ირანი სამხედრო სწავლებას ატარებს და „ნავთობის არტერიის“ გადაკეტვით იმუქრება
13:56:07     31-12-2011
ვიდრე მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადება, ირანი სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიან სამხედრო წრთვნებს ატარებს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა, ისლამურმა რესპუბლიკამ რამდენიმე შორი და საშუალო მოქმედების რადიუსის რაკეტის გამოცდა, საერთაშორისო წყლებში მაინც განახორციელა.
სამხედრო სწავლება „ვილაიათ-90“ ირანში 24 დეკემბერს დაიწყო და იანვრის დასაწყისში დასრულდება. წრთვნა, საერთაშორისო წყლებში, ორმუზიდან ომანის ყურემდე მიმდინარეობს და მიმართულია ამ ტერიტორიის შესაძლო გადაკეტვის მოსამზადებლად. გადაკეტვით კი ირანი იმ შემთხვევაში იმუქრება, თუ დასავლეთი ადგილობრივი ნავთობის გატანაზე სანქციებს დააწესებს. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამჟამად კი, სწავლებების დაწყების კონკრეტული მიზეზი 30 დეკემბერს, ორმუზის სრუტეში შესული ამერიკული სამხედრო ავიამზიდი გახდა. ოფიციალური ვერსიით, ეს ავიამზიდი განკუთვნილია ნატოს ძალების მხარდასაჭერად ავღანეთში. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათი მოქმედება საერთაშორისო ნორმებს არ ლახავს.
თუმცა, მცირე ხნით ადრე, პენტაგონმა განცხადება გაავრცელა, რომ თეირანს ორმუზის გადაკეტვის საშუალებას არ მისცემს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ საერთაშორისო წყლებში არ დაუშვებენ თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას. ამ ტერიტორიას განსაკუთრებულად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ორმუზის არხი აერთიანებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა, საიდანაც მსოფლიო ნავთობის 40 პროცენტის მოძრაობა ხდება. თუ ეს გზა გადაიკეტება, მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი შეიქმნება, რომელიც სერიოზულ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.