
რატომ გაცვალა ივანიშვილმა მექრთამე დავითაშვილი „ეროვნულ ფორუმში“?
20:20:16     26-12-2011
ოლიგარქმა ივანიშვილმა თავის ცხოვრებაში კიდევ ერთი მასშტაბური „ქველმოქმედება“ გასწია და ქართული მარგინალი ქუჩის ოპოზიცია, საახალწლოდ, დოლარების მსხვილ-მსხვილი შეკვრებით დაასაჩუქრა. ძნელი სათქმელია, მთაწმინდის სასახლის მპყრობელმა, რა პრინციპით შეარჩია ეს სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ძალები, რომელთა რეიტინგები, ცნობილი მოვლენების შემდეგ, ლამის მინუსებში გადავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ თვით მათ შორისაც ჰყავს ბიძინა მდიდარს ფავორიტები და ათვალწუნებულები.
მაგალითად, როგორც ცნობილია, იმ „ლიუბიმჩიკებს“ შორის, რომელიც ოლიგარქის რუსულ ფულს კმაყოფილებით ჩაიდებს ჯიბეში, ცნობილი მექრთამე და კარგა ხანია სახელგატეხილი ფიგურა, ოდესღაც საქართველოს გენერალურ პროკურორობაზე მეოცნებე, კობა დავითაშვილია. მართალია დავითაშვილი მთავარი პროკურორი ვერ გახდა და ვერც ქუჩის ოპოზიციის ლიდერობის მძიმე ტვირთს გაართვა სათანადოდ თავი (სხვა უფრო ქარიზმატულებმა მას მნიშვნელოვნად გადაუსწრეს), თუმცა, კარგი, მოხერხებული და ოჯახისათვის მზრუნველი მამაკაცის იმიჯი კი შეიქმნა.
ალბათ, ბევრს ახსოვს ის შემთხვევა, თუ როგორ ჩაიჯიბა დავითაშვილმა 2007 წელს, პარტიულ სიაში მოხვედრის სანაცვლოდ, ვინმე ალადინ მირზაევისაგან 20 ათასი დოლარი, თანაც ისე, რომ მისი თანაპარტიელები და პარტიის სხვა ლიდერებიც კი, საქმის კურსში არ იყვნენ. ამბობენ, სწორედ მაშინ გაირბინა ნათლიმამებს – ძიძიგურსა და დავითაშვილს შორის შავმა კატამ პირველადო. მოკლედ, ოჯახის კაცია კობა და აი, ეს თვისება დაუფასდა კიდეც: დღეს, ის თვით დიდი ქართველი ოლიგარქის მიერ პატივნაცემ პირად იქცა.
დავითაშვილით ოლიგარქი აღფრთოვანებული რომ იქნებოდა, ლოგიკურია, თუმცა, ძალიან უცნაურია ერთი დეტალი. კერძოდ, ბიძინას მიერ დაფინანსებულთა სიაში ვერ მოხვდა მიტინგების სული და გული, დიდი ამბიციების და გაქანების მქონე „ეროვნული ფორუმი“, მამულიშვილ გუბაზ სანიკიძითურთ.
სანიკიძე ერთ-ერთი იყო იმ მრავალთაგან, რომელიც ბიძინას პოლიტორბიტაზე გამოჩენისთანავე, მას ჰარი პოტერის სასახლეში ეახლა, ხოლო შემდეგ ეს სასახლე კმაყოფილი სახით დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, გუბაზის კმაყოფილება ოლიგარქმა არ გაიზიარა. ძნელი სათქმელია, რა არ მოეწონა ბიძინა მდიდარს დიდი მამულიშვილის ნაციონალისტურ იდეებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნულმა ფორუმმა მისი მაღალი და დახვეწილი გემოვნება ვერ დააკმაყოფილა.
შესაბამისად, ეს უკანასკნელი ქველმოქმედების უკვე ყბადაღებულ სიაში ვერ მოხვდა. მოკლედ, გუბაზმა, ოლიგარქის ჯიბის მოსანადირებლად. „ნავერტილე“ დავითაშვილს კონკურენცია ვერ გაუწია.
რუსული ბექგრაუნდის მილიარდერ ოლიგარქებს რას გაუგებ, ძალიან სფეციფიკური გემოვნება აქვთ და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისს ღებულობენ. არგუმენტები კი, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია. ასეა თუ ისე, გუბაზი და მისი რაზმი, ამ ეტაპზე, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, „ნავერტილე“ კობას გულის და ჯიბის გასახარად და სასარგებლოდ.