რომელ სფეროებს გააკონტროლებს კონტროლის პალატა 2012 წელს...

  15:31:11     28-12-2011

დღეს საქართველოს კონტროლის პალატამ  წლის შედეგები შეაჯამა და 2012 წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის 10 პრიორიტეტული სფერო, ტრადიციისამებრ, საჯარო ინტერესთა ნუსხის გათვალისწინებით შეირჩა,  რომელიც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მომეტებული აუდიტორული რისკებით ხასიათდება. აღნიშნულ ნუსხაში მოხვედრილ სფეროებს კონტროლის პალატა აუდიტორული და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებით განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. 

2012 წლისათვის საჯარო ინტერესთა ნუსხაში მოხვდა: სახელმწიფო ქონების მართვა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, სოციალური დახმარების სისტემა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და პროგრამები, საჯარო ფინანსების მართვის სისტემა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემები და მართვა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლები, თვითმმართველობის სისტემა: თბილისი, თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები, რომელთა  მოსახლეობის რიცხოვნობა 50 000-ს აღემატება. 

აღნიშნული ნუსხის გათვალისწინებით,  კონტროლის პალატა 2012 წლის განმავლობაში აუდიტორულ შემოწმებას განახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვასა და მართვაზე. კონტროლის პალატის ინფორმაციით: ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხები იხარჯება სახელმწიფო ქონებაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ღირებულებას. აუდიტით გამოვლენილია სახელმწიფო უწყებების მიერ სახელმწიფო ქონების შეუფერებელი ღირებულებით აღრიცხვისა და განკარგვის ფაქტები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ქონება საერთოდ აღურიცხავია. აღნიშნულის გამო სახელმწიფო ქონების მართვას კონტროლის პალატა სისტემურად შეისწავლის. 

ასევე პრობლემურია სამედიცინო მომსახურების სისტემა და პროგრამები, აუდიტის შედეგად გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო პროგრამებით უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურების ფასი გაზრდილი გახლდათ ხელოვნურად, რის გამოც არამიზნობრივად დაიხარჯა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები. აღნიშნულის გამო, ეს მიმართულება მომავალ წელსაც პრიორიტეტად რჩება. ასევე პრიორიტეტულია სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, გატარებული რეფორმების მიუხედავად, სამიზნე ჯგუფებამდე სოციალური დახმარებების ეფექტიანად მიტანა  მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. სოციალურად დაუცველთა პრობლემები ჯერ კიდევ წარმოადგენს ყოველდღიური რეაგირების საგანს.

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა აუდიტმა ფინანსური მართვის ნაკლოვანებები გამოავლინა, რის გამოც სფერო მომეტებული რისკებით ხასიათდება. გამოვლენილი ნაკლოვანებები მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მეცნიერების მხარდაჭერის სისტემის მიმართ. შესაბამისად, კონტროლის პალატის წლის პრიორიტეტებში პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისა და მეცნიერების მხარდაჭერა მეოთხე ადგილს იკავებს.

ჩატარებულმა აუდიტებმა, სოფლის მეურნეობის სისტემის დაწესებულებებში არასწორი მართვის შემთხვევები და სხვადასხვა სახის კანონდარღვევები გამოავლინა, რომლებსაც სისტემური მოწესრიგება სჭირდება, ამიტომ კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის სფეროს მართვა გააკონტროლოს. ასევე პალატის კონტროლ ქვეშ იქნება ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და პროგრამები, ვინაიდან 2012 წელს ერთ-ერთ პრიორიტეტს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს.

კონტროლის პალატის სამუშაო გეგმებში მეშვიდე ადგილს იკავებს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა.  

კონტროლის პალატის ინფორმაციით, საქართველოში საჯარო სექტორის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ეტაპობრივად ინერგება, საჯარო სამსახურში მკვიდრდება შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის პრინციპები. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა ცხადყო ის პრობლემები, რომელიც თან ახლავს საქართველოს მთავრობის მიერ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვას.

ამდენად, საქართველოს კონტროლის პალატისათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ხელშეწყობა.

კონტროლის პალატის აუდიტორული საქმიანობის 2012 წლის პრიორიტეტია პენიტენციალური სისტემის ფინანსური მართვა, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისა და სასჯელაღსრულების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლების მართვა, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად აღრიცხვა არსებითია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში სწორი ინფორმაციის წარდგენისა და საბიუჯეტო პროცესში პარლამენტის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სსიპ-ების მიერ მიღებული შემოსავლების ზეგავლენა საბიუჯეტო რესურსების რაციონალურად გადანაწილებასა და დაზოგვაზე.  

2012 წლის აუდიტორულ პრიორიტეტებს შორის არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის განვითარებაც. კონტროლის პალატის ინფორმაციით, 2011 წელს შეიქმნა საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების განვითარების ხელშეწყობა სპეციალიზებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნით. ამასთან, ინსტიტუტი უფლებამოსილია, დაინტერესებულ სუბიექტებს საჯარო სექტორში გაუწიოს კვალიფიციური კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება. ინსტიტუტი სრულიად ახალი ორგანიზაციული სუბიექტია, რომელსაც, მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება და საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა განვითარება ესაჭიროება.