გიორგი ლეონიძე - „ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ!
12:19:44     31-12-2011
იწყება ახალი, 2012 წელი. ასეთ დროს მთელი საქართველო, ყოველი ადამიანი იმედებითაა სავსე. ყველას გვინდა, რომ ახალი წელი ბედნიერების, სიხარულის, სიყვარული, წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის!
ჩვენ გვილოცავენ ჩვენი წინაპრებიც. ისინი ზეციური საქართვლოდან ზრუნავენ ჩვენზე. ბევრმა მათგანმა სიცოცხლეში ისეთი სიყვარული დაიმსახურა, რომ მუდმივად ჩვენთან არის, ჭირში თუ ლხინში და მუდმივად ზრუნავს ჩვენთვის, თავისი წარსული საქმიანობით თუ უკვდავი პოეზიით.
გვილოცავს გიორგი ლეონიძე.
ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ!
ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ,
- შემოვდგი ფეხი, ვარ მომლოცველი,
თვითეულ მოძმის გადამკოცნელი!..
ხალხო ქართველო,
შენ გაიხარე,
ბედნიერების ვარ მომლოცველი!
ყოველი შენი ბუჩქი და ტოტი
მენახოს მზეში დამარჯნებული,
შენი მარჯვენა მინდვრად, დაზგასთან,
იყოს მარადის გამარჯვებული!
ხალხო, გიმრავლოს კერის აკვნები,
ხალხო, აივსე მიწის ბარაქით!
სულ მჩქეფარებდნენ დაუშრობელად
შენი რიონი, მტკვარი, არაგვი!
სამშობლოვ,
შენი კერის მეკვლე ვარ,
შენი ლამაზი მიწის მკოცნელი,
ათას ჩანგსა და ათას სიმებზე
ამოგაჟღერო მინდა ოცნებით,
მაგრამ სიტყვები ვერ მიპოვნია,
ჰანგი, შენდამი ტრფობის მტყორცნელი!
ყოველდღე ჩემთვის ბედნიერების
და სიხარულის ხარ მომლოცველი!