
რატომ მიიჩნევს კონსტანტინე კუბლაშვილი გამორჩეულად 2011 წელს?
11:18:34     27-12-2011
დღეს, 13:00 სთ-ზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილი წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს და საზოგადოებას 2011 წლის მუშაობის შედეგებს გააცნობს. თუმცა მანამდე, ‘’პრესა.ჯი’’ გთავაზობთ ინტერვიუს კონსტანტინე კუბლაშვილთან, რომელშიც ის საუბრობს, თუ რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელდა სასამართლო სისტემაში მიმდინარე წელს და არის თუ არა საქართველოში ხელისუფლების ნება არსებობდეს თავისუფალი და ობიექტური სასამართლო.
- რა რეფორმები და ღონისძიებები გატარდა 2011 წელს სასამართლო სისტემაში?
- ჩემი აზრით, ეს წელი სასამართლო სისტემის მეტი საჯაროობისა და გამჭირვალობის წელი იყო. ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. პირველ რიგში დავასახელებ ნაფიც მსაჯულთა სისტემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩართულია საზოგადოება და თავად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.
აღსანიშნავია ელექტრონული პროგრამები, რომელიც წელს ამოქმედდა, რადგან მოქალაქისთვის, სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სწრაფი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება. უზენაესი სასამართლოს აქტუალურ გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის მეშვეობით, რომელიც 2000 წლიდან მიმდინარე თარიღამდე მოიცავს მონაცემებს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის საინტერესო გადაწყვეტილება ინტერნეტის საშუალებით მიიღოს. პროგრამა იძლევა საქმის რამდენიმე პარამეტრით მოძებნის შესაძლებლობას, რაც სტატისტიკურ მონაცემებსაც ასახავს, მაგალითად, ერთ წელიწადში რამდენი ასეთი კატეგორიის საქმე განიხილა უზენაესმა სასამართლომ და რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ასევე წელს ამოქმედდა უზენაესი სასამართლოს საარქივო გადაწყვეტლებათა ელექტრონული პროგრამა, რადგან საზოგადოების მხრიდან ხშირი იყო მოთხოვნა განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებზე. საარქივო გადაწყვეტილებათა ელექტრონული პროგრამის საშაულებით, უკვე ინტერნეტით არის შესაძლებელი უზენაესი სასამართლოს არქივში დაცული, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილებების მოძიება.
წელს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის შექმნა, რომლითაც უკვე სარგებლობს 14 დიდი სასამართლო, მომავალი წლიდან 16 სასამართლო იქნება ჩართული ამ ქსელში და ნებისმიერ პირს, ინტერნეტის საშუალებით ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებს, სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეზე, მისი მიღებიდან რამდენიმე დღეში. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მიმაჩნია, რომ 2011 წელი გამორჩეული იყო სასამართლო სისტემისთვის.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. თქვენი აზრით, როგორ განხორციელდა იგი და რა შეფასებას მისცემთ მსაჯულთა გადაწყვეტილებებს ჩატარებულ ორ პროცესზე?
- ეს იყო პირველი პროცესები და შესაძლოა არსებობდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელიც მხოლოდ ჩვენ დავინახეთ და მას სასამართლოს შედეგებზე ან ნაფიც მსაჯულებზე გავლენა არ მოუხდენია. კარგად ვიყავით მომზადებული და ეს დაამტკიცა იმ ორმა პროცესმა, რომელიც ჩატარდა. ჩვენ გვქონდა კითხვარები ნაფიცი მსაჯულებისთვის, თუ რა საკითხები მოეწონათ და რა ხარვეზები იყო სასამართლო სისტემაში, აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს ხარვეზი არ ჩაუნიშნავს, მე დამატებით ჩავეკითხე შეხვედრაზე, რას ფიქრობენ სასამართლოზე, რა იყო პრობლემატური, დაწყებული მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლოს მუშაობიდან, სავარძლებით თუ კვების რაციონით დასრულებული, მაგრამ მათგან ვერ მივიღე ნეგატიური შეფასება ვერცერთ საკითხზე.
საზოგადოების ინტერესი მართლაც დიდი იყო, ყველა სხდომას 150 ადამიანი ესწრებოდა და დარბაზი სავსე იყო. რაც შეეხება ვერდიქტს, მე ამას ვერ შევაფასებ, რადგან არ ვესწრებოდი და არ ვიცი რა მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი, მაგრამ მთლიანად ვენდობი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას, რადგან ყველა, ვინც ესწრებოდა პროცესებს, აღიარებს, რომ ის მიმდინარეობდა ძალიან ობიექტურად. მომავალი წლის ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება ქუთაისშიც, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გაფართოვდება მთელს ტერიტორიაზე. მინდა ძალიან კარგად იმუშაოს ამ სისტემამ და რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რაც სამოქალაქო შეგნების დონეს განავითარებს.
- წელს ხშირად ხვდებოდით არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს...
- ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც სასამართლო სისტემა უფრო ღია და საჯარო იყო 2011 წლის განმავლობაში. ჩვენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განვიხილავდით ყველა საკითხს, სასამართლო სისტემის განვითარებასა და რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის მანძილზე ვმსჯელობდით ამ საკითხებზე, გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრაც და ფაქტობრივად, შევთანხმდით, რომ სამ საკანონმდებლო აქტში შევა ცვლილება, რაც გააუმჯობესებს სასამართლო სისტემის საჯაროობას და ასევე მდგრადობასა და სტაბილურობას.
- წელს განხორციელდა თანამშრომელთა გადამზადებაც, რა მიმართულებით ხდება არსებული სტანდარტების ამაღლება?
- ეს ეხება მოქალაქეებთან ურთიერთობას. ორი წლის წინ დავიწყეთ და წელს გავიმეორეთ სასამართლოს თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის სტანდარტების სწავლება. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სპეციალური დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს სტანდარტებს თუ როგორ უნდა ესაუბროს და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სასამართლოში შემოსულ ადამიანთან სასამართლოს თანამშრომელს. ამ კუთხით, ვთვლი, რომ ძალიან კარგი სიტუაციაა, რასაც ტრენინგების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებს. გამოკითხულთა 80-85% დადებითად აფასებს სასამართლო მომსახურებას სასამართლოს სხდომის გარეთ.
- წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის 5 წლისთავი აღინიშნა, რა შედეგები მოგვცა ამ სკოლამ და დღევანდელი გადასახედიდან რამდენად გამართლებულია მისი შექმნა?
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტი ძალიან სერიოზული იყო. სკოლის შექმნა და მისი ფუნქციების ამოქმედება მთლიანად ცვლიდა მოსამართლეთა შერჩევის ადრე არსებულ სისტემასა და დანიშვნის ძველებურ მოდელს. სკოლის შექმნით უფრო გამჭირვალე გავხადეთ ეს სისტემა და ამავდროულად მოგვეცა უფრო კვალიფიციური კადრების მიღების შესაძლებლობა. ასევე საფუძველი ჩაეყარა მოსამართლეთა რეგულარულ გადამზადებას. ეს სისტემა უკვე შეურყევლად ფუნქციონირებს. ახალი მოსამართლეები ინიშნებიან მხოლოდ სკოლაში ათთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რაც საშუალებას გვაძლევს თითქმის სრულყოფილი ცოდნით მივიღოთ მოსამართლე. ყოველ წელს, ყველა მოსამართლე, ორჯერ მაინც გადის იმ ტრენინგსა და სემინარს, რაც აუცილებელია მისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ამიტომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიმართ ჩემი შეფასება ძალიან დადებითია. ეს აზრი გაიზიარა წელს, ჩვენს მიერ გამართულ კონფერენციაში მონაწილე 10 ქვეყნის წარმომადგენელმა. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს მოდელი სამაგალითოა აღმოსავლეთ ევროპისა თუ სხვა ქვეყნებისთვის. საფრანგეთის წარმომადგენელმა, სადაც ათწლეულებია ასეთი მოდელი არსებობს, განაცხადა, რომ არ ელოდა მსგავს შედეგებს, რომ ჩვენ მათგან დახმარება აღარ გვჭირდება და შეეცდება ყველგან ხაზგასმით აღნიშნოს საქართველოში არსებული სისტემის შესახებ.
- მიმდინარე წელს, მოქალაქეთა ნდობის განსაზღვრის მიზნით, კვლევები ჩატარდა, როგორია გამოკითხვის მაჩვენებლები?
- 2011 წელს, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, 8 დიდ ქალაქში ჩავატარეთ მორიგი გამოკითხვა იმ ადამიანებისა, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ, ვინაიდან ისინი ყველაზე უკეთ ხედავენ სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს. რა თქმა უნდა, შედეგები ყველა ქალაქში განსხვავებული იყო, მაგრამ საერთო ჯამში, მივიღეთ ის სურათი, რომელსაც ველოდით. გამოკითხულთა 65 %-დან - 72%-მდე უცხადებს ნდობას სასამართლოს.
- არსებობს კვლევები რეფორმირებულ სასამართლომდე, მათი შედარება რომ მოვახდინოთ დღევანდელ შედეგებთან?
- მომხმარებელთა გამოკითხვა მაშინ არ ხდებოდა, მაგრამ ზოგადი კვლევების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც შეესაბამებოდა მაშინდელ შეხედულებებს, ძალიან დაბალი იყო. ძალიან ბევრ კრიტიკას, რომელიც სასამართლოს მიმართ არსებობდა, ვეთანხმებოდით, რადგან სასამართლო 2004, 2005 და 2006 წლებში ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. სასამართლო ძალიან მყარი სისტემაა, რომელიც გამოირჩევა თავისი გარანტიებით მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ და ამიტომ შეუძლებელი იყო მისი სწრაფი ტრანსფორმირება. ამას ხელს უშლიდა ისიც, რომ სასამართლოს ჰქონდა ძალიან ცუდი წარსული. შედეგი მალე მივიღეთ იმ კუთხით, რომ ქვეყანაში დაიწყო აქტიური ბრძოლა კორუფციასთან და ეს, რა თქმა უნდა, გავრცელდა სასამართლოზეც, მაგრამ საქმეთა სწრაფად, ობიექტურად და კვალიფიციურად განხილვის კუთხით შედეგი დიდხანს არ გვქონდა, ამიტომაც იყო ნდობის ძალიან დაბალი - 20-25 პროცენტიანი მაჩვენებელი. ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა.
- გადაწყვეტილების ზემდგომი ინტანციის სასამართლოში გასაჩივრების რაოდენობაც მიუთითებს, რამდენად კმაყოფილია მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ მხრივ რა მაჩვენებლები ფიქსირდება მიმდინარე წელს?
- არაპირდაპირი მაჩვენებელი, გაიზარდა თუ არა სასამართლოს მიმართ ნდობა, არის სასამართლოში განსახილველად შემოსული საქმეების რაოდენობა. საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იმატებს. 2010 წელს შემოვიდა დაახლოებით 30 პროცენტით მეტი საქმე, ვიდრე 2009 წელს, ხოლო 2011 წლის 11 თვეში შემოვიდა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 9 პროცენტით მეტი საქმე. ნდობის ზრდის მეორე მაჩვენებელი გახლავთ გასაჩივრების პროცენტი. წელს, 9 თვის მონაცემებით, პირველი ინსტანციის მიერ განხილული სამოქალაქო საქმეების გადაწყვეტილებათა მხოლოდ 9.5% გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში, ადმინისტრაციულ საქმეებში დაახლოებით 19% გაასაჩივრეს კერძო პირებმა, სახელმწიფომ გაასაჩივრა დაახლოებით 12 %, რაც შეეხება სისხლის სამართლის დავებს, ასეთი დავების 88% სრულდება საპროცესო შეთანხმებით, შესაბამისად, გასაჩივრებაც ნაკლებია. არსებითი გადაწყვეტილებიდან გასაჩივრებულია 50 %. სისხლის სამართალი განსხვავებულია, საქმე ეხება თავისუფლების აღკვეთას და ამიტომ მეტად ასაჩივრებენ გადწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეების დაახლოებით 28% განსასჯელის სასარგებლოდ გადაწყდა. რაც ნიშნავს, რომ პირველ ინსტანციაში მაინც არის გარკვეული ხარვეზები. უზენაეს სასამართლოში იგივე მაჩვენებელი ძალიან ცოტა - 8-10%-ს შეადგენს.
- კორუფცია საქართველოში მართლაც მკვეთრად შესამჩნევი იყო, ბოლო წლებშიც ხდება სახელმწიფო მოხელეების ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება, თუმცა მსგავსი შემთხვევა, რამდენადაც მახსოვს, სასამართლოში წლებია არ დაფიქსირებულა.
- ბოლო 2 წელია ასეთი ფაქტი არ მომხდარა. 2008 და 2009 წელს იყო ერთი შემთხვევა. პირველად მოსამართლე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს 2004 წელს, 2005 -2006 წლებშიც იყო ასეთი შემთხვევები, სულ დაკავებულია 15 მოსამართლე. რამდენიმე მათგანმა უკვე მოიხადა სასჯელი. ტენდენციას თუ გადავხედავთ, მსგავსი ფაქტები ჯერ შემცირდა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა, რაც ჩემი აზრით, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარია. სამი წლის წინ ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს ამერიკელებმა და გამოკითხულთა 92-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სასამართლოში ან საერთოდ აღარ, ან ძალიან მინიმალური ოდენობით არის მსგავსი შემთხვევები, ეს უკვე ყველაფერს აჩვენებს. ყველა დანარჩენი მიღწევა, რაზეც ვისაუბრე, შეუძლებელი იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლის ასეთი შედეგის გარეშე.
- როგორი აფასებენ თქვენი დასავლელი თუ სხვა განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელი კოლეგები საქართველოს სასამართლო სისტემას?
- ყოველვის ხდება მონიტორინგი იმისა, რაც კეთდება სასამართლო და არამარტო სასამართლო სისტემაში. ისინი აღიარებენ, რომ ძალიან ბევრი რამ გამოსწორდა სასამართლო სისტემაში, თუმცა არის შენიშვნებიც. შენიშვნები, რომელიც ეხებოდა სასამართლო გამჭირვალობის, მეტი ობიექტურობის აუცილებლობას, ფაქტობრივად ამოვწურეთ იმ პროექტებით, რომელიც შევიმუშავეთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებათან ერთად. ახლა ჯერი პარლამენტზეა და დარწმუნებული ვარ საგაზაფხულო სესიაზე კანონად აქცევენ ამას, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენს სისტემას. ბუნებრივია არის კრიტიკული შეფასებებიც, მეტი ობიექტურობის მოთხოვნაზე და ა.შ, მაგრამ საერთო ჯამში, წინა წლებისგან განსხვავებით, პირველ რიგში აღნიშნულია ის წინსვლა და წარმატებები, რაც აქვს სასამართლო სისტემას. მათ შეფასებებში ჩანს, რომ ხარვეზი უფრო ნაკლებია და მცირე მნიშვნელობის საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება.
- სასამართლო სისტემის თქვენი შეფასება როგორია?
- ჩემი შეფასებაც სწორედ ასეთივეა. მიზანთან გაცილებით ახლოს ვართ, მაგრამ ჯერ არ მივსულვართ. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მაგალითად, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებაზე ყურადღების გამახვილება. განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც გაცილებით მეტი მოთხოვნაა.
ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას, როგორ ხდება დასაბუთება, როგორია არგუმენტაცია. აშშ, გერმანია და ნორვეგია გვაქვს სამაგალითოდ აღებული და ისინი გვეხმარებიან, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ. ასევე შევიმუშავეთ კომუნიკაციის სტანდარტები სასამართლო სხდომის დარბაზში. მომავალ წელს, ყოველი მოსამართლე, ორჯერ გაივლის ამ კურსს, რაც ძალიან გამოასწორებს სასამართლოს მიმართ მოსახლეობის აღქმას, რადგან არის შემთხვევები, რომ მოსამართლე ძალიან კვალიფიციურია, კარგად წერს და ასაბუთებს გადაწყვეტილებას, მაგრამ სასამართლო პროცესზე მისი ქცევა არ იმსახურებს დადებით განწყობას, რადგან ვერ იქცევა ისე, როგორც სასამართლოს ღირსებას შეეფერება. ჩვენ ვიცით ეს ხარვეზები და ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის ბოლოდან დაიწყება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც სტაბილურობას შემატებს სასამართლოს.
- ცხადია აღნიშნული რეფორმები ამაზე მიუთითებს, მაგრამ საინტერესოა თქვენი შეფასება: რამდენად არის უმაღლესი ხელისუფლების ნება, რომ სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი და ობიექტური იყოს?
- ვფიქრობ, ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, ვერ გახორციელდებოდა პოლიტიკური ნების გარეშე. ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ როგორ ხორციელდება წინაღობები, თუ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს ობიექტური სასამართლო. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემები აქვთ მოსამართლეებს. რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ მოსამართლეთა მსოფლიო კონფერენციებზე, მსგავსი რამ საქართველოში არც გაგვიგია. მაგალითად: დაფინანსების პრობლემები, ერთი თანამდებობიდან მეორეზე იძულებით გადაყვანა და ა.შ. იყო შემთხვევები, როცა ხელფასები შეუმცირეს მოსამართლეებს, ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, საქართველოში მსგავსი რამ არ არსებობს. ამიტომაც, ასეთ შეხვედრებზე მე ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი არის ხელისუფლების ნება. ჩვენთან ეს ყველაფერი ერთად ხორციელდება და ამიტომაც არის ეფექტური. ყველას კარგად ესმის, რომ სასამართლო სისტემა თუ ისეთივე წელში მოხრილი იქნება, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, საუბარიც ზედმეტია ევროკავშირზე და იმ მიზნებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს უნდა გამოსწორდეს და ამიტომაც არის ფაქრობრივად გამოსწორებული და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ მიზნისკენ სასამართლოს წინსვლა.
პ.ს. მინდა თქვენს მკითხველს მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო წარმატებები, მეტი სიხარული და მეტი გამარჯვებები 2012 წელს!