხვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს იმედი, რომ მომავალი მაინც უკეთესი იქნება.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამამ სწორედ ახალი წლის დღეს კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ირანის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. ეს სანქციები ირანული ნავთობის ექსპორტს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება ჯერ კიდევ რბილი ქმედებაა და მისი ქვეყანა უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში. ექსპერტები ირანის საკითხთან მიმართებაში, 2012 წელს, მნიშვნელოვან ცვლილებებს ვარაუდობენ.