დოროთი პარკერის „რესპუბლიკის ჯარისკაცები“
13:48:46     27-12-2011
პრესა. გე-ს მკითხველს დღეს ვთავაზობთ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის, დოროთი პარკერის მოთხრობას „რესპუბლიკის ჯარისკაცები“.
ცნობილი ამერიკელი პოეტი და მწერალი ქალი დოროთი პარკერი (Dorothy Parker) დაიბადა 1893 წლის 22 აგვისტოს ლონგ-ბიჩზე, ნიუ-ჯერსის შტატში. მისი ნამდვილი სახელია დოროთი როტშილდი. ოჯახი ებრაული წარმოშობის იყო.
რთული ბავშვობა ჰქონია. სწავლობდა ნიუ-ორკში. 1916 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში, როგორც ფელეტონისტი და ლიტერატურული მიმომხილველი. შემდეგ გადავიდა ჰოლივუდში, სადაც სცენარებს წერდა. ორჯერ იყო „ოსკარზე“ ნომინირებული, მაგრამ მერე თავისი მემარცხენე იდეების გამო მოხვდა ჰოლივიდის „შავ სიაში“.
სამჯერ იყო გათხოვილი. მათ შორის ორჯერ ერთსადაიმავე ადამიანზე. რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. მიეძალა ალკოჰოლს.
1944 წელს გამოვიდა ალან რუდოლფის მხატვრული ფილმი „მისის პარკერი და მაკიერი წრე“. ფილმი დოროთი პარკერის წარმატებებისა და ცხოვრებისეული სირთულეები შესახებ, რომელმაც უამრავი ჭორი გააბათილა. დოტის როლი შესანიშნავად შეასრულა ჯენიფერ ჯეისონ ლიმ.
დოროთი პარკერი არის დახვეწილი, ფსიქოლოგიური ნოველების და ლიტერატურული პაროდიების ცნობილი ავტორი.
დოტის ლექსების კრებულებია: „მზე ჩადის“ (1928), „სიკვდილი და განსაცდელი“ (1931), „არც ისე ღრმა, როგორც ჭა“ (1936). გამოვიდა მისი ნოველების სამი წიგნი: „მოთქმა ცოცხლებზე“ (1930), „ასეთი სიამოვნების შემდეგ“ (1933) და „აქ განისვენებს“.
„რესპუბლიკის ჯარისკაცები“ (Soldiers of the Republic) გამოქვეყნებულია კრებულში „აქ განისვენებს“.
დოროთ პარკერი გარდაიცვალა 1967 წლის 7 ივნისს.
წინამდებარე ნოველა მოგვითხრობს ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილეებზე, რესპუბლიკელებზე, უბრალო გლეხებზე, რიგით ჯარისკაცებზე. დოროთი პარკერისა და ამერიკელების ერთი ნაწილის, მათ შორის დიდი მწერლის ერნესტ ჰემინგუეის სიმპატია რესპუბლიკელების მხარეზე იყო. ჩემი აზრით, რესპუბლიკელებიც და ფალანგისტებიც ორივე უკეთესი ესპანეთისათვის იბრძოდა, - როგორც ესმოდათ. ორივე მხარეს იყვნენ გმირები, უმეტესობა მათგანი, და ორივე მხარის ხელმძღვანელობაშიც იყო რეციდივები, დანაშაული, სისასტიკე. სამოქალაქო ომი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია. თუმცა, ომის დასრულების მერე, რესპუბლიკელების დამარცხების შემდგომ, გამარკვებულებმა დააფასეს ყველა...
ეს უკვე სხვა ისტორიაა.
მწერალი ერთი ხელის მოსმის, უბრალოდ და ნათლად, რემდენიმე შტრიხით გვიხატავს უბრალო ფერმერების ხიფათიან თავდადებას, , სამშობლისათვის, საქმისთვის, ცოლშვილისათვის, რომლების შესახებ არც კი იციან ამბები თვეების მანძილზე...
რესპუბლიკის ჯარისკაცები
(თარგმნა ე. ფაღავამ)
იმ კვირა საღამოს შვედ გოგონასთან ერთად ვალენსიის დიდ კაფეში ვისხედით. წინ ვერმუტი გვედგა, სქელი შუშის სასმისებით. სასმისებში ნასვრეტებიანი ყინულის ნაჭრები დაცურავდნენ.
ოფიციანტი ისე ამაყობდა ამ ყინულით, რომ ჭიქების მაგიდაზე დატოვება და მასთან სამუდამოდ გამოთხოვება საშინლად უმძიმდა. ოფიციანტი წავიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად - ოთახის ყოველი მხრიდან ტაშს უკრავდნენ და სისინებდნენ მისი ყურადღების მისაპყრობად, - მაგრამ ის მაინც უკან იხედებოდა.
გარეთ ბნელოდა, დიდი ხანი არ იყო, რაც უეცრად, შებინდების გარეშე დაბნელდა, მაგრამ რადგანაც ქუჩებში სუნათლე არ ენთო, ისე გეჩვენებოდათ, თითქოს უკვე შუაღამე იყო და გიკვირდათ, რომ ბავშვებს ჯერ კიდევ არ ეძინათ. კაფე სავსე იყო ბავშვებით. ისინი სერიოზულად, მოუწყენლად და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ, თუ რა ხდებოდა ირგვლივ.
ჩვენს გვერდით, მაგიდასთან, ძუძუმწოვარა ბავშვი ჰყავდათ. ექვსიოდე თვის თუ იქნებოდა. მამამისი ტანმორჩილი კაცი იყო და ზომაზე დიდი ფორმა მის მხრებს დაბლა ეზიდებოდა. პატარა ფრთხილად ჩაესვა კალთაში. ბავშვი არაფერს აკეთებდა, მაგრამ მამამისი და მისი გამხდარი ახალგაზრდა ცოლი, რომელიც თხელ კაბაში გამოკრული ისევ ფეხმძიმედ იყო, აღფრთოვანებით შესცქეროდნენ პატარას. მათ წინ, მაგიდაზე, ყავა ცივდებოდა. ბავშვს საკვირაო თეთრი ტანსაცმელი ეცვა, კაბა ისე გულმოდგინედ იყო დაკერებული, რომ ქსოვილის სიმრთელეში ეჭვი არ შეგეპარებოდათ, საკერებლის თეთრ ფერს განსხვავებული ელფერი რომ არ ჰქონოდა. თმაზე ახალი ცისფერი ბაფთა ეკეთა. ბაფთა საგულდაგულოდ იყო გამოკრული. იგი სრულიად ზედმეტი იყო. ეს ბაფთა მხოლოდ მოსართავი იყო, ხალხის თვალის მოსაჭრელად.
- ღვთის გულისათვის, გეყოფა! - ვუთხარი ჩემს თავს. - რა მოხდა, ბავშვს თავზე ცისფერი ბაფთა აქვს. დედამისი შიმშილობდა, რომ ბავშვი შვებულებით ჩამოსულ მამას ლამაზი მოსჩვენებოდა. ჰოდა, რაღა გატირებს, შენი საქმე არ არის, თავი დაანებე.
დიდ, დაბინდულ ოთახში უამრავი ხალხი იყო და ჟრიამული იდგა. იმ დილით თვითმფრინავებმა ქალაქი დაბომბეს. დღის სინათლეზე დაბომბვა უფრო საზარელი ჩანდა, მაგრამ კაფეში მყოფთაგანს არავის ემჩნეოდა დაძაბულობა. არავინ ატანდა თავს ძალას დავიწყებისათვის მიეცა დილით მომხდარი ამბავი. ზოგი ყავას სვამდა, ზოგი ლიმონათს. მათ საკვირაო დასვენებას სასიამოვნო იერი ჰქონდა, რადგან დაიმსახურეს ეს. უმნიშვნელო, მხიარულ თემებზე საუბრობდნენ. ყველა ერთად ლაპარაკობდა, ყველას ესმოდა და ყველა პასუხობდა.
ოთახში ბევრი ჯარისკაცი იყო. თითქოს ოცი სხვადასხვა არმიის ფორმა აცვიათო. მაგრამ თუ დავაკვირდებოდით, მივხვდებოდით, რომ განსხვავება გამოწვეული იყო იმით, თუ რამდენად გაცვეთილი ან გახუნებული იყო ქსოვილი. მხოლოდ რამდენიმე მათგანი იყო დაჭრილი. აქა-ის თვალს მოჰკრავდით ყავარჯნებზე ან ორ ჯოხზე დაყრდნობილ ჯარისკაცს, რომელიც ფრთხილად მოაბიჯებდა, მაგრამ უკვე იმდენად გამოჯანსაღებული იყო, რომ სახეზე ფერი მოსვლოდა. სამოქალაქო ტანსაცმლიანებიც ბევრნი იყვნენ - შვებულებით ჩამოსული ჯარისკაცები, სამმართველოს მუშაკები და სხვადასხვა ჯურის ადამიანები. აქ იყვნენ ჩასუქებული, მშვიდი დიასახლისები, რომლებიც ქაღალდის მარაოებით ინიავებდნენ; თავიანთი შვილებივით წყნარი მოხუცი ქალები, უამრავი სანდომიანი ქალიშვილი და რამდენიმე ლამაზი ქალიც, რომელთა შესახებ ვერ იტყოდით: „იგი მომხიბლელი ესპანელი ქალის ტიპია!“ თქვენ მხოლოდ წამოიძახებდით: „რა მშვენიერი გოგონაა!“ ქალების ტანსაცმლს სიახლე არ ეტყობოდა და ქსოვილიც იმდენად უბრალო იყო, რომ გამოცდილი მკერავის ხელს არ საჭიროებდა.
- სასაცილოა, ვუთხარი შვედ გოგონას, - რომ როდესაც ხალხის კრებულში განსაკუთრებით კარგად ჩაცმული არავინ არის, ცუდ ჩაცმულობას ვერც ამჩნევ.
- რა თქვით? - მკითხა გოგონამ.
ქუდი არავის ეხურა, გარდა რამდენიმე ჯარისკაცისა. როცა პირველად ჩამოვედით ვალენსიაში, მიკვირდა, რატომ დამცინოდა ქუჩაში ყველა. ეს კი თურმე იმიტომ ხდებოდა, რომ სახეზე „უესტ ენდ ავენიუს“ დაღი მაჩნდა, თითქოს საბაჟოს ოფიცერს ცარცით დაეწერა ეს სიტყვები ჩემზე. ვალენსიაში უყვართ ამერიკელები. უნახავთ კარგი ადამიანები მათ შორის - ექიმები, რომლებმაც თავიანთი პრაქტიკა მიატოვეს და მათ დასახმარებლად ჩამოვიდნენ; მშვიდი, ახალგაზრდა სამედიცინო დები; ინტერნაციონალური ბრიგადის ოფიცრები. მაგრამ, როცა ქუჩაში მიმავალს მხედავდნენ, კაცები და ქალები თავაზიანად იფარებდნენ ხელებს სიცილისაგან დამანჭულ სახეებზე, ხოლო პატარა ბავშვებს, რომლებსაც თვალთმაქცობის ჯერ არაფერი გაეგებოდათ, სიცილისაგან მუცლები ხელით ეჭირათ და ყვიროდნენ: “ole!” მერე, საკმაოდ გვიან, მივხვდი, რით იყო ეს გამოწვეული და ქუდს აღარ ვიხურავდი. ამის შემდეგ აღარც არავინ დამცინოდა. თუმცა თავისთავად ქუდს არაფერი ჰქონდა სასაცილო. ჩვეულებრივი ქუდი იყო.
კაფე გაიჭედა. მე მაგიდიდან წამოვდექი, რომ ამხანაგს დავლაპარაკებოდი ოთახის მეორე ბოლოში. როცა მაგიდასთთან დავბრუნდი, მას ექვსი ჯარისკაცი უჯდა. მჭიდროდ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და ძლივს გავძვერი ჩემი სკამისაკენ. დაღლილები ჩანდნენ, დამტვერილები და პატარები, ისე, როგორც ახლად გარდაცვლილები ჩანან ხოლმე. პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, იყო კისრის ძარღვები. ახლა ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გამოფენაზე გამოყვანილი ღორი ვიყავი.
ყველა ერთბაშად ელაპარაკებოდა შვედ გოგონას. მან ესპანური, ფრანგული, გერმანული, ყველა სკანდინავიური, იტალიური და ინგლისური ენები იცის, როცა სინანულის დრო აქვს, წუწუნებს, ჰოლანდიური იმდენად დამავიწყდა, კითხვა-ღა შემიძლია ამ ენაზეო; იგივეს ამბობს რუმინულზეც.
გოგონამ გვითხრა, რაც ჯარისკაცებმა უამბეს. სანგრებიდან მოსულიყვნენ და უკვე უთავდებოდათ ორმოცდარვასაათიანი შვებულება. ამ შვებულებისათვის მათ ყველას დაედო ფული სიგარეტების საყიდლად. მაგრამ რაღაც მოხდა და სიგარეტები დაიკარგა. მე ამერიკული სიგარეტების კოლოფი მქონდა. - ამ სიგარეტებთან შედარებით ესპანეთში ძვირფასი ქვები არაფრად მიაჩნდათ, - კოლოფი ამოვიღე და თავის ქნევით, ღიმილითა და მკერდზე ხელის დარტყმით გავაგებინე, რომ ექვს თამბაქოს მოწყურებულ კაცს სიგარეტს ვთავაზობდი, როცა ისინი სურვილს მიმიხვდნენ, თვითეული მათგანი წამოდგა და ხელი ჩამომართვა. შესანიშნავად მოვიქეცი, რომ ომში მიმავალ ადამიანებს სიგარეტი შევთავაზე... გულუხვობა გამოვიჩინე, გამოფენაზე გამოყვანილმა ღორმა!
თვითეულმა მათგანმა მოუკიდა სიგარეტს საძაგლად მხრჩოლავი პატრუქით. ამ პატრუქს ხელყუმბარის ასაფეთქუბლად ხმარობენო, მითარგმნა შვედმა გოგონამ. ყველას მოუტანეს დაკვეთილი ყავა და ყველამ რაღაც წაიბუტბუტა სიამოვნებით, როცა შაქრის პაწაწინა ნატეხი დაინახა - სიუხვის წყარო, რომელიც ყავას მოჰყვა. შემდეგ საუბარი გააბეს.
ისინი შვედ გოგონას საშუალებით გვაგებინებდნენ ნათქვამს, მაგრამ ისე ლაპარაკობდნენ, როგორც ჩვენ ყველანი, როცა ჩვენს ენაზე ვესაუბრებით ადამიანს, რომელმაც ეს ენა არ იცის. პირდაპირ სახეში გვიყურებდნენ და ნელა ლაპარაკობდნენ. სიტყვებს განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოთქვამდნენ. შემდეგ, როცა თავიანთ თავზე დაიწყეს ლაპარაკი, სიტყვები ისე მკვეთრად მოგვაყარეს, რომ დარწმუნებულები იყვნენ, ჩვენ ყველაფერს გავიგებდით. ჩვენ კი გვრცხვენოდა, რომ არაფერი გვესმოდა.
მაგრამ მერე შვედმა გოგონამ გვიამბო ყველაფერი. ისინი ფერმერები იყვნენ და ფერმერთა შვილები, ისეთი ღარიბი რაიონებიდან, რომ გასახსენებლადაც კი ძნელია ასეთი სიღარიბის არსებობა ქვეყნად. მათი სოფელი იმ სოფლის გვერდით იყო, სადაც მოხუცები და ბავშვები დღეობაზე წავიდნენ - ხართა ბრძოლის სანახავად. თვითმფრინავები კი მოვიდნენ და ასპარეზზე ყუმბარები ჩამოყარეს. ორასზე მეტი მოხუცი, ავადმყოფი, ქალი და ბავშვი იყო იქ.
წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ექვსივე ომში იყო. ამ დროს უმეტესი ხანი სანგრებში გაატარეს. ოთხი მათგანი ცოლიანი იყო. ერთს ერთი შვილი ჰყავდა. ორს სამ-სამი. ერთს კი - ხუთი. ფრონტზე წასვლის შემდეგ სახლიდან არც ერთი წერილი არ მიუღიათ. კავშირი გაწყვეტილი იყო. ორმა მათგანმა სანგრებში ისწავლა წერა, ამხანაგებმა ასწავლეს. მაგრამ სახლში წერილის მიწერას ვერ ბედავდნენ. ისინი რესპუბლიკელები იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელებს დაპატიმრების შემთხვევაში ხვრეტდნენ. სოფლები, სადაც მათი ოჯახები ცხოვრობდნენ, მტერმა დაიკავა, და თუ ცოლი რესპუბლიკელისაგან წერილს მიიღებდა, ვაი, თუ ისიც დაეხვრიტათ?
მათ თქვეს, რომ უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც არაფერი იცოდნენ თავიანთი ოჯახების შესახებ. მათ ეს არც თავაზიანად უთქვამთ, არც ახირებით, არც ვაჟკაცურად. ჩვეულებრივად გვიამბეს, აი, ასე: კაცი მთელი წელი სანგრებში იბრძვის, არაფერი იცის ცოლ-შვილის შესახებ. მათაც არ იციან მკვდარია თუ ცოცხალი, ან დაბრმავებული. ჯარისკაცმა არ იცის, სად არიან ისინი, ან თუ არსებობენ კიდევ. და გულით უნდა ვიღაცას გაუზიაროს თავისი დარდი. აი, ასე გვითხრეს მათ, რაც აწუხებდათ.
ერთ-ერთ მათგანს ექვსი თვის წინ გაეგო ცოლისა და სამი შვილის ამბავი. ბავშვებს ისეთი მშვენიერი თვალები აქვთო, - გვითხრა. ფრანგ ბიძიას დაემსგავსნენო თვალებით. ყველა ცოცხალიაო, მაშინ უთხრეს. საჭმელად ერთი ჯამი ლობიო აქვთო ყოველდღე. მაგრამ მისი ცოლი საჭმელზე არ ჩიოდა, როგორც უთხრეს, მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბავშვების დაგლეჯილი ტანსაცმლის დასაკერებლად ძაფი არ ჰქონდა. ჯარისკაცსაც აწუხებდა ეს ამბავი. - ძაფი არა აქვსო, იმეორებდა. - ჩემს ცოლს ძაფი არა აქვს ტანსაცმლის დასაკერებლად, ძაფი არა აქვსო.
ვიჯექით და ვუსმენდით მათ ნათქვამს შვედი გოგონას მეშვეობით. უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა საათს შეხედა და ყველა ერთბაშად აღელდა. ისინი წამოხტნენ როგორც ერთი, ოფიციანტს დაუძახეს, სწრაფი ლაპარაკი გაუბეს, შემდეგ სათითაოდ ჩამოგვართვეს ხელი. ჩვენ ხელების მოძრაობით ვანიშნეთ, რომ დანარჩენი სიგარეტებიც წაეღოთ - თორმეტი სიგარეტი ომში მიმავალ ექვს ჯარისკაცს - და ისევ ჩამოგვართვეს ხელი. შემდეგ ყველამ ვთქვით “salud!” იმდენჯერ, რამდენი კაციც ვიყავით და მერე ისინი კაფედან გავიდნენ ექვსივე. დაღლილები იყვნენ, დამტვერილები და ტანმორჩილნი, როგორც ყოველი დიდი ურდოს ადამიანები.
მათი წასვლის შემდეგ მხოლოდ შვედი გოგონა ლაპარაკობდა. შვედი გოგონა ესპანეთში ომის დაწყების დღიდან იყო. დასახიჩრებულ ადამიანებს უვლიდა და საკაცეები სანგრებში შეჰქონდა, ხოლო უფრო მძიმედ დატვირთულები ჰოსპიტალში მიჰქონდა. ძალიან ბევრი რამ ენახა და ასეთი რამ მასზე უკვე აღარ მოქმედებდა.
წასვლის დრო მოახლოვდა. შვედმა გოგონამ ხელები აღმართა და ტაში შემოჰკრა ორჯერ ოფიციანტის დასაძახებლად. ოფიციანტი მოვიდა, თავი და ხელი გააქნია უარის ნიშნად და წავიდა.
ჩვენი სასმელის ფული ჯარისკაცებს გადაეხადათ.