რუსეთი აშშ–სა და საქართველოს მოქალაქეების უფლებებზე “ნერვიულობს”

  13:15:13     29-12-2011

რუსეთი აშშ–ის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეების ბედსა და უფლებებზე ნერვიულობს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მოხსენება მოამზადა და პოლიტიკური ანგარიშები გაუსწორა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებები რუსეთში სავალალო მდგომარეობაშია.

ეს პირველი ასეთი სახის დოკუმენტია, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის საპასუხოდ შეიქმნა. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას, ტრადიციულად, ყოველწლიურად აქვეყნებს და მასში, რუსეთის შესახებ, ტრადიციულად, სერიოზული შენიშვნებია ხოლმე გამოთქმული.
ამერიკული დოკუმენტის ანალოგი რუსული მოხსენებაც, პირველ რიგში ამერიკას აკრიტიკებს. მასთან ერთად კი რუსეთის ისეთ „პოლიტიკურ მტრებს“, როგორებიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და საქართველო.
მაგალითად, სერგეი ლავროვის უწყებაში შედგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნატო-ს მთავარი მიზანი ლიბიის ოპერაციის დროს კადაფის ფიზიკური მოსპობა იყო, რომ ამერიკის ადმინისტრაცია, ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით აქტიურად ერევევა ამერიკელი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში, რომ რეალური ვითარება ძალიან შორს დგას ვაშინგტონის მიერ დეკლარირებული იდეალებისგან.

დოკუმენტში ნახსენებია ე.წ. მაგნისტკის სია, რომელსაც  მოხსენების ავტორები პროვოკაციულ პოლიტიკურ თამაშს უწოდებენ და წერენ, რომ ამ სიას რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ  იყენებენ.

რუსეთს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში შენიშვნები აქვს ევროკავშირთანაც, კერძოდ, მიგრანტებთან დამოკიდებულების სკითხში.
რუსეთი, რომელმაც ძალიან ცოტა ხნის წინ ტაჯიკი მიგრანტების მიმართ საშინელი დამოკიდებულება გამოავლინა, მანამდე კი ქართველების მიმართ, - როცა ისინი მხოლოდდამხოლოდ ეთნიკური ნიშნითა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გააძევა ქვეყნიდან, აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებში ციგნების, მიგრანტებისა და დევნილების მიმართ რასიზმსა და ქსენოფობიას აქვს ადგილი. ყველაზე ვრცელი თავები დიდ ბრიტანეთს, ფინეთსა და ბალტიისპირეთს ეძღვნება.

ცალკეა გამოყოფილი საქართველო, როგორც თავად რუსული მედია წერს, საქართველოს ბრალად ედება იძულებითი გადასახლება, დემონსტრანტების დარბევა, ნაციონალური უმცირესობების უფლებების დარღვევა, - განსაკუთრებით სომხებისა და აზერბაიჯანელების, ასევე, რუსეთის მოქალაქეების უსაფუძვლოდ დადანაშაულება ჯაშუშობაში.

რუსეთში მომძლავრებული საპროტესტო ტალღის ფონზე კრემლს, როგორც ჩანს, სურვილი აქვს დაუმტკიცოს თავის მოქალაქეებს, რომ ამ პლანეტაზე მასზე უცოდველი არავინაა, თუმცა რუსეთი კვლავ ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომლისგანაც ყველაზე მეტადაა შეწუხებული სტრასბურგის ადამინის უფლებათა სასამართლო. სულ ახლახანს, 16 დეკემბერს, ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს რუსმა მოსამართლემ ანატოლი კოვლერმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი, სარჩელების რაოდენობის მხრივ, სტრასბურგში კვლავ ლიდერობს.

კოვლერის თქმით, წელს 10 ათასი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, მაშინ, როცა შარშან ეს რაოდენობა 7 500 იყო. ყველაზე ხშირად, რუსეთის მოქალაქეები თავის სახელმწიფოს ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებების გამო უჩივიან, მეორე რიგში კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებული სიტუაციის გამო.

ვითარების გამოსწორების იმედი საერთაშორისო სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც, ასეთი ილუზიაც კი არ აქვს თავად პრეზიდენტ მედვედევთან არსებულ ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს. საბჭოს უმრავლესობა აცხადებს, რომ „ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში“ საბჭოში დარჩენას არ აპირებენ. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში ადამიანის უფლებათა დამცველად მუშაობას ამ ორგანოში  მხოლოდ მისი ერთი წევრი, პუტინის ცნობილი მომხრე ლეონიდ პოლიაკოვი აპირებს.