პოეტები გვილოცავენ - ლიკა ყიფშიძე
12:20:27     31-12-2011
ქართველ მკითხველს ვულოცავთ ახალ, 2012 წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელიწადი ჩვენი ოჯეხებისა და ჩვენი ქვეყნისათვის. ღმერთმა გაგვამრავლოს დყველა ჩვენთაგანს მისცეს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სიხარული! ღმერთმა გააერთიანოს საქართველო და ააღორძინოს!
საახალწლოდ გთავაზობთ რუბრიკას: „პოეტები გვილოცავენ“.
ახალ წელს გვილოცავს პოეტი ლიკა ყიფშიძე:
„პირისპირ ვდგავარ, ახალი, 2012 წლის წინაშე და როგორც პატარძალი თაიგულს, ჩემს ლექსებს, ერთად, ზურგსუკან ვისვრი, ერთი ფურცელი, კი – ერთი, მაინც წინ, გულზე მეცემა. ეს „დავით აღმაშენებელია'. „არ ეყოფოდა, არა, არა, მის ნაბიჯებს მიწა, პატარა!' ვკითხულობ გულიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და ღმერთს და წმინდა მარიამს შევთხოვ, რომ, ახალი, 2012 წელი საქართველოს გამთლიანების და გაძლიერების წელი ყოფილიყოს, ამის გარეშე ხომ ვერცერთი ქართველი ვერ იქნება ბედნიერი, მხოლოდ ესაა, ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის, ჩვენი ოჯახების წარმატების და წინსვლის გარანტი!
გილოცავთ, 2012 წელს და გამთლიენებულ, ძლიერ, ბედნიერ, საქართველოს გისურვებთ! ჩემთვის და ყველა ხელოვანისათვის კი, ვისურვებდი, რომ ახალმა წელმა, ჩვენს შემოქმედებას, ერთიანი საქართველოს ხელწერით გადაუაროს!“
დავით აღმაშენებელი
არ ეყოფოდა!
არა!
არა!
მის ნაბიჯებს მიწა, პატარა!
შარავანდედი მას კი არა,
იმ ალაგს ადგა,
ოდესღაც ღმერთმა
ორ ზღვას შორის
რომ აღმომართა!
თურქები,
სპარსნი,
არაბები,
იმ ქვეყანას ეცილებოდნენ,
ოდითგანვე მისი რომ იყო,
განგებისგან
ბედად რომ დაჰყვა!
ვერა,
ვერ შეძლო,
სიარული ღმერთის კვალდაკვალ,
გვერდი უარა...
ვერ შეიყვარა მტერი თვისი,
უძახა:
,,დაჰკა!'
მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა,
სომეხთა, კახთა!
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
გადაშალა
სამშობლოს კალთა!
იყო მებრძოლი,
უძლეველი,
წინაშე კაცთა!
მას სულს უღრღნიდა
და ტანჯავდა
მიწიერი ცოდვების განცდა!
,,ვნებათა ბილწთა'
უწოდებდა საქმეებს მისას
და არ მიაჩნდა,
არა,
თავი შენდობის ღირსად!
მერე დაწერა
,,გალობანი სინანულისა'
და მიაბარა სულის განსჯა,
და ტკივილი,
ნებას, უფლისას!
გელათის კარში
მოითხოვა სამარხი თვისსა,
რომ გულზე ეგრძნო
ხორციელი ძე თავისი
– შვილნი უფლისა!
რადგან იცოდა,
მხოლოდ მაშინ...
მხოლოდ მაშინ,
ექნებოდა სასუფეველი
სამარადჟამოდ თუ ივლიდა,
ამ ტაძარში,
ქრისტეს რწმენით,
ქართველი ერი!
უეცარი თოვლი
მკერდზე დაადნა თბილისს სითეთრე...
უცებ იფეთქეს, უცებ იფეთქეს,
ხეთა ტოტებზე თოვლის ფიფქებმა
მერე...
მალევე...
იწყეს მილევა!
ციდან უეცრად მოვიდა ცვენა,
ბედნიერების ვით წამოცდენა,
ზეცამ ფიფქები თბილისს აყარა
და სიყვარული
ამით...
ახარა!
ყლორტებს არ სურდათ თოვლის გაშვება,
თვალზე ბავშვებმა, როგორც ბავშვებმა,
მათ დაიკიდეს ტოტზე ცრემლები,
მარგალიტებად!
ცოტა?
ბევრ–ბევრი!
მკერდზე დაადნა თბილისს სითეთრე...
უცებ იფეთქეს, უცებ იფეთქეს,
ხეთა ტოტებზე თოვლის ფიფქებმა
მერე...
მალევე...
იწყეს მილევა!
ხვალ თოვლი მოვა!
ხვალ თოვლი მოვა და ფანტელები
თბილისის ქუჩებს დაეპენტება!
ცის წერილები, სულ პაწაწინა,
ჩემს ქალაქს თავზე გადაეყრება!
ხვალ თოვლი მოვა და გაეხვევა
ვით ჩვილი, თეთრში ჩემი ქალაქი,
კვლავ გააკვირვებს, დიდს თუ პატარას,
ეს სილამაზე, ბევრჯერ ნანახი!
ხვალ თოვლი მოვა, ვით სასაწაული,
მიწას სითეთრე კვლავ გააოცებს,
დაემსგავსება ჩემი ქალაქი
თეთრებში ჩაცმულ, მხურვალე მლოცველს!
ხვალ თოვლი მოვა და ჩვენი გული
აყვება თეთრი ნოტების ბზრიალს,
ჩვენი ქალაქი ისევ მოისმენს
ფიფქებით ნაწერ ცის მელოდიას!
ზუსტად ნულ–ნულზე
ზუსტად ნულ–ნულზე,
როცა დრო თავიდან
დაიწყებს ათვლას,
პირველ გაელვებაზე,
პირველ წამზე,
ახალ წელთან
პირველ შერწყმისას,
მე ჩავიფიქრებ
ამ სიყვარულს
და ჩვენი გრძნობის
უსასრულობას
ჩავსახავ წამში!
ზუსტად ნულ–ნულზე,
როცა დრო თავიდან
დაიწყებს ათვლას,
პირველ გაელვებაზე,
პირველ წამზე!!!!
თოვლის პაპა, რას მომიტან?
– თოვლის პაპა,რას მომიტან,
ჩემსკენ მოგიხარია?
ბევრი, ბევრი საჩუქარი,
უკან ზურგის ქარია!
– მადლობა და გახარება,
ეს კითხვა მომიტევე,
წლეულს როგორ მოიქეცი,
ბევრი ხომ არ იცელქე?
– არა, კარგად ვიქცეოდი,
უხვად ვწერე ლექსები,
სულ სიკეთეს ჩავდიოდი,
ვარიგებდი პეშვებით!
– ნუ მატყუებ, ის ზღაპარი
უჯრაში რომ გიგდია,
შარშან წერა რომ დაიწყე,
წელს ხელიც არ გიხლია!
– ის ზღაპარი, თოვლის პაპა,
იცი შენზე რომ არის?
ის ქაოსი, ქარბორბალა
დააწყნაროს უნდა ვინ?
– შენს იმედად მტერი დარჩა,
შემატოვე ვარსკვლავებს,
თუკი წერა არ შეგეძლო,
რას იწყებდი მაგ საქმეს?
– მართალი ხარ, მაგრამ რა ვქნა,
შემესია ლექსები,
სულ არ მინდა მათი წერა,
აწი აღარ შევცდები!
– ლექსის წერას მე არ გიშლი,
და ზღაპარსაც მიხედე,
ნუ გგონია, რომ ვერ ვხედავ
ციდან მე შენს სიცელქეს!
– რა ვქნა, ამ წელს მაპატიე,
ზღაპრად ვაქცევ მაგ ფურცლებს,
ოღონდ თუკი შემპირდები,
რომ მომიტან საჩუქრებს!
– გაიზარდე, მაგრამ მაინც
დარჩი ისევ თავხედი,
შენნაირ ცხენს ჩემო კარგო,
დროც კი ვეღარ გახედნის!
– თოვლის პაპა, თქვი მართალი,
ხომ გიყვარვარ ასეთი?
გიხარია, რომ არ ვგავარ
ცხენებს, დროით გახედნილს?!
– კარგი! კარგი! რაც ხარ, ის ხარ,
ახლა ვინღა გამოგცვლის!
რაც შეგფერის, მას გაჩუქებ,
გულიანი დალოცვით!