მიხეილ მაჭავარიანი: მიმდინარე წელი საქართველოსთვის წარმატებული იყო

  10:01:27     29-12-2011

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელი საქართველოსთვის წარმატებული იყო. დეპუტატი საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ ის საფრთხეები, რაც ქვეყანაში, 2008 წელს არსებობდა, დღეს დღის წესრიგში აღარ დგას. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პერსპექტივებს, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მომავალ წელს, საქართველო თავის ადგილს ევროპაში კიდევ უფრო დაიმკვიდრებს, მანამდე კი ხელისუფლებას ბევრი დანაპირების ბოლომდე მიყვანა მოუწევს, რადგან 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. მიმდინარე წელსა და სამომავლო გეგმებზე „პრესა.ჯი“ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.

-პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ მიმდინარე წელს?

-მსოფლიოში, მიმდინარე წელი, საკმაოდ აქტიური იყო. არაბული გაზაფხული ტუნისით დაიწყო და ლიბიაში დასრულდა. ფაქტობრივად, ეს წელი, დიქტატორებისთვის ცუდი წელი იყო, მაგრამ, გამოსვლები რუსეთშიც დაიწყო, რისი იმედიც არავის არ ჰქონდა. მე პირადად, სტრასბურგში,  კასიანოვის გამოსვლას დავესწარი და მას იმედიც არ ჰქონდა, რომ მოსკოვში ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა. როგორც ჩანს, რუსი ხალხის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ რუსეთი დიქტატურისკენ მიდის. ის ვინც ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ყველაფრის ფასად უნდა დაგვემყარებინა, არასწორი აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს, მნიშვნელოვანი ნატოს ელჩების განცხადებებია. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, პირველად მოიხსენიეს. ამასთან დაკავშირებითაც, ჩვენი მეზობელის რეაქცია კარგად გემახსოვრებათ. ასევე, წარმატებულად მსო-ში საკითხს ვაფასებ, რომელიც ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. ამ საკითხთან მიმართებაში, რუსეთის პროპაგანდამ რაც არ უნდა თქვას, ფაქტია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. ამასთან, პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს გამოვყოფდი, რისი მეშვეობითაც, მოსახლეობა სიახლეებს იგებდა.   

-მომავალ წელს, პოლიტიკურ დღის წესრიგში, საპარლამენტო არჩევნებია ანიშნული, მმართველი გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდება?

-ხელისუფლება ევროპული ფასეულობების სახელმწიფოს აშენებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებს უჭირთ. მართალია, სამომხმარებლო ბაზარზე, ფასები რეგულირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. ოპოზიცია ხშირად გვაკრიტიკებს, მაგრამ საქმეს მაინც ვაკეთებთ. 100 საავადმყოფოს პროგრამაზე გვაქილიკებდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ პროექტი ხორციელდება. ამასთან, სოფლის მეურნეობის პროგრამებიც ხორციელდება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. საგაზაფხულო სესია 3 თებერვალს გაიხსნება, შეიძლება,   სხდომები არ იყოს, მაგრამ დეპუტატები მოვლენ და მუშაობას გააგრძელებენ, იმიტომ, რომ ჩვენ მომავალ არჩევნებამდე ბევრი დანაპირები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მმართველი გუნდისთვის, მთავარი მაინც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობასთან ბრძოლაა.

-ვინაიდან, პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდარამდენად კონკურენტუნარიანი იქნება არჩევნები?

-საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და პოლიტიკაში ყოფნა ყველას შეუძლია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები არაკონკურენტუნარიანი იყო. რაც შეეხება ოპოზიციას,  მათი კურსის მიმოხილვას არ დავიწყებ, რადგან ეს მათი საქმეა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა ძალები ქუჩაში მოსინჯა, მაგრამ კარგია, რომ ჩამოყალიბდნენ, რომ  ქუჩის აქციებს, არჩევნები სჯობს. ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული თავისი ლიდერით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილით, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობაა”. რაც შეეხება სხვებს, ვერ ვიტყვით, რომ გარდა, “ქრისატიან-დემოკრატებისა” რომელიმე ჩამოყალიბებულია.

-მომავალ წელს, რას ელით ახალს საშინაო და საგარეო პოლიტიკის კუთხით?

-ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მეტს გავაკეთებთ, თუმცა, პრიორიტეტად  მაინც სამუშაო ადგილები შექმნა რჩება.  რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საქართველო თავის ადგილს ევროპაში, კიდევ უფრო გაამყარებს. ჩვენს პარტიორებთან ერთად, ევროატლანტიკური გაერთიანენებისკენ სვლას გავაგრძელებთ და საქართველო უფრო დაცული იქნება. დღეს არ არსებობს რეალური საფრთხეები, რაც 2008 წელს არსებობდა. იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და ეს ყველაფერი ჩვენმა პარტნიორებმა ნახეს. ამასთან, ნატოსა და ევროკავშირისკენ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს ყველაფერი კი, იმისთვის გვჭირდება, რომ მოქალაქეებმა კარგად იცხოვრონ და ქვეყანა განვითარდეს. საავადმყოფოებს იმის გამო არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს წინაშე ვიპოზიოროთ, არამედ, გვინდა, რომ ხალხს ხარისხიანი და იაფიანი ჯანდაცვა ჰქონდეს. დაახლოებით 800 ათასი მოქალაქე დაეზღვევა. ჩვენთვის მთავარი ახალი სამუშაო ადგილებია.