
კადიროვი რუსი ნაციონალისტების განცხადებებით უკმაყოფილოა
11:58:25     31-12-2011
კადიროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში, რუსების და თათრების შემდეგ, რიცხობრივად ყველაზე მეტნი, ეთნიკური ჩეჩნები არიან. ამ მონაცემებით, კრემლის ადგილობრივმა ემისარმა უარყო ოფიციალური სტატისტიკური ცნობები, რომელთა მიხედვითაც რუსეთში მესამე ადგილზე უკრაინელები, მეოთხეზე - ბაშკირები, მეხუთეზე - ჩუვაშები, ხოლო ამის შემდეგ ჩეჩნები არიან.
კადიროვმა ამ მონაცემების გამომზეურების შემდეგ, ის რუსი პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომელნიც მხარს უჭერენ ლოზუნგს - რუსეთი რუსების გარეშე. პუტინის ადგილობრივი ხელქვეითის განცხადებით, ეს ადამიანები თავს რუსებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ქვეყნის მტრები არიან. „ჩვენ მრავალეროვანი სახელმწიფო გვაქვს, ამიტომ ნაციონალისტური ლოზუნგები ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხთა უფლებებს დავარღვევთ“ - გულისამაჩუყებელი ფრაზებით მიმართავს რუს ნაციიონალისტებს კადიროვი და იქვე აცხადებს, რომ ხშირად, ასეთი ლოზუნგებით ის ადამიანები გამოდიან, ვინც თავად არ არიან რუსები.
კადიროვის ეს განცხადება, სპეციალისტების აზრით, გადაჭარბებაა. როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, ეთნიკური ჩეჩნების რაოდენობა აქ ძალიან შემცირდა. მას შემდეგ ჩეჩნებმა დემოგრაფიული მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გამოსწორება მოახერხეს, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში მესამე ადგილზე მათი ყოფნა, მაინც საეჭვოა. კადიროვი კი, რომელიც ბოლო დროს რუს ნაციონალისტებს ძალიან დაუძმაკაცდა, ეტყობა, რაღაცით მაინც უკმაყოფილოა. მოსკოვში ამჟამად გაურკვეველი ვითარებაა შექმნილი. ერთის მხრივ, აქციები კრემლის წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ, შოვინისტური ორგანიზაციების კიდევ უფრო გააქტიურება, კავკასიის საკითხებზეც კიდევ უფრო უარყოფითად აისახება.
კადიროვის თქმით, მან იცის, რომ რუსეთი რუსებისთვისაცაა, რადგან ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია ქვეყანაში და ის ამას პატივისცემით ეკიდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ეროვნებები და რელიგიები უნდა დაიჩაგრონ. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოა - აცხადებს კრემლის მარიონეტი.