სიმბოლურია, რომ აფხაზები პირველ მილოცვას „ფსბ“-სგან იღებენ

  10:50:23     31-12-2011

სამწუხაროა, მაგრამ ალბათ, სიმბოლურია, რომ რუსების მიერ გასამხედროებულ აფხაზეთში, ახალი წელი აფხაზებს, პირველმა, რუსეთის „ფსბ“-მ მიულოცა.

უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი კომარევცევი, ერთგვარი წლის შემაჯამებელი ინფორმაციებითა და მილოცვებით ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა და აცნობა, თუ როგორ აითვისებს „ფსბ“ მომავალშიც, აფხაზეთის ტერიტორიას.

წლის „მიღწევები“ კი ასე გამოიყურება: 2011 წელს რუსებმა აფხაზეთის ე.წ. საზღვრებზე 1300 საზღვრის დამრღვევი დააკავეს, ამოღებულია 20 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

ყველაზე მთავარი შედეგი კი, კომარევცევის თქმით, ის არის, რომ მისი და მისი სამხსახურის აფხაზეთში ყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, დადებითად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ბევრი აფხაზი უსამსახუროდ დატოვეს, როცა „თანამემამულეთა დაცვის მისიით“ ადგილობრივ „მესაზღვრეებს“ ჩაენაცვლნენ.

კომარევცევმა კიდევ ერთხელ განუმარტა აფხაზ ჟურნალისტებს, რომ რუსი მესაზღვრეები აფხაზეთის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების დაცვას ემსახურებიან და მანამდე არ აპირებენ წასვლას, ვიდრე თავად აფხაზეთის სასაზღვრო სამსახურს ფეხზე არ დააყენებენ და საზღვრის დაცვას არ ასწავლიან.

არადა, თავად აფხაზეთის „სასაზღვრო სამსახურის“ რაიმე სახის აქტივობის ან იქ ჩატარებული რაიმე სასწავლო კურსის შესახებ არავის არაფერი სმენია. შესაბამისად, რუსეთის „ფსბ“ აფხაზეთის ტერიტორიას არც დატოვებს.  თანაც საეჭვოა, რუსეთმა აფხაზებს დაუთმოს კონტროლი იმ ზოლზე, რომელსაც მოსკოვი და სეპარატისტები „საქართველოსა და აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებენ. თანაც, რუსი მესაზღვრეები თუ სამხედროები აფხაზეთში  ფუნდამენტურად ფუძნდებიან, -  საუკეთესო ტერიტორიებზე.

კომარევცევის განცხადებით, აფხაზეთში, მესაზღვრეებისთვის, სულ 20 სამხედრო ე.წ. გოროდოკი აშენდება. მათი ნაწილი უკვე შესულია ექსპლუატაციაში. 2012 წელს მშენებლობების პროცესი დასრულდება და “გოროდოკების” კეთილმოწყობა დაიწყება, ერთგვარი ფინალური ეტაპი კი სასაზღვრო განყოფილების აპარატისთვის განკუთვნილი შენობის აგება და მოწყობა იქნება. რუსი მესაზღვრეების მთავარი პუნქტი სოხუმის შესასვლელში განთავსდება,  ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე, ისევე როგორც აფხაზეთში წარმოდგენილი ყველა სხვა რუსული სამსახური.
„ფსბ“-ს სოხუმის „კეთილმოწყობაც“ გადაუწყვეტია და სოხუმის შესასვლელში საბჭოთა კავშირის გმირებისა და გამოჩენილი მოღვაწეების ხეივნის გაშენებას გეგმავს.

რაც შეეხება გოროდოკს კოდორის ხეობაში, მისი მშენებლობა უკვე დასრულებულია და 2012 წლის თებერვალ-მარტში უკვე ექსპლუატაციაშიც შევა.
ეს პირველი ახალი წელი ყოფილა კომარევცევისთვის აფხაზეთში. რუსი გენერალი მანამდე ბურიატიაში მსახურობდა და აღმოაჩინა, რომ აფხაზეთი შესანიშნავია… „იქ ტემპერატურა -49 გრადუსი იყო, აფხაზეთში კი +15 გრადუსია, ძალიან ბევრი სიმწვანე, ალერსიანი და ლამაზი ზღვა, თბილი მზე და ძალიან სასიამოვნოა…“

წავა კომარევცევი ან სხვა მისნაირი აფხაზეთიდან საკუთარი ნებით? დასრულებულ “გოროდოკებში” ისინი უკვე ოჯახის წევრებს ელოდებიან.