აფხაზმა სეპარატისტებმა, მეგრელები ცალკე ეროვნებად გამოყვეს...

  15:37:52     29-12-2011

აფხაზეთის სტატისტიკის განყოფილებამ მოსახლეობის აღწერის შედეგები შეაჯამა. აღწერა მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა და დადგინდა, რომ დღესდღეობით, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 240 705-ია.
რაც შეეხება ძირითადი ეროვნებების მიხედვით მაჩვენებლებს:

აფხაზები - 122 069 ადამიანი;
რუსები - 22 077 ადამიანი;
სომხები - 41 864 ადამიანი;
ქართველები - 43 166 ადამიანი;
ბერძნები - 1 380 ადამიანი;

სეპარატისტულმა რეჟიმმა ცალკე „ეროვნებად“ გამოყო მეგრელები და დააზუსტა, რომ აფხაზეთში 43 166 ქართველის გარდა,  3 201 მეგრელი ცხოვრობს.

აღწერის თანახმად, აფხაზეთში სულ 91 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრვრობს, 37 ადამიანმა კი 100 წლის ასაკს გადააბიჯა.
საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ აფხაზები დღეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის 50,71%–ს შეადგენენ, სომხები – 17, 39%–ს, რუსები – 9,17%–ს, ქართველები კი – 17,93%–ს.

როგორც ჩანს, სეპარატისტულმა რეჟიმმა გამრავლების განსაკუთრებულ მეთოდს მიაგნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „დემოგრაფიული ბუმი“, რომელზეც აღნიშნული აღწერის შედეგები იუწყება, მარტივად, არალოგიკურია, რადგან არსებობს 1989-2003 წლებს შორის შედგენილი მონაცემები, რომლის თანახმადაც:

1989 წელს, აფხაზეთის მოსახლეობა მთლიანად 525 061 ადამიანს შეადგენდა, 2003 წელს კი ის 309 089 ადამიანით შემცირდა და 215 972 ადამიანი შეადგინა. ამ მონაცემებით, აფხაზების გარდა, ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოდენობა აფხაზეთში წლიდან წლამდე კლებულობდა. მართალია, მატება მხოლოდ აფხაზურ მოსახლეობაშია, მაგრამ არც ისეთი მასშტაბების, რომ მათი ოდენობის 122 ათასამდე გაზრდა სარწმუნო იყოს.

რადგან 1989 წლის მაჩვენებლებით, მათი რაოდენობა 93 267–ს არ აღემატებოდა, ხოლო ომის შემდეგ, ეს ოდენობა საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო. გარდა ამისა, შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, წლების მანძილზე, მიმდინარეობს მიგრაცია და ბევრი აფხაზი დღეს აღარ ცხოვრობს აფხაზეთში, ხოლო რაიმე დემოგრაფიულ გარღვევაზეც  არავის არაფერი სმენია.

შედარებისთვის: ოფიციალური მონაცემებით, თუკი 1989 წლის აღწერის შედეგებით, აფხაზეთში 93 267 აფხაზი ცხოვრობდა, 2003 წლამდე, ამ მაჩვენებელმა უმნიშვნელოდ, 94 606-მდე მოიმატა. გამოდის, რომ 14 წლის განმავლობაში, აფხაზებმა მხოლოდ 1339-ით იმატეს. რა გამრავლების ტაბულა მოიგონეს 2003 წლის შემდეგ, ძნელი სათქმელია, რადგან თუ 2011 წლის მონაცემებს ავიღებთ, გამოდის, რომ  ბოლო 7 წლის განმავლობაში, გამრავლების ამ ახალი მეთოდით, მათ 25 463-ით იმატეს.

აფხაზეთის სტატისტიკოსები, ალბათ, ლუარსაბ თათქარიძის ლოგიკით ხელმძღვანელობენ, -  „გაფრენილან, თორემ ორმოცი იყო“…

როგორც „ექსპერტთა კლუბი“ იუწყება, მათი მონაცემებით, დღესდღეობით, აფხაზეთში აფხაზების რაოდენობა 60 ათასს არ აჭარბებს, თავით აფხაზებმა კი ყველაზე კარგად იციან, რომ მათი დემოგრაფიული მდგომარეობა ისეთი ტემპებით უარესდება, რომ მალე „წითელ წიგნში“ შესაყვანები გახდებიან და ამას ვერანაირი სტატისტიკა ვეღარ უშველის.