
გიორგი კანდელაკი: ასლან აბაძიშის რეჟიმს და პუტინის რუსეთს ბევრი საერთო აქვს
13:23:25     27-12-2011
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატის გიორგი კანდელაკის შეფასებით, რუსეთში, ვლადიმერ პუტინისადმი შიში გადაილახა და მისი უძლეველობის მითი დაიმსხვრა. მისი პროგნოზით, რუსეთში უამრავი სიმპტომი არსებობს იმისა, რომ საპროტესტო მოძრაობა გაღრმავდება. დეპუტატი წინასაარჩევნო პერიოდში, კრემლის მხრიდან, პროვოკაციებს არ გამორიცხავს, რადგან პუტინის რეჟიმს სისხლიანი და ძალადობრივი ავანტიურების საკმაოდ სოლიდური გამოცდილება აქვს.
ქართველი კანონმდებელი, პუტინის გუნდში რღვევაზეც საუბრობს და ასლან აბაშიძის რეჟიმთან გარკვეული სახის პარალელებსაც ავლებს.
რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი კანდელაკს ესაუბრა:
–როგორ შეაფასებთ, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს? როგორ ფიქრობთ, კრემლი რუსი ხალხის მოთხოვნებს შეასრულებს?
–გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთის ისტორიაში, ეს გარდამტეხი ეტაპია. თუმცა, ამ პროცესის შედეგი რა იქნება, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში, რუსეთში ხდება გასაკვირია. ამ პროცესებში არის ისეთი ელემენტები, რომლებიც სხვადასხვა რეპრესიული რეჟიმების ნგრევის პროცესში აღმოჩენილა. კერძოდ, ის გარდამტეხი სიმპტომები, რომელიც საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესშიც დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმთან გარკვეული სახის პარალელის გავლებაც კი შეიძლება. მართალია, მასშტაბი მცირეა, მაგრამ აბაძიშისა და ჩეკისტული რუსეთის რეჟიმებს, საერთო ბევრი აქვთ. ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც კრემლის სასოწარკვეთაზე მიანიშნებს, ის ფაქტია, რომ პუტინის ხელისუფლებამ „ბოლონტაია გორაზე“ საკუთარი მომხრეების მიტინგი ჩაატარა. ალბათ, “ვარდების რევოლუციის” დროს, რუსთაველის გამზირზე, ასლან აბაშიძის აქცია გახსოვთ. აბაშიძემ, ვითომ, თავის ხალხი ჩამოიყვანა, სინამდვილეში კი, ისინი სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, ტყავის ქურთუკებში გამოწყობილნი. რუსეთში ბევრი სიმპტომი არსებობს იმისა, რომ საპროტესტო მოძრაობა გაღრმავდება. მთავარია, რომ პუტინის შიში გადაილახა და მისი უძლეველობის მითი დაიმსხვრა. რუსი ხალხი ნიჭიერი ხალხია და მათ, საბოლოოდ, რეჟიმის წინააღმდეგ, პროტესტი მაინც გამოხატეს. შეიძლება ითქვას, რომ პუტინის აბუჩად აგდება - მოდური გახდა. რაც ადრე, ასე არ იყო. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ რუსეთის საზოგადოება არასოდეს მოიქცევა ისე, როგორც ამას აქამდე ჰქონდა ადგილი.
– რუსი ხალხი და ოპოზიცია, ბრძოლისთვის და კონკრეტული შედეგისთვის მზად არის?
– უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ საზოგადოებაში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. სოციალური სისტემა იცვლება, დიდი, რთული და საშუალო კლასი ჩამოყალიბდა. რუსეთში, სინდრომი არსებობდა, რომ მეტი თავისუფლება კატაკლიზმებსა და რუსეთის გაღარიბებას გამოიწვევდა. ეს სინდრომი, ფაქტობრივად, ამ მიტინგებით გადაილახა. ჩვენ დავინახეთ, რომ ქუჩაში, საშუალო ფენის წარმომადგენლები გამოვიდნენ, ის ხალხი, რომელსაც არც შია და არც წყურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მცდარ მითს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ნერგავდა - დემოკრატია უდრის ქაოსს, ხალხი აღარ უჯერებს. არადა, ეს მოსაზრება, პუტინის ხელისუფლების დასაყრდენი იყო. რუსული სული სხვა არის, მაგრამ ამ ბოლო მიტინგებმა, მითი - დემოკრატია უდრის ქაოსს, საბოლოოდ დაამსხვრია. როგორც ჩანს, რუს ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა.
– თქვენი აზრით, საპროტესტო მუხტის ჩასაქრობად, რუსეთი რა გზას დაადგება? ტერაქტებს მოაწყობს, ოპოზიციონერთა დაშინებასა და მკვლელობას შეეცდება, თუ სხვა ხერხს მიმართავს?
– ეს რეჟიმი, ყოველი არჩევნების წინ, რაღაც ავანტურას მიმართავდა. 1999 წელსაც ასე მოხდა, როდესაც, მოსკოვში აფეთქებები მოხდა. ისმოდა ბრალდებები, რომ ეს აფეთქებები “ფეესბემ“ მოახდინა. ეს სპეკულაციები, შოკისმომგვრელი იყო. იცით, რომ ლიტვინენკოს საქმეც ამ აფეთქებებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ მოკლეს ლიტვინენკო. ბოლო არჩევნების დროს კი, კრემლი საქართველოში შემოიჭრა და ომი დაიწყო. უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პუტინის რეჟიმს სისხლიანი და ძალადობრივი ავანტურების საკმაოდ სოლიდური გამოცდილება აქვს. მოსკოვმა, საკუთარი რეჟიმის ლეგიტიმაცია რომ მოახდინოს, ამისთვის მტრის ხატს ქმნის, თითქოს რუსეთი გარშემორტყმულია მტრული სახელმწიფოებით, რომლებიც მის დასუსტებას ცდილობს. რაც დრო გადის, ხალხი მეტს მოგზაურობს და ხედავს, რომ რუსეთს არავინ ებრძვის. იცით, რუსეთში რომელი პროვინციებია შედარებით განვითარებული? ნატოს ქვეყნებს რომ ესაზღვრება, უკეთესი ცხოვრება სწორედ იმ რეგიონებშია. ყველა ხედავს, რომ ნატოსგან საფრთხობელას გამოცხობა - აბსურდია. დასავლეთში, არანაირი შეთქმულება არ არსებობს. ეს რეჟიმი, მითს ემყარება, რომ სრულფასოვანი თავისუფლება - რუსეთს დაანგრევს.
– სანამ, რუსეთი საპროტესტო გამოსვლების რეჟიმშია, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყურადღებას მოადუნებს თუ გავლენის შენარჩუნებას შეძლებს?
– რუსეთს, საზღვარგარეთ ავანტურების წამოწყების, სოლიდური გამოცდილება აქვს და ამის საფრთხე ახლაც არსებობს. ამას ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა დავუპირისპიროთ - პასუხისმგებლობა და წინდახედული პოლიტიკა. ეს ეხება ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურია.
–რაც შეეხება პუტინის რეიტინგის ვარდნას, მას არჩევნებში გაყალბების გარეშე გამარჯვების რა შანსი აქვს?
– პრონგონოზის გაკეთება ძნელია, რადგან გაყალბების უზარმაზარი მანქანა არსებობს რუსეთში, მაგრამ ევროპარლამენტმა გამოსცა რეზოლუცია და ახალი არჩევნების დანიშნვას ითხოვს. ეს ბოლო არჩევნებიც გაყალბდა. არჩევნები გაყალბებული იყო და კიდევ შეეცდებიან გააყალბებას, თუმცა, ბედის გადაწყვეტა რუს ხალხის გამბედაობაზეა დამოკიდებული. რუსეთში საპროტესტო აქციებზე ვლადიმერ პუტინის ნათლული - ქსენია საბჩაკი გამოჩნდა.
– პუტინის გუნდში რღვევა მიმდინარეობს?
– მართალია, ქსენია საბჩაკი პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკოსებს, კერძოდ, დუმის წევრებს, დანამდვილებით ვიცი, რომ მათ შორის კრიტიკული განწყობა არსებობს. სხვადასხვა საპარლამენტო ანსაბლეის წევრებისგან გამიგია, რომ “აგვისტოს ომთან” დაკავშირებით განწყობა მყარდება, რომ პუტინმა, საქართველოში შემოჭრით ვერანაირი ხეირი ვერ ნახა. უნდა ითქვას, რომ ეს განწყობა უფრო ძლიერდება. ამ რეჟიმის რღვევას უკვე ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებზე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ალექსეი კუდრინიც გამოჩნდა, რომელზეც პუტინი ამბობდა, რომ ის მისი გუნდის საამაყო წევრია.
– რუსეთის ხელისუფლების სათავაში პუტინი თუ დაბრუნდება, ეს საქართველოსთვის რა საფრთხეს წარმოადგენს?
– პუტინი რა საფრთხეს წარმოადგენს, ყველამ კარგად იცის, მაგრამ მისი “დაბრუნება” შეიძლება ჩვენთვის კარგი აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ რუსეთის რეალური პოლიტიკა კრისტალიზდება და ვერავინ იტყვის, რომ მოდი, პუტინს ვაცალოთ, რეფორმები გაატაროს. თავში, მსგავსი ილუზიები პოლიტიკური სიბრმავით შეპრყობილი ხალხის გარდა არავის მოუვა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს. მას სჯერა, რომ პუტინი ანტიკორუფციულ რეფორმებს გაატარებს. ის ამბობდა, რომ რუსი ხალხი მხარს პუტინს უჭერს. რუსეთის პრემიერს ხალხი მხარს როგორ უჭერს, კარგად ვნახეთ.