რატომ მოკლეს ქართველებმა თურქეთის სასტუმროს მფლობელი?

  17:41:53     28-12-2011

ქალაქ სტამბულში, მიმდინარე წლის 12 აპრილს ჩადენილი სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც თურქული და ქართული მედია საშუალებების მთავარ თემად იქცა,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორ პირს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გ. ჯ. - 24, დ. ა. კი  18 წელს გაატარებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 12 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბულში მდებარე სასტუმრო ”ბაჰარი”-ს მფლობელთან -  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.შ.-თან შელაპარაკების გამო, მასზე განაწყენებულმა გ.ჯ.-მ გადაწყვიტა მოეკლა იგი, რის თაობაზეც შეუთანხმდა თავის ახლობელს  დ.ა.-ს და მასთან ერთად,  დაახლოებით 03 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა  სასტუმრო ”ბაჰარში”. დ.ა.  სასტუმროს ადმინისტრატორთან - გ.ყ.-თან  დარჩა, რომელსაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, ხოლო გ.ჯ. ავიდა სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე ოთახში, სადაც ნ. შ. თავის მეგობარ ქალთან, უზბეკეთის მოქალაქე რ.ი.-თან ერთად იმყოფებოდა და დააკაკუნა კარზე. როდესაც ნ. შ.-მ კარი გააღო, გ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით მარჯვენა თვალის ქვეშ შემავალი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას, რის შემდეგაც რ.ი.-ს მიმართულებით განახორციელა გასროლა და შუბლის არეში შემავალი ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ გ.ჯ. დაბრუნდა დ.ა.-სთან და, ვინაიდან, ოთახიდან ისევ ისმოდა მომაკვდავი რ.ი.-ს ხმა, ამჯერად დ.ა. ავიდა ოთახში და მოახრჩო იგი.  რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ჯ.-მ და დ.ა.-მ. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია დატოვა. თუმცა, ორივე დამნაშავე ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

 სასამართლომ დაადგინა რა, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებს ბრალდებულების მიერ მათზე შერაცხული ქმედების ჩადენას, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის გ. ჯ.-ს 24  წლით თავისუფლების აღკვეთა, დ. ა.-ს კი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის  18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.