დავით ბაქრაძემ რამდენიმე დეპუტატი დასაჯა

  21:20:19     29-12-2011

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რამდენიმე ურჩი დეპუტატი დასაჯა. ქვეყნის მეორე პირის განრისხება კანონმდებელთა უპასუხისმგებლობამ გამოიწვია. სპიკერის მიერ, ის დეპუტატები დაისაჯნენ, რომლებმაც პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზის გამო გააცდინეს.

წინასაახალწლოდ, დავით ბაქრაძის გადაწყვეტილებით, ხელფასები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს დაექვითებათ.  კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, ხელფასიდან 10 პროცენტის დაკლება მოუწევთ: გიორგი თარგამაძეს, გიორგი გოგუაძეს, ბეჟან ხურციძეს, მაგდა ანიკაშვილს, სერგო ქიტიაშვილს, გიორგი კანდელაკს, კობა ნაყოფიას, ირაკლი ქავთარაძესა და გივი თარგამაძეს. ბაქრაძის პრინციპულობის მიუხედავად, აღნიშნულ დეპუტატებს სიტუაციის გამოსწორების შანსიც აქვთ. თუ ეს კანონმდებლები სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზს დაასახელებენ, მაშინ, მათ თვიური ანაზრაურებიდან თანხები აღარ ჩამოეჭრებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საახალწლოდ, სამომხმარებლო კალათის შემცირება მოუწევთ.

რაც შეეხება პარლამენტში დეპუტატთა აქტივობის ზოგად ვითარებას, ვინაიდან, სესია თვეში ორი კვირის განმავლობაში იმართება, მათ საკანონმდებლო ორგანოში, სხდომაზე მოსვლა მაქსიმუმ ხუთჯერ უწევთ, რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი, მათ „ამომრჩევლებთან შეხვედრის” უფლებაც აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ მოწვევის პარლამენტში ქვორუმის არარსებობის შემთხვევები ხშირია და ეს პარლამენტისთვის სერიოზულ პრობლემასაც წარმოადგენს. კერძოდ, ხშირია, ისეთი შემთხვევები, როდესაც, დეპუტატები კანონპროექტების მიღებისას, კოლეგების პულტებით სარგებლობენ. მართალია, დეპუტატთა მანკიერ ტრადიციას ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და დავით ბაქრაძე ებრძვიან, თუმცა, მათმა მცდელობამ, ჯერჯერობით, შედეგი სრულად ვერ გამოიღო.

ყოველ შემთხვევაში, ყველა სესიაზე სხდომის წამყვანი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ რეგისტრაცია გაიარონ. სხდომის თავმჯდომარეს მუდმივად იმაზე   უწევს საუბარი, რომ დეპუტატები სხდომაზე მივიდნენ. გამცდენი დეპუტატების მიმართ, ხშირად ხელფასის დაქვითვის გაფრთხილებაც ისმის.

შეგახსენებთ, რომ რიგითი დეპუტატის ხელფასი 2200 ლარია. კანონმდებლები კი ვალდებულები არიან, ფიცი შეასრულონ და ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.