მიტინგები ვლადიკავკაზში გადაინაცვლებს, ცხინვალში კი „მომრიგებლად“ კადიროვი ჩავა

  11:11:15     30-12-2011

ცხინვალური ვნებათაღელვა ვლადიკავკაზში ინაცვლებს, სადაც ალა ჯიოევას მომხრეები დღეს მიტინგის ჩატარებას გეგმავენ.

ჯიოევას ნელ-ნელა ხელიდან ეცლება აქტიური მხარდამჭერები, მათი დიდი ნაწილი დღესაც ციხეშია, მათ შორის, ყველაზე მეტნი ვლადიკავკაზში დააკავეს.

დღევანდელი აქცია სწორედ ამ აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარდება.

ვლადიკავკაზის გარდა, ანალოგიური აქციის გამართვა იგეგმება ბესლანშიც. რეპრესიების წინააღმდეგ ოსეთის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელინა მარზოევამ განაცხადა, რომ მიტინგები და მსვლელობები დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მანამ გაიმართება, ვიდრე სამართლიანობას არ მიაღწევენ. მარზოევა არ გამორიცხავს, რომ ამ სამართლიანობის მისაღწევად, საქმეში კავკასიის ისეთ „ცნობილ მოღვაწეებს“ ჩართავენ, როგორიცაა, მაგალითად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი.

რა ფორმით ჩაერთვება „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემებში კადიროვი, ჯერჯერობით, უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ თუკი ჯიოევას მომხრეები დღევანდელი არასანქცირებული მიტინგის ჩატარებაზე უარს არ იტყვიან, შესაძლოა, ვლადიკავკაზში დაკავებული თანამებრძოლების ბედი გაიზიარონ. ჩრდილოეთ ოსეთის შს მინისტრის მოადგილემ უკვე განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს ამ აქციას.

ამის პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ელინა მარზოევა, რომელიც აღნიშნული მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ჩრდილოეთ ოსეთის ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრში „გასაუბრებაზე“ დაიბარეს, თანაც გააფრთხილეს, რომ ადვოკატის გარეშე მისულიყო. ამ შეხვედრაზე მისგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს დღევანდელი აქციის ჩატარებაზე უარის თქმა.

თუმცა, აქცია-მსვლელობის გამართვისგან თავის შეკავებას უკვე ჯიოევას დაკავებული მომხრეების ვლადიკავკაზელი ნათესავები აღარ აპირებენ. ხოლო თუ მათი პროტესტი შედეგს არ გამოიღებს, ისინი დახმარების თხოვნით მიმართავენ ე.წ. ნათესაური გვარების წარმომადგენლებს, რაც, როგორც თავად იმუქრებიან, საპროტესტო აქციებს გაცილებით ფართო მასშტაბებს მისცემს, - თანაც, უკვე „სამხრეთ ოსეთის“ გარეთ.

რუსულ მედიაში „ოპოზიციონერი სამხრეთოსეთელების“ სიჯიუტე განცვიფრებას იწვევს, თუმცა უფრო მეტ კითხვის ნიშანს ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი მოვლენები, რომელთა ლოგიკაც ასეთია: აფხაზეთი სა „სამხრეთ ოსეთი“ აბსოლუტურად ყველაფრით ვალში არიან რუსეთთან, მაგრამ სწორედ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ჩატარებულ პირველსავე არჩევნებზე ორივე რეგიონმა უარი თქვა კრემლის ფავორიტების მხარდაჭერაზე, რასაც დნესტრისპირეთიც დაემატა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩატარებულ არჩევნებში მოსკოვის კანდიდატმა ასევე წააგო.

რუსული მედია მიიჩნევს, რომ მოსკოვი ამ რეგიონებს კარგავს, როცა უგუნური სცენარებით ცდილობს თავისი მიზნების მიღწევას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის გავლენა უფრო და უფრო სუსტდება თვით ჩრდილოეთ კავკასიაში, ექსპერტთა თქმით, ამან, მოსკოვს, შესაძლოა, სართოდ დააკარგვინოს სამხრეთ კავკასიასთან გაბმული სიმები…

მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენელი ვლადიმირ ევსეევი აცხადებს, რომ დღეს რუსები მასობრივად ტოვებენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს.

„რუსეთის კარგავს გავლენას ჩრდილოეთ კავკასიაში, რადგან იქიდან რუსულენოვანი მოსახლეობა გაედინება. ჩეჩნეთში რუსული მოსახლეობა მხოლოდ 5% შეადგენს, დაღესტანშიც უკიდურესად შემაშფოთებელი სიტუაციაა, ერთადერთ მეტ-ნაკლებად პრობლემურ რესპუბლიკად ადიღეა რჩება, მაგრამ იქაც „ჩერქეზული საკითხი“ ღვივდება. მთლიანობაში, ვთვლი, რომ რუსეთისთვის უკიდურესად რთული სიტუაციაა. ის, რომ რუსეთი ნაწილეობრივ, კარგავს კონტროლს ჩრდილოეთ კავკასიაზე, აძნელებს მის აქტივობას სამხრეთ კავკასიაშიც“ - განაცხადა ევსეევმა.

საგულისხმოა, რომ 2011 წლის შეჯამებისას  მოსკოვში არ ავიწყდებათ „სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელზეც წლის მნიშვნელოვან მოვლენებთან - „არაბულ გაზაფხულთან“, ევროზონის კრიზისთან, რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან და სხვა გლობალურ საკითხებთან ერთად საუბრობენ.